ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დაიწყო ეგრეთ წოდებული “მაშხალების” აფეთქება. “მაშხალებზე” მითითებულია, რომ მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის პირთათვის აკრძალულია. თუმცა მისი ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან და სხეულის დაზიანების საფრთხეც მათ ემუქრებათ. პიროტექნიკის გაყიდვის პირობებს სახელმწიფო არ აკონტროლებს.
გასულ წელს საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 13 წლის ნიკა გ-მ მარჯვენა თვალი დაკარგა; მაშხალების დაუდევრად გამოყენების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ზუგდიდში 40-მდე ოჯახი დატოვა უსახლკაროდ; მხოლოდ ერთ კლინიკას, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ასზე მეტმა დაშავებულმა მიმართა.
“ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველ წელს ხდება”, _ ამბობს ოფთალმოლოგი კახა შარაშენიძე. _ “მოუკიდებენ მაშხალას და როცა არ ფეთქდება, ახლოს მიდიან. ხშირია თვალის დაზიანების შემთხვევები, მხედველობის დროებით ან ნაწილობრივი დაკარგვა. თუ მაშხალა დიდია, შეიძლება დაგაბრმავოს. რამდენიმე წლის წინ ფოთიდან საახალწლო კონცერტზე ჩამოსულმა გოგონამ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა, დაიზიანა შუბლი და ინვალიდია. ხშირია თვალის დახურული დაზიანებები, თვალში სისხლჩაქცევა”.
საახალწლო პიროტექნიკის გამოყენება 18 წლამდე პირთათვის არ შეიძლება, მაგრამ მაშხალებს ძირითადად ბავშვები მოიხმარენ. საახალწლო პიროტექნიკა ხშირად იყიდება ბაზრობებზე და მისი შეძენა, ასაკის მიუხედავად, ყველას შეუძლია.
ერთი შეხედვით უწყინარი მაშხალები არც თუ ისე უსაფრთხოა. ნატო დიდმანიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საახალწლო პიროტექნიკის ქიმიური შემადგენლობა უსაფრთხო არ არის, რადგან მასში ცეცხლსაშიში ნივთიერებებია და დეტონაციაციამ, ხელიდან გავარდნამ, ძირს დაგდებამაც კი შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.
“საახალწლო პიროტექნიკის შემადგენლობაში შედის დენთი, ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც ძლიერი დამჟანგავები ემატება, რაც იწვევს დენთის აალებას. ეს შეიძლება იყოს კალიუმის ნიტრატი ან კალიუმის გვარჯილა, ფოსფორი, გოგირდი… გარდა ამისა, მასში შედის მეტალის მარილები, რაც ფერად რეაქციებს იწვევს, ასევე ლეტალი, რომელიც ფხვნილის სახით არის დამატებული და ნაპერწკალს წარმოქმნის. არის რკინის, ალუმინის ოქსიდები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკურობის თვალსაზრისით უსაფრთხოა, მაგრამ ეს ნივთიერებები აალებადია და არ შეიძლება ბავშვებმა მშობლების მეთვალყურეობის გარეშე გამოიყენონ; არ შეიძლება ერთმანეთს მაშხალებს უფეთქებდნენ ფეხებში და უდებდნენ ჯიბეში”, _ ამბობს ნატო დიდმანიძე.
სახელმწიფო საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის პირობებს არ აკონტროლებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კანონი არ შეცვლილა.
მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, გასულ წელს საგანგებოდ სწავლობდა საახალწლო პიროტექნიკის რეალიზაციის პირობებს. იგი სახელმწიფოს მხრიდან მსგავს პროდუქციაზე კონტროლის უქონლობასა და კანონის დარღვევაზე საუბრობს: “საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონით, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, ანუ უსაფრთხოების რა ზომები უნდა გაითვალისწინო, რა ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, საახალწლო პიროტექნიკაზე ინფორმაცია, ძირითადად, უცხო ენაზეა. თუმცა, კანონი მოითხოვს, რომ ინფორმაცია პროდუქტზე ქართულ ენაზე იყოს მითითებული. კონსტიტუციური ენა ქართულია და მომხმარებელი არ არის ვალდებული, უცხო ენა იცოდეს.
თითქმის ყველა საახალწლო პიროტექნიკაზე მითითებულია, რომ იგი უნდა მიეყიდოს 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს, თუმცა მაშხალები სკოლის მოსწავლეების ხელშიც გვინახავს და ბაღის ბავშვების ხელშიაც კი. ამიტომაც მოხდა ბევრი ტრაგიკული შემთხვევა. მივიჩნევ, რომ მოთხოვნები რეალიზატორების მიმართ ძალიან უნდა გამკაცრდეს. მათ უნდა დაიცვან ასაკობრივი ზღვარი და არ მიყიდონ პიროტექნიკა ბავშვებს.
სამწუხაროდ, არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს ამგვარი პროდუქტის რეალიზაციაზე”.