საზოგადოება

როგორ უნდა გამოწეროს ექიმმა რეცეპტი

16 მარტი, 2011 • 1947
როგორ უნდა გამოწეროს ექიმმა რეცეპტი

26 მარტიდან მედიკამენტების გამოწერის ახალი ინსტრუქცია ამოქმედდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, რეცეპტში გარკვევით უნდა აღინიშნოს: რეცეპტის გამომწერი ექიმის სახელი, გვარი; რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და მისამართი); გამოწერის თარიღი; პაციენტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი; ექიმის ხელმოწერა, პირადი ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი. ამ მონაცემების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, რეცეპტი შესაძლებელია მოიცავდეს სხვა დამატებით ინფორმაციასაც:  პაციენტის მისამართს  და ტელეფონს, დიაგნოზს, სადაზღვევო მონაცემებს, ინფორმაციას თანაგადახდის შესახებ, რეცეპტის მოქმედების ვადას.

ამასთან, რეცეპტის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ელექტრონული რეკვიზიტები.

ფარმაცევტული პროდუქტის მიღების წესი უნდა უნდა დაიწეროს ქართულად ან პაციენტისათვის გასაგებ ენაზე, დოზის, რაოდენობის, მიღების სიხშირის და ხანგრძლივობის აღნიშვნით.

იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი თავად არის რეცეპტის გამომწერი ექიმი, ბლანკზე უთითებს  წარწერას ,,pro autore” (ავტორისათვის) ან ,,pro me” (ჩემთვის).

ქრონიკული დაავადებების არსებობისას, რეცეპტის გამოყენება შესაძლებელია  მრავალჯერადად. ასეთ შემთხვევაში, ექიმი რეცეპტზე აკეთებს ჩანაწერს – ,,ქრონიკულ ავადმყოფს”, ადგენს სამკურნალო საშუალების მოხმარების  პერიოდულობას (ყოველკვირა, ყოველთვე და ა შ.) და დიაგნოზის გათვალისწინებით რეცეპტის მოქმედების ვადას.

დაუშვებელია რეცეპტის გამოყენება რეკლამირების მიზნით, მათ შორის, ბლანკზე ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) დასახელების ან მისი განმასხვავებელი ფაქტოგრაფიული ნიშნის დატანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი