საზოგადოება

დელფინები საჩუქრად

25 თებერვალი, 2011 • 1468
დელფინები საჩუქრად

დელფინები კონტეინერებით შეიყვანეს დელფინარიუმში
დელფინები კონტეინერებით შეიყვანეს დელფინარიუმში

ბათუმის მერიას დელფინები საქველმოქმედო ორგანიზაციამ აჩუქა. დელფინარიუმის ადმინისტრაციაში არ უარყოფენ, რომ ახალი დელფინების გარდა, დელფინარიუმში წითელ წიგნში შეტანილი შავი ზღვის აფალინებიც ბინადრობენ, რომელთა არსებობასაც რამდენიმე თვის წინ ადმინისტრაცია და ქალაქის მერია კატეგორიულად უარყოფნდნენ. 

“შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის” ხელმძღვანელის, ნატო ზოიძის თქმით,  25 თებერვალს, დილით, იაპონიიდან ბათუმის დელფინარიუმში ჩამოიყვანეს აფალინას სახეობის შვიდი დელფინი. დელფინები  საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “ქართუმ” აჩუქა ბათუმის მერიას. ზოიძის განცხადებით, დელფინარიუმი მაისში გაიხსნება და საზაფხულოდ უკვე ატრაქციონებიც მოეწყობა.

დელფინები ადამიანებთან შეჩვეულები არიან და მათ გაწვრთნას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება. დელფინარიუმს ატრაქციონებთან ერთად სამეცნიერო დატვირთვაც ექნება: “ჩვენ მალე გავაფორმებთ ილიას უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები და მეცნიერთანამშრომლები ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებებს განახორციელებენ. გვექნება მუშაობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო კუთხით”.

რაც შეეხება ბათუმის დელფინარიუმში შავ ზღვაში უკანონოდ დაჭერილი დელფინების არსებობას, რასაც გაზეთმა “ბათუმელებმა” 2010 წლის #28-ში საგამოძიებო სტატია მიუძღვნა, დირექტორმა მათი დელფინარიუმში არსებობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული დელფინები არიან. ზოიძის თქმით, საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილი შავი ზღვის აფალინები ბათუმის დელფინარიუმში რეაბილიტაციას გადიან და მათ შოუსთვის არ გამოიყენებენ: “როგორც კი დავფუძნდით, გარემოს დაცვის სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის კურსში. მივწერეთ, რომ გვაქვს იმ სტანდარტების დელფინარიუმი, რომელშიც თავისუფლად შეიძლებოდა დელფინების რეაბილიტაცია. შესაბამისად, თუკი იქნებოდა დელფინების გამორიყვის ფაქტები, ჩვენ შეგვეძლო მათთვის გვემკურნალა და გამოგვეჯანსაღებინა. ბუნებრივია, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. გამორიყული დელფინების მიღება-ჩაბარების მომენტებს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მათ გაეწიათ რეაბილიტაცია. არის კიდევ რაღაც პროცედურები ჩასატარებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შოუსთვის უნდა გამოვიყენოთ”.  

დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია დელფინარიუმში დელფინების არსებობას კატეგორიულად უარყოფდნენ. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია. “ბათუმელების” სტატიაში – “ბათუმის დელფინარიუმის საიდუმლო”, წყაროებსა და ვიდეოკადრებზე დაყრდნობით აღნიშნული იყო, რომ დელფინარიუმში მყოფი დელფინები შავი ზღვის აფალინას სახეობას განეკუთვნებოდნენ, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო (CITES-ის, CMS-ის და  ACCOBAM) კონვენცია იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი