2025 წელს ტრანსნაციონალური რეპრესიების განმახორციელებელ მთავრობათა ჯგუფს საქართველო შეემატა.

ამის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ტრანსნაციონალური რეპრესიების მონიტორინგის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

Freedom House-ს თანახმად, გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებმა თავიანთი საზღვრების მიღმა მყოფი კრიტიკოსების მკვლელობები, მათზე თავდასხმები, გატაცებები, მუქარა და შევიწროება განახორციელეს.

Freedom House-მა 2025 წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რითაც ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში არსებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ (რომელიც 2014-დან 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს) 1,375-ს მიაღწია.

Freedom House-ს თანახმად, 2025 წელს დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში მოთანამშრომლე ავტოკრატებს ეკისრებათ.

„რეპრესიების განმახორციელებელ მთავრობათა ჯგუფი გაფართოვდა. გამოვლინდა ექვსი ახალი სახელმწიფო — ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, — რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებდნენ. 2025 წლის მონაცემებით, სულ მცირე 54-მა მთავრობამ, ანუ მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტმა, სცადა საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტების გაჩუმება“, – აღნიშნულია Freedom House-ს ანგარიშში.

როგორც Freedom House-ს ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს დოკუმენტირებული ტრანსნაციონალური რეპრესიების ყველაზე გავრცელებულ ტაქტიკას დაკავება წარმოადგენდა (49 შემთხვევა). მას მცირედით ჩამორჩებოდა უკანონო დეპორტაცია (48 შემთხვევა).

„დაკავების ან უკანონო დეპორტაციის სულ მცირე 11 შემთხვევაში, რეპრესიების განმახორციელებელმა მთავრობებმა შეძლეს ინტერპოლის შეტყობინებების გამოყენება დევნილი დისიდენტების წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის რეფორმებს ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია წევრი მთავრობებისთვის ხელმისაწვდომი ბოროტად გამოყენების გზები.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსნაციონალური რეპრესიების შემთხვევები კვლავ გრძელდება, ამ საფრთხის შესახებ ცნობიერება საგრძნობლად გაიზარდა დემოკრატიულ მთავრობებსა და მრავალმხრივ ფორუმებზე. ბევრმა მთავრობამ გააძლიერა საზოგადოებრივი კომუნიკაცია მოწყვლად თემებთან და დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს გაფრთხილებებისა და დამცავი ზომების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, ყველა დევნილმა დისიდენტმა ვერ ჰპოვა ეფექტური დაცვა საზღვარგარეთ გადასახლების შემდეგ; მთავრობები კვლავ უწყობენ ხელს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს თავიანთი საიმიგრაციო სისტემების ხარვეზების მეშვეობით და, საფრთხის მიუხედავად, აბრუნებენ დევნილ აქტივისტებსა და დისიდენტებს მათ წარმოშობის ქვეყნებში“, – ნათქვამია Freedom House-ს ანგარიშში.