დღეს, 21 ივლისს, ელისო კილაძის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართა. პროცესი კვლავ მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულ რეჟიმში გრძელდება.

როგორც ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, ყოველი სხდომის დაწყებისთანავე, ბრალდებული ელისო კილაძე და ადვოკატები აყენებენ სხდომის გახსნის შესახებ შუამდგომლობას, თუმცა პროკურატურისა და სასამართლოს პასუხი მათ მოთხოვნაზე ჯერჯერობით უცვლელია — „საქმის მასალები შეიცავს ინფორმაციას ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან დაკავშირებით“. გარდა ამისა, არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, მათ შორის, სასამართლოში დაკითხვის წინ.

სხდომაზე დღეს ქოლ-ცენტრების 2 ყოფილი თანამშრომელი დაკითხეს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი დასაქმებული იყო თაღლითურ ქოლ-ცენტრში, რომელთან მიმართებითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავებიან ელისო კილაძეს.

პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ორ სხვადასხვა ქოლ-ცენტრში ჰყავს ნანახი ელისო კილაძე.

ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ადვოკატი ნათია კორკოტაძეც და განმარტავს, რომ ელისო კილაძეს ჰქონდა იმ შენობაში ოფისი სხვა სართულზე, სადაც ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული და მისი დანახვა იქ არაფერს ნიშნავს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც ამხელდა (ქოლ-ცენტრებს) და სამართალდამცველებს აწვდიდა ინფორმაციას, რომ სცოდნოდა, რომ მის თავზე ე.წ. ქოლ-ცენტრი მდებარეობდა, არ ამხელდა დანაშაულში რომელიმეს?“ — ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი აზუსტებს, რომ მეორე მოწმეს ელისო კილაძე საერთოდ არ უხსენებია და მასთან არც ადვოკატებს, არც თავად ბრალდებულს კითხვები ფაქტობრივად არც ჰქონიათ.

ნათია კორკოტაძე იხსენებს წინა სხდომიდან ბრალდების მთავარი მოწმის, თორნიკე ჯანელიძის ჩვენებასაც, რომელმაც, მისი შეფასებით, ელისო კილაძის სასარგებლო ჩვენება მისცა სასამართლოს.


„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მისი საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად განიხილება. კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა.

ელისო კილაძეს დაკავებიდან შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების, მიმოწერისა და შეხვედრების უფლება. ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე. ადვოკატების თქმით, სხდომების დახურვით, ელისო კილაძეს არათუ კომუნიკაცია, თავის მართლებაც კი აკრძალული აქვს.