27 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 71 წელი გავიდა.
სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება.
ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.
2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. ამავე რეზოლუციით დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით