გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა 3 აპრილის სინოდის სხდომის განჩინება, რომელსაც „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა, ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად.

სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია.

მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:

  • საპატრიარქო კანდიდატების (სამი კანდიდატი) გამორჩევის წესი  — სამუშაო ვერსია;
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები — სამუშაო ვერსია;
  • დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.

საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს წმინდა სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა.

წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:

  • წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოვლინდეს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:

  • ხმის დამთვლელი კომისია: კომისიის თავმჯდომარე — ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე.
  • სამანდატო კომისია: კომისიის თავმჯდომარე — ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. კომისიის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე.
  • სარედაქციო კომისია: კომისიის თავმჯდომარე — გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. კომისიის წევრები: ჭყონდიდისა და ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად“.