3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც ცნობილია, შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ამ საკითხზე ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მანაც გაიზიარა.
შვეიცარიის საგარეო უწყების თანახმად, აღნიშნული ზომა წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას და ძალაში დარჩება 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს სხვა მოქალაქეებს ეს ცვლილება არ ეხება.
“ევროკავშირმა ახლახან გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებით შემოიღოს სავიზო მოთხოვნები ახალი საფუძვლებით. ეს მოიცავს მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ეს ახალი დებულებები საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოში გასულ წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაყრდნობით, ევროკავშირმა 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს.
ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის ასახვის ვალდებულებაც შვეიცარიას აქვს. ეს ნაბიჯი გულისხმობს შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას. გარდა ამისა, ჩერდება შვეიცარიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი, რომლებიც ვიზების გაცემის გამარტივებას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში.
