ფრაგმენტები განათლების მინისტრის სიტყვიდან, რომლითაც მან დღეს სამინისტროში შეკრებილ სკოლის დირექტორებს მიმართა:
„თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით!“
ამ სიტყვებით განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებს ახალი გადაწყვეტილება აცნობა, რომლის მიხედვითაც, სპორტული მოედნების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას გადაეცემა. აქამდე სპორტული მოედნების მოწყობისთვის ტენდერს სამინისტრო აცხადებდა და, შესაბამისად, თავად არჩევდა გამარჯვებულ კომპანიას. შაშკინის თქმით, კერძო კომპანიების ნაწილმა მოედნების მოწყობა ვერ შეძლეს, ნაწილმა – თანხა უკან დააბრუნა. ამის გამო მოედნების მოწყობა ყველა სკოლაში ვერ მოხერხდა.
შაშკინმა შეხვედრაზე დირექტორებს აუხსნა, რომ სამინისტრო ამ საქმეს სკოლებს გადააბარებს: ,,სამინისტრო გადასცემს სკოლას ამ ფულს, სკოლა გააკეთებს, თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით! თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხზე, თქვენ მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ. ვიცი, ბევრს მოეწეონება, ბევრს არ მოეოწონება. მირჩევნია, რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სისხლს დავლევ! თითო სანტიმეტრს დავუთვლი’’ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. დიმიტრი შაშკინი – “თქვენ სისხლს დავლევ” by netgazetige
,,ამ სკოლების დირექტორები დასაჭერები იყვნენ! მივქარე, რომ ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანე!“
ასე გამოეხმაურა შაშკინი სკოლა–პანსიონების დახურვის თემას: „ისინი (სკოლა–პანსიონების დირექტორები) დასაჭერები იყვნენ იმიტომ, რომ იქ მიდიოდა ბავშვების წამება.“ შაშკინმა აღნიშნული სკოლა–პანსიონების აღსაზრდელებზეც ისაუბრა: „შხაპს იღებდნენ თვეში ერთხელ, ტილები, ჭუჭყიანები… ასეთი სპეცსკოლები გვინდოდა? კი, მე დავხურე და დავხურავ კიდეც ნებისმიერ ასეთ სკოლას, რომელიც ასეთ რაღაცას გააკეთებს“ – განცხადა შაშკინმა. დიმიტრი შაშკინი – “ეს ხალხი დასაჭერი იყო” by netgazetige
„ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!’’
შაშკინის ეს მუქარა უკვე კერძო სკოლების დირექტორების მისამართით გაისმა.
მისივე განმარტებით, ბევრმა არ იცის, რომ სახელმწიფო კერძო სკოლებისთვის 20 მილიონ ლარს ხარჯავს. ეს ამ სკოლებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების თანხაა.
,,საუბარი იმაზე, რომ, თითქოს, კერძო სკოლაში დადიან იმიტომ, რომ არ ისწავლონ, მომავალი წლიდან… მოვიცალე, რაღაც-რაღაცეები დავამთავრე და მოვიცალე ახლა კერძო სკოლებისთვის. ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ! დიმიტრი შაშკინი – “ყელიდან ამოვუღებ” by netgazetige
,,ვისაც სურვილი აქვს, რომ გახდეს დირექტორი, მას მომავალში გამოცდის ჩაბარება მოუწევს“ –
ეს ინფორმაცია შაშკინმა მუქარების შემდეგ აუწყა საჯარო სკოლების დირექტორებს. თუმცა, მანამდე ერთი „აღიარებითი ჩვენებაც“ მისცა: ,,ვაღიარებ, პროვოკაციაზე მივდიოდი’’ – თქვა შაშკინმა და იქვე განმარტა, რა პროვოკაციაზე იყო საუბარი: ,,ვაღიარებ, ვაგზავნიდი ბავშვს, რომელიც მიდიოდა, რომ ამ სასწავლებელში (პროფესიულ სასწავლებელში) დაეწყო სწავლა. ეუბნებოდნენ, რომ ადგილი არ გვაქვს, მაქვს მხოლოდ ფასიანი ადგილი, აი, გადაიხადე… მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნახევარ მილიონს, ზოგი 600 ათასს იღებდა წელიწადში’’. ამიტომ, შაშკინის თქმით, სამინისტრომ მიიღო პროფესიული კოლეჯების გაუქმების გადაწყვეტილება: საქართველოში 42 პროფესიული სასწავლებელი იყო, აქედან 15 სამინისტრომ დახურა, თუმცა 8–დან 25 ათასამდე გაზარდა მისაღებ მოსწავლეთა ლიმიტი. დიმიტრი შაშკინი დირექტორების გამოცდებზე by netgazetige