„იმიტომ, რომ შემიძლია“, — ასე პასუხობს 34 წლის უკრაინელი სერჰი ვლასოვი კითხვას, თუ რატომ დაუბრუნდა სამხედრო საქმეს მას შემდეგ, რაც ომში ორივე ფეხი დაკარგა.
მცირე პაუზის შემდეგ კი დასძენს: „ჩემი ყველა მეგობარი და თანამებრძოლი ჯარშია. თუ ვინმე ჩემი მეგობრების სიიდან არ დაღუპულა, ჯარშია“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომში დაჭრილების 70 პროცენტზე მეტი სამხედრო სამსახურში ბრუნდება.
„პირველი საბრძოლო გამოცდილება 2014 წელს ყირიმში მივიღე. შემდეგ იყო ანტიტერორისტული ოპერაცია დონბასში. არმია 2019 წელს დავტოვე, თუმცა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დავბრუნდი. ვმონაწილეობდი კიევის, ხარკოვის, ხერსონის ოპერაციებში… ქალაქ კრემინასთან სერებრიანსკის დიდი ტყეა, იქ დავშავდი დრონიდან ჩამოგდებული ჭურვით“, — უყვება „ნეტგაზეთს“ სერჰი ვლასოვი.
ექიმებმა მას უთხრეს, რომ ძლიერი ინფექცია შეეჭრა და კიდურების ამპუტაციას საჭიროებდა. ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, თავის საპოლიციო ბრიგადაში FPV დრონების ინჟინრად დაბრუნდა, შემდეგ კი მშობლიურ ლვოვში, რიგით პოლიციელად გადავიდა.
სერჰი ფიქრობს, რომ ყველაზე რთული დრო უკრაინისთვის უკან მორჩა — უკრაინა დღითიდღე ძლიერდება, რუსეთი კი სუსტდება:
„მაგრამ რუსეთს მეტი ხალხი ჰყავს. მათ შეუძლიათ გააგრძელონ შეტევა კიდევ ორი ან სამი წელი, მაგრამ ეს წლები უკრაინისთვის უფრო მსუბუქი იქნება…
იცით, როცა ადამიანი ხედავს დანაშაულს და არაფერს ან ცოტას აკეთებს მის შესაჩერებლად, ესეც დანაშაულია. შესაძლოა, ომის დასაწყისში ბევრი სათქმელი მქონდა მსოფლიოსთვის, ხოლო ახლა სათქმელი არაფერი მაქვს. მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინელები მაშინ ველოდით, როდესაც ძალიან გვჭირდებოდა, არ მიგვიღია. ახლა მხარდაჭერა კარგია, მადლობა, მაგრამ ადრე იყო საჭირო“, — ამბობს სერჰი.
სერჰი ვლასოვი, სხვა უკრაინელ ვეტერანებთან ერთად, წელს ბრიუსელის ყოველწლიურ მარათონში მონაწილეობდა.
სპორტის გზით რეაბილიტაცია აირჩია ოლექსი ნეროვნიამაც, უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ჯარების 25-ე ბრიგადის ვეტერანმა, რომელიც 2024 წელს, ავდიივკის მიმართულებაზე შტურმის დროს დაიჭრა და ფეხი დაკარგა.
„გავიარე ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია, რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. პროთეზის გაკეთებისა და ფეხზე დადგომის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ბრიგადაში და ისევ მოვაწერე ხელი კონტრაქტს.
ამ მომენტში შსს-ში ვმსახურობ და ვეტერანებს სპორტით რეაბილიტაციაში ვეხმარები. მქონდა მძიმე მომენტები ცხოვრებაში, ოჯახშიც, მაგრამ საკუთარი თავი სპორტში ვიპოვე. ის მეხმარება ფეხზე დადგომაში, განვითარებასა და წინსვლაში. ვეტერანებს შორის უკვე 10 პროფესიული ორთაბრძოლა ჩავატარე კრივში“, — ამბობს ოლექსი.
იგი ბავშვობიდან სპორტით არის დაკავებული, თუმცა მარათონში მონაწილეობა პირველად მიიღო.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ ხალხის გვერდით ყოფნა, ვინც თითოეული რაღაც მოტივაციით დარბის, და მეჩვენებინა, რომ ჩვენ, გაუტეხელ ვეტერანებს, შეგვიძლია პროთეზებზეც კი დავძლიოთ ასეთი გამოწვევა. თუმცა ეს ძალიან რთულია“, — დასძინა მან.
ოლექსის მსგავსად, სპორტით არის დაკავებული და 2025 წელს საბერძნეთში გამართულ, „სპარტანული ტრიფექტის“ მსოფლიო ჩემპიონატზე პარა-რბოლის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ლვოვის რაზმის მესაზღვრემ, ვლადისლავ ჩეჩურმა.
ის სამხედრო მედიკოსია. 2023 წელს, ბახმუტში შტურმის დროს ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებას უწევდა, როდესაც ჭურვი ჩამოვარდა. აფეთქდა მანქანა, რომლითაც ევაკუაცია უნდა მომხდარიყო და დაჭრილების გამოყვანა გაჭიანურდა, შედეგად მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
„ამის დაგვიანების გამო, ნამსხვრევების გამო, ჭრილობის გამო, ხელზე მქონდა ტურნიკეტი, რომლის მოხსნაც უკვე აღარავის უნდოდა, რადგან დაჭრიდან ძალიან დიდი დრო იყო გასული. შემდეგ მოვხვდი რეაბილიტაციის ცენტრ Superhumans-ში. პროთეზირების შემდეგ კი დავბრუნდი სამხედრო სამსახურში. ახლა ჩემი აქტივობის დიდი ნაწილი მიმართულია სპორტზე და რეაბილიტაციაზე სპორტის მეშვეობით. მიზანი მაქვს, რომ მწვრთნელი გავხდე. ასევე, ვმუშაობ „ტოიოტა ცენტრში“, — ამბობს ვლადისლავი.
მას სურს, უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ტყვეები სახლში დაბრუნდნენ, თუმცა ამბობს, რომ არა – სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის ტერიტორიების დათმობების ხარჯზე:
„ძალიან ბევრი ბიჭი დაიღუპა ამ ტერიტორიებზე. ეს იქნება არასწორი, ეს იქნება მათდამი უპატივცემულობა. თუ საუბარია მოლაპარაკებებზე, ომის შეწყვეტაზე, მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის ყველა ტერიტორია დაბრუნდება, ყირიმის ჩათვლით“, – ამბობს 24 წლის ვეტერანი.
კიევი, როგორც წესი, არ აქვეყნებს სტატისტიკას ომში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ. თუმცა, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ერთი წლის წინ დასახელებული მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან 45 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 400 ათასამდე დაიჭრა.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
