საზოგადოება

პირველკლასელთა შეფერხებული რეგისტრაცია

15 მარტი, 2011 • 1159
პირველკლასელთა შეფერხებული რეგისტრაცია

ზოგიერთი სკოლა პირველკლასელთა რეგისტრაციას ვერ ახერხებს.

წალკის რაიონის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 2011 წელს მისაღებ პირველკლასელთა მაქსიმალური რაოდენობაა 28, ამ დრომდე არავინ დარეგისტრირებულა. იგივე მდგომარეობაა მარნეულის პირველ საჯარო სკოლაში – 25 მისაღები პირველკლასელიდან რეგისტრაცია ჯერ არავის გაუვლია. განსხვავებული მდგომარეობაა თბილისის სკოლებში. 85–ე საჯარო სკოლაში მისაღები 180 პირველკლასელიდან რეგისტრაცია 50–მა გაიარა.

როგორც სკოლების დირექტორები ამბობენ, რეგისტრაციის პროცესის შეფერხება ინტერნეტის ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.

„მაგალითად, გუშინ ვერც ერთი ვერ დავარეგისტრირეთ იმის გამო, რომ ინტერნეტი არ გვქონდა, არადა, სხვანაირად ვერ ხდება მონაცემების შეტანა,“ – ამბობს გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბარში.

იმის მიუხედავად, რომ სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იზრუნა და ისინი მაგთი ფიქსის ინტერნეტით უზრუნველყო, სკოლებში მაინც ამბობენ, რომ ინტერნეტი გამართულად არ მუშაობს.

წალკის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ინტერნეტის პრობლემის გამო მათ სკოლაში მისულ პირველკლასელებს მეზობელი სოფლის სკოლის დახმარებით არეგისტრირებენ.

მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 მარტი პირველკლასელთა ერთი ნაწილის რეგისტრაციის ბოლო ვადად გამოაცხადა. პირველი მარტიდან დღემდე სკოლაში რეგისტრაცია მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისი მშობელიც იმავე სკოლაში მუშაობს, ან და ან ძმა იმავე სკოლაში სწავლობს. ყველა სხვა პირველკლასელს, ახალი წესის თანახმად, რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით შეუძლია.

განათლების სამინისტრო რეგისტრაციის ვადებში გავლის შემთხვევაში, ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქარს ნეთბუქს შეპირდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის აღნიშნული წესი არ ვრცელდება კერძო სკოლებში სწავლის მსურველებზე; თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, კერძო სკოლებში სწავლის მსურველ მოსწავლეებს სახელმწიფო 300 –ლარიანი ვაუჩერით დააფინანსებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაგვიანდა, სკოლის წარმომადგენლები ინფორმირებულნი არ არიან. თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის თქმით, ეს კითხვა სკოლის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ,  რაზეც, სკოლის დირექტორის თქმით, დიმიტრი შაშკინმა უპასუხა:  „როდესაც დავდგებით ამ საკითხის წინაშე, მაშინ გიპასუხებთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი