საზოგადოება

“მაესტროს” ჟურნალისტები კვლავ ითხოვენ, გადაბაძემ შეასრულოს დირექტორის მოვალეობა

10 თებერვალი, 2016 • 1197
“მაესტროს” ჟურნალისტები კვლავ ითხოვენ, გადაბაძემ შეასრულოს დირექტორის მოვალეობა

“მაესტროს” ჟურნალისტები არხის ყველა ტელეპროექტის სახელით განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.

“ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით”, – ნათქვამია ჟურნალისტების მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ არხის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მიეცემათ.

“კიდევ ერთხელ, “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტის [ “კონტაქტი”, “მაესტროს ფაქტორი”, “ბიზნესკონტაქტი”, “საქმიანი დილა”, “ერთი წუთი მაესტროზე”] სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას”, – აცხადებენ “მაესტროს” ჟურნალისტები.

“მაესტროს” პარტნიორთა კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბაია გადაბაძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებულია. მის ნაცვლად პარტნორთა კრებამ ამ პოზიციაზე ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა, თუმცა  საჯარო რეესტრში ჯერ არ ასახულა. “მაესტროს” წილის საკონტროლო პაკეტს გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მას შემდეგ დაეუფლა, რაც სხვა მეწილეებისაგან: გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისაგან 30% იყიდა. ამჟამად გია გაჩეჩილაძე მაესტროს 55%-ს ფლობს. რაც შეეხება წილების შესყიდვისათვის საჭირო თანხას, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს ფული მეგობარმა ირაკლი რუხაძემ ასესხა. ბაია გადაბაძის განცხადებით, ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახთან, შესაბამისად, ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული პირია. გადაბაძის თქმით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ აძლიერებს კონკურენტი ტელევიზია “მაესტროს”. ირაკლი რუხაძის განმარტებით კი, ძმებ გაჩეჩილაძეებს ფული პროცენტით ასესხა. ამასთან, რუხაძე ამტკიცებს, რომ კოტე გოგელია თვითონ სთავაზობდა საკუთარი წილების გაყიდვასაც, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო არეულობა ტელეკომპანიაში. ამ ინფორმაციას მაკა ასათიანის და კოტე გოგელიას წარმომადგენელი უარყოფს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი