ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად საპატიმროში დარჩენა არჩია.
2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თავად ხოშტარიამ ბოლო წერილებში კატეგორიულად აკრძალა ნებისმიერი მოლაპარაკება მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან ამას რეჟიმთან გარიგებად მიიჩნევს.
ელენე ხოშტარიამ ბანერზე წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
