საზოგადოება

მისტერ აჭარა თავს მოტყუებულად მიიჩნევს

17 დეკემბერი, 2010 • 2339
მისტერ აჭარა თავს მოტყუებულად მიიჩნევს

“მისტერ აჭარას” გამარჯვებული პრიზის გარეშე დარჩა. კონკურსანტები თავს მოტყუებულად მიიჩნევენ, კონკურსის ორგანიზატორი კი მათ პრეტენზიებს არ ეთანხმება და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მათ შოუბიზნესში დასაქმებული მეგობრებით ემუქრება. “მისტერ აჭარა” წელს პირველად გაიმართა.

11 დეკემბერს კლუბ “სუბლიმე”-ში გაიმართა კონკ­ურსი _ “მისტერ აჭარა”. კონკურსანტების თქმით, გამარჯვებულს უნდა მიეღო– 5000 ლარი, მანქანა და ორკაციანი საგზური პარიზში.

“მისტერ აჭარა” 20 წლის ნოდარ ასანიძე გახდა. გამარჯვებულთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულებს, კონკურსის ხუთი მონაწილე (რობერტ ოგეინსი, მირზა სურმანიძე, ირაკლი გურგენიძე _ მისტერ ინტელექტი, კარენ მარტერასიანი, ტატო პატარიძე, ჯოვანი ჟღენტი _ ჟიურის თავმჯდომარის, დათუნა სულიკაშვილის რჩეული) და ჟიურის ერთ-ერთი წევრი, გოგა ხაჯიშვილი დაგვხვდნენ. მათ გვითხრეს, რომ ისინი მოატყუეს.

“მისტერ აჭარას” კონკურსანტების თქმით, კასტინგზე მისვლისთანავე იცოდნენ, რომ რაღაც საჩუქარს ყველა მიიღებდა, “მისტერ აჭარას” კი ფულადი პრიზი _ 5000 ლარი ერგებოდა. კონკურსის დაწყებამდე სამი წუთით ადრე კი მონაწილეებს განუცხადეს, რომ ყველა პრიზი გაუქმდა, გარდა საგზურებისა.

“ვიცოდით, რომ იყვნენ სპონსორები, მაღაზიათა ქსელები, რომლებიც გვიჭერდნენ მხარს და პრიზებს გადასცემდნენ ყველა მონაწილეს. “კონვერსი” გვაჯილდოვებდა კედებით, “ლუტეცია” _ სუნამოებით, ტანსაცმლის მაღაზიები სამოსით და ა.შ. ჟიურის თავმჯდომარემ, დათუნა სულიკაშვილმა, იქვე მოიფიქრა თავისი პრიზი _ 1000-ლარიანი ვაუჩერი და თავის სამ ფავორიტს გადასცა. “მისტერ აჭარის” ჯილდო კი (საგანგებოდ დამზადებული სტატუა), რომელიც ბაჯაღლოსგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, სპილენძის აღმოჩნდა და ფერი გადაუვიდა სახლში მისვლამდე”.

მონაწილეებმა ასევე იცოდნენ, რომ “მისტერ აჭარა” ავტომატურად მოხვდებოდა “მისტერ საქართველოზე”. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ჩვეულებრივი კონკურსანტის უფლებებით ისარგებლებს.

მონაწილეებთან გაფორმებული იყო კონტრაქტი, რომლის მიხედვით, თუ მონაწილე გადაიფიქრებდა კონკ­ურსში მონაწილეობას, მას 10000 ლარით დააჯარიმებდნენ. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი მარტო მათ ვალდებულებებს ითვალისწინებდა და არაფერი იყო ნათქვამი ორგანიზატორების მოვალეობებზე.

