საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მრევლს სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა მხოლოდ 22 მარტის 02:00 საათამდე შეეძლება. ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე ტაძარი დაიკეტება “რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა დაკრძალვის ცერემონიისათვის”. დილის 08:00 საათიდან ტაძარი გაიღება, თუმცა შესვლა მხოლოდ საგანგებო საშვის მქონე პირებს შეეძლებათ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას.

“მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია”, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება დღის განრიგს:
  • 09:00 საათი – დაიწყება წირვა, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად;
  • 12:15 საათი – ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას;
  • 15:00 საათი –  მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გვიან ღამით ის ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.