საზოგადოება

ლანჩხუთში მცხოვრებმა წყვილმა ჯეკპოტი -1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო

2 დეკემბერი, 2015 • 2439
ლანჩხუთში მცხოვრებმა წყვილმა ჯეკპოტი -1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ლატარიის კომპანიით გათამაშებული ჯეკპოტი – 1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო.

მომგებიანი ბილეთი კომპანიაში 29 წლის ნუგზარ ბედინაძემ წარადგინა, ლატარიის კომპანიაში ამბობენ, რომ ბილეთმა წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა და ნუგზარ ბედინაძის ანგარიშზე, ბანკში, ორი კვირის განმავლობაში ჩაირიცხება მოგებული თანხა.

ლოტოს მომგებიანი ბილეთი ნუგზარის ცოლმა, 24 წლის თეონა ვაშაყმაძემ შეიძინა ბათუმში მდებარე ჯიხურში. „პარასკევი იყო, შევიძინე ბილეთი და იღბლიანი აღმოჩნდა. ფეხმძიმედ ვიყავი, ცოტა ცუდად გავხდი, ძალიან განვიცადე, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის. მეორე დღეს შემეძინა შვილი, საბა“ – ამბობს თეონა.

ნუგზარ ბედინაძე ამბობს, რომ სოფელში მყოფს მეუღლემ დაურეკა და ჯეკპოტის მოგება ახარა: „ფეიერვერკი, რომელიც შვილის დაბადებისთვის მქონდა ნაყიდი, გავუშვი. მეზობლები მეძახდნენ რა შეგეძინაო, დაბნეული ვიყავი ძალიან.“

მოგებული თანხით წყვილი პირველ რიგში ბინის შეძენას გეგმავს ბათუმში.

ბილეთი იღბლიანი არა მხოლოდ ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის, არამედ იმ ჯიხურის გამყიდველისთვისაც აღმოჩნდა, სადაც თეონა ვაშაყმაძემ ბილეთი შეიძინა. ჟუჟუნა ანთაძე კომპანიისგან საჩუქრად ჯეკპოტის 2 პროცენტს, 24 ათასზე მეტ ლარს მიიღებს.

საქართველოს ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯერი ანა იასაშვილი ამბობს, რომ ჯამში ლატარიის კომპანიას მოგების სახით 92 მილიონამდე ლარი აქვს გაცემული. გათამაშებული ჯეკპოტებიდან კი, ყველაზე ბევრი 4 მილიონ 400 ათასი ლარი იყო, რომელიც ზამირა თორდინავამ მოიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი