დასრულდა სასამართლოში მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმის განხილვა, რომელიც თითქმის 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა.
31 ივლისის ღამეს ყოფილმა ფეხბურთელმა, „ოცნების“ მხარდამჭერმა ბექა გოცირიძემ კახა კალაძის წინასაარჩევნო ღონისძიებიდან რუსთაველზე ჩამოიარა, დემონსტრანტების მიმართ გინებითა და შეურაცხყოფით, რასაც შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. შემთხვევა პროკურატურამ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობად დააკვალიფიცირა. ამის შედეგია, რომ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა, გოცირიძეზე სწორედ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, 16 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მთავარმა მოწმემ, დაზარალებულად ცნობილმა და აწ გარდაცვლილმა ბექა გოცირიძემ მომხდარი სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავადვე აღწერა, როგორც რიგითი, ორმხრივი შელაპარაკება.
ბექა გოცირიძეს არ უარუყვია თავისი წილი პასუხისმგებლობა კონფლიქტში. თქვა, რომ ნანობდა კიდეც და ჯობდა რუსთაველზე იმ ღამეს იმ ფორმით არ გაევლო; რომ არაფერი განსაკუთრებული ტკივილი არ განუცდია. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ ჰქონდა და არც მათი ციხეში ყოფნა სურდა.
„სრულიად გარიყულია პროკურატურა. დარჩენილია ერთ მხარეს. აქეთ არის ყველა მტკიცებულება და ყველა მოწმე“, — ეს უკვე არაერთხელ ითქვა სასამართლოში და განმეორდა შემაჯამებელ სხდომაზეც.
ბრალდებისა და დაცვის მხარემ 27 მარტს დასკვნითი სიტყვები თქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმაც. ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია, ფაქტობრივი მოცემულობები — დადგენილი. ყველა სათქმელი ნათქვამია, ყველა შეფასება, ყველა ინტერპრეტაცია. ჯერი მოსამართლეზეა, თუმცა როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას იგი, ამ ეტაპისთვის უცნობია. როგორც მოსამართლე ელენე გოგუაძემ დასკვნითი სიტყვების მოსმენისას განაცხადა, დარბაზში ყველა მხარე სუბიექტურია, ის არის ერთადერთი პირი, რომელსაც ობიექტური მსჯელობა და გადაწყვეტილება მოეთხოვება.
სანამ განაჩენის გამოცხადების თარიღი და შემდეგ მისი შინაარსი გახდება ცნობილი, ნეტგაზეთი გიყვებათ იმ არსებით ფაქტორებზე, რაზეც დღეს მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება. გაგახსენებთ საქმის დეტალებს და გარემოებებს, რასაც ასევე თვეების განმავლობაში გიყვებოდით მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმის შესახებ.
თორნიკე თოშხუას ვრცელი საბოლოო სიტყვა ჰქონდა. მან კონსტიტუციის მოშველიებით ისაუბრა იმაზე, რატომ დგას ხალხი გარეთ, რატომ იყვნენ დაჭერამდე თავად და მინდია შერვაშიძე პროტესტის აქტიური მონაწილეები და რომ მათ ამის არათუ უფლება აქვთ, არამედ მოქალაქეობრივი ვალი ამოძრავებდათ. თორნიკე თოშხუას პირველად ჰქონდა გასაქანი, რომ პროკურორ ნინო ჟვანიასთვის მიემართა, ესაუბრა მისი აღქმით იმ უსამართლობაზე, დარღვევებზე, რასაც მისი და მინდიას მიმართ სჩადიოდა სისტემა.
„პროკურორები მარიონეტებად იქცნენ და ინსტრუმენტებად არალეგიტიმური და არაკვალიფიციური ხელისუფლების ხელში. თქვენ დაშორდით სამართალს. ისე წარმოჩინდა, თითქოს ბირჟა გვქონდა და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. დანაშაულის ჩასადენად არ ვიკრიბებით რუსთაველზე. გიჟები არ ვართ, ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, სამსახური და შეურაცხადი არ ვარ, რომ ყოველდღე რუსთაველზე დროის ფლანგვა იყოს დასვენების საშუალება. არ ვერთობოდი მე იქ“, — ამბობს თორნიკე თოშხუა.