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გოგა ხაჯიშვილის თქმით, კონკურსის ორგანიზატორმა, ვალერი მეგენეიშვილმა ჟიურის წევრებს კონკურსის წინ განუცხადა, რომ მისი ფავორიტი იყო მეშვიდე ნომერი, ზურა თავართქილაძე, რომელიც პირველი ვიცე-მისტერ აჭარა გახდა. ამან მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია. “ითქვა, თითქოს ხუთეული მე დავაკომპლექტე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჟიურის წევრი ვიყავი და მქონდა აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ საკუთარი აზრი არავისთვის მომიხვევია. ვფიქრობ, საკუთარ ფავორიტებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ არის მისაღები. კონკურსის შემდეგ კი ჩემს ფავორიტს, ზურა დუმბაძეს გადავეცი საკუთარი სალონის მომსახურების უფასო აბონემენტი”, _ ამბობს გოგა ხაჯიშვილი.

ვალერი მეგენეიშვილი კი ამბობს, რომ 5000-ლარიან პრიზს აწესებდა ადამიანი, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურია და ეს პრიზი არა “მისტერ აჭარას”, არამედ ანონიმი სპონსორის ფავორიტს უნდა მიეღო. თუ რატომ გადაიფიქრა მან ფავორიტის დასახელება, ამაზე ორგანიზატორი არ საუბრობს. საგზური კი ერთ ადამიანზე, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტზე იყო დაწესებული და არა რამდენიმეზე: “კონკურსს სპონსორი არ ჰყოლია. 5000 უნდა გაეღო პირს, რომელმაც გადაიფიქრა და კონკურსანტების ნაწილს ვაცნობე ამის შესახებ. ყველასთვის რატომ უნდა მეთქვა, პრიზი კონკრეტულად ერთ ადამიანზე იყო და რა აზრი ჰქონდა ყველა კონკურსანტისთვის თქმას. ეს პრიზი არ იყო განკუთვნილი პირველ ადგილზე გასულისთვის და არც “მისტერ აჭარასთვის”, შეიძლება ხუთეულში ვერც მოხვედრილიყო ეს ადამიანი. კონტრაქტში ფულადი პრიზი ნახსენები არ იყო” .

რაც შეეხება ბაჯაღლოსგან დამზადებულ მთავარ პრიზს, ვალერი მეგენეიშვილის თქმით, ბაჯაღლოს პრიზს “მისტერ აჭარას” კი არა, “მისტერ სამყაროსაც” არ აძლევენ _ “როგორც ვიცი, ასეთი პრიზები  ბაჯაღლოს წყალშია ამოვლებული. მე იუველირი არა ვარ, მაგრამ ბაჯაღლო რომ არის გამოყენებული ელემენტებში, ეს ზუსტად ვიცი. მონაწილეები ბავშვები არიან, პირველად მიიღეს კონკურსში მონაწილეობა და არც იციან, რამხელა რაღაცა გაკეთდა”.

ვალერი მეგენეიშვილი ამბობს, რომ “მისტერ საქართველოზე” ავტომატურად ვერავინ მოხვდება და მონაწილეებს მხოლოდ კონკურსზე წარდგინებას დაჰპირდა _ “ბევრს თუ ილაპარაკებენ ბიჭები და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან ხალხს, ვპირდები, რომ არსად არ გამოჩნდებიან, ქართულ შოუბიზნესში ბევრი მეგობარი მყავს… “

კონკურსის მონაწილეები დანებებას არ აპირებენ _ “მოტყუებულები და იმედგაცრუებულები ვართ, მოვითხოვთ გადმოგვცენ რაც გვერგება. ყველაფერს მოვიმოქმედებთ ჩვენი უფლებების დასაცავად. ჩვენთვის სულ ერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა, ვმეგობრობთ და მხარში დავუდგებით ნოდარს. თუ დავისჯებით, ყველა ერთად დავისჯებით. ვინც დათუნა სულიკაშვილის პრიზი მიიღო, იმას გაუმართლა, მისტერ აჭარას მხოლოდ დაზიანებული სტატუა შეხვდა”.

ამ კონკურსის ჟიურის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აიდა აბუსერიძეც იყვნენ.

კონკურსში _ “მისტერ  აჭარა” 16-დან 26 წლამდე ასაკის 13 ბიჭი იღებდა მონაწილეობას. ყველა მონაწილე (გარდა ერთისა) ბათუმელი იყო.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი