ამ დროისთვის ე.წ. დამწვრობის ცენტრში 24 პაციენტი მკურნალობს, თუმცა რამდენიმე თვეში, როდესაც ცენტრი სხვა შენობაში გადავა, მაქსიმუმ 20 პაციენტი შეძლებს მკურნალობას.
პსპ ჯგუფში შემავალმა კომპანია „ნიუ–ჰოსპიტალმა“, რომელიც 2007 წლიდან ე.წ დამწვრობის ცენტრის მეპატრონეა, მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრი, რომელიც 41 წელია ცალკე შენობაში ფუნქციონირებს, თბილისის მეხუთე საავადმყოფოში შემცირებული რაოდენობის ადგილებით გადაიტანოს.
„ახალ საავადმყოფოში ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრის პაციენტთათვის მხოლოდ ათი ადგილია გამოყოფილი, თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრს შევხვდით და 20 ადგილზე შევთანხმდით“, –ამბობს „თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის“, იგივე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ იაშვილი.
ბესიკ იაშვილი, რომელიც ცენტრს წლების მანძილზე ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ეს 20 ადგილიც არ არის საკმარისი, თუმცა იმ საავადმყოფოს გარეკვეული ნაწილი, სადაც რამდენიმე თვეში დამწვრობის ცენტრი უნდა გადავიდეს, მეტი ადგილის გამოყოფის საშუალებას არ იძლევა.
„იყო შემთხვევები, მაგალითად, ომის დროს, როდესაც ერთდროულად 30 პაციენტიც მიგვიღია. ასეთი რისკები პოტენციურად ყოველთვის არსებობს“, –ამბობს იაშვილი.
ამჟამად რამდენიმე სართულიან დამწვრობის ცენტრში– მიმღები, ბავშვთა, მოზრდილთა, რეანიმაციისა და რეკონსტრუქციის განყოფილებებია. მეხუთე საავადმყოფოში კი დამწვრობის ცენტრი ერთ სართულზე განლაგდება. ბესიკ იაშვილის თქმით, ახალ ცენტრში შეძლებისდაგვარად გამიჯნული იქნება ბავშვთა და მოზრდლთა განყოფილებები. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც მდგომარეობა ახალ ცენტრში იაშვილმა დადებითად შეაფასა.
ბესიკ იაშვილის თქმით, დამწვრობის ცენტრის პერსონალის „ოქროს ფონდიც“ არსებობს. ამ ფონდში კი ის ადამიანები შედიან, ვინც წლების მანძილზე უშუალოდ ამ სპეციალობით მუშაობენ და დამწვრობის ცენტრის პაციენტთა მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ სპეციალისტებმა სამუშაო ადგილები ახალ საავადმყოფოში უპირობოდ უნდა შეინარჩუნონ.
ხვალ, 17 მარტს, დამწვრობის ცენტრის ყველა თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურება. აღნიშნული ხელშეკრულებები ცენტრის 129 თანამშრომელს „ნიუ–ჰოსპიტალთან“ აქვს გაფორმებული.
დამწვრობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და „ნიუ–ჰოსპიტალის“ წარმომადგნელი კონსტანტინე სახვაძე ამბობს, რომ ხვალიდან ახალი სამთვიანი ხელშეკრულებები გაფორმდება ცენტრის პერსონალთან.
„17 მარტამდე ხელშეკრულებები გაფორმდება. შესაძლოა მცირე ცვლილებები მოხდეს კადრების შემცირების მხრივ, თუმცა დაუსაბუთებელი არაფერი იქნება“, –ამბობს ნიუ–ჰოსპიტალის წარმომადგენელი და დამწვრობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე სახვაძე.
დღეს ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნის მიზნით ცენტრის შენობის წინ შეიკრიბნენ და ჟურნალისტებსა და „ქრისტიან–დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიის თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ პირობა დადო, ნიუ–ჰოსპიტალსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად ჰქონდა უფლება ნიუ–ჰოსპიტალს, დამწვრობის ცენტრი სხვაგან გადაეტანა.
რა განთავსდება არსებული დამწვრობის ცენტრის შენობაში, ჯერ უცნობია. 2010 წლის სექტემბრიდან დამწვრობის ცენტრის შენობის დიდი ნაწილი გარემონტდა და ერთ და ოროთახიან ბინებად გადაკეთდა.
ნიუ–ჰოსპიტალმა, რომელიც ოფთალმოლოგიის კლინიკის მეპატრონეცაა, მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ოფთალმოლოგიის კლინიკის ერთ–ერთ შენობაში წლების მანძილზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 22 ოჯახს სწორედ დამწვრობის ცენტრის შენობაში არსებული ბინები დაუსაკუთრა.
დამწვრობის ცენტრში მცხოვრები დევნილების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ცენტრის მეპატრონე კომპანია შენობის დარჩენილ ნაწილსაც ბინებად გადაკეთებასა და შემდეგ მათ გაყიდვას აპირებს.
კომპანია ნიუ–ჰოსპიტალს პარლამენტის წევრ კახაბერ ოქრიაშვილის ძმა, ნიკოლოზ ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს.