„ბიბლუსი“ გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნის ეგზემპლარების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა:
“ბიბლუსის გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა. ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა. აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ. ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, დაზიანებულ წიგნებს გაყიდვიდან ამოიღებენ.
მომხდარს “სულაკაურის გამომცემლობაც” ეხმიანება, ისინი აცხადებენ, რომ ეს ქმედება შეიძლება ცენზურის წამახალისებელი იყოს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანებას „ბიბლუსის” მაღაზიაში. მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება”, -ვკითხულობთ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.