დაცვის მხარეს, ბრალდებულებს არასდროს უარუყვიათ 31 ივლისის ღამეს რუსთაველზე ყოფნა ან ის, რომ კონფლიქტი მოხდა და ისინი მონაწილეობდნენ. თორნიკე თოშხუას პრეტენზია ბრალდებასთან მისი აღქმით არაკეთილსინდისიერი, არაკვალიფიციური გამოძიების გამო, მოტივებით არდაინტერესების, ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფის, მეტიც, ფალსიფიკაციის და არასწორი, უსამართლო ინტერპრეტაციების გამო აქვს.
„ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულად, ისე ერთობლივად ინდივიდებმა. […] მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მითუმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულება, რომ თავი დავხარო ჩემ მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ხელი რომ ჯიბისკენ მიაქვს ადამიანს, სადაც თავდაცვის საშუალება ეგულება, სანამ მოქმედებას დავიწყებ, არ მავალდებულებს კანონი, რომ დაველოდო, როდის მომიქნევს, როდის ვიზუალურად გაშლილ დანას დავინახავ და სისხლი დაიღვრება. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და ეს არ იყო თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებულ აგრესიას“, — თქვა თორნიკე თოშხუამ.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის ადვოკატებმა, ომარ ფურცელაძემ და დათა კუპრავამ დღესაც ისაუბრეს აუცილებელი მოგერიების კომპონენტზე, რითაც გამოძიება, პროკურატურაც უნდა დაინტერესებულიყო და რაც მოსამართლემაც უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების გამოტანისას.
დაცვის ყველა მოწმე ადასტურებდა, რომ კონფლიქტის პროვოცირება ბექა გოცირიძის მხრიდან შეურაცხმყოფელმა მიმართვებმა და რეპლიკებმა გამოიწვია. რაზეც რეაქცია ჯერ მინდია შერვაშიძეს და შემდეგ თორნიკე თოშხუას ჰქონდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურში გადაზარდა ისევ ბექა გოცირიძემ. მან ერთ-ერთ დემონსტრანტს, გაიოზ კალანდაძეს სახეში დაარტყა, რომელიც ბექა გოცირიძესა და თორნიკე თოშხუას შორის იდგა და ცდილობდა, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხებაზე არ გადასულიყო. ამ პირდაპირ დარტყმას წინ უძღოდა ორმხრივად მკერდით შეჯახება მინდიასთან და მერე თორნიკესთან. და იმ ეპიზოდებამდე, რასაც პროკურატურა მინდიასა და თორნიკეს ედავება, რომ თითქოს მათ დაარტყეს და ტკივილი განაცდევინეს ბექა გოცირიძეს, რუსთაველზე მყოფმა დემონსტრანტებმა უკვე იციან, რომ ბექა გოცირიძეს დანა აქვს.
დანა გოცირიძეს დაპირისპირების ეპიზოდში უვარდება ძირს. მას დემონსტრანტები იღებენ, დაჟინებული მცდელობის შემდეგ აბარებენ პოლიციას. პროკურატურა კი იწყებს მტკიცებას, რომ დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, საქმეში არ არსებობს, ეს კი იმას ადასტურებს, რომ გოცირიძეს ის საერთოდ არ ჰქონია. დანა საქმეში მოგვიანებით ჩნდება, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი თორნიკე თოშხუა 21 დღის მანძილზე შიმშილობს.
„ჩემი ჯანმრთელობის ფასად ვეცადე გამემახვილებინა ყურადღება დანაზე, რომ საქმეზე დართულიყო“, — ამბობს თოშხუა. თუმცა პროკურორი ნინო ჟვანია „თითზე დახვეულ ვითარებას“ უწოდებს თავის დასკვნით სიტყვაშიც კი, ბოლო მომენტამდე იმას, რომ ბექა გოცირიძეს ჰქონდა დანა, კონფლიქტისას მიჰქონდა ხელი ჯიბისკენ, რომელშიც დანა ედო. დემონსტრანტებმა, მათ შორის ბრალდებულებმა ეს იცოდნენ და აღიქვამდნენ საფრთხედ და რომ ფაქტია, პროკურატურა მოგვიანებით გახდა იძულებული ეღიარებინა, რომ დანა, რომლის არსებობასაც თავიდან უარყოფდა, არსებობდა და საქმეს დაურთო.
პროკურორი დანას ახლა გვერდს ვეღარ უვლის, მაგრამ ამტკიცებს, რომ მის გამოყენებას ბექა გოცირიძე არ აპირებდა და მთავარი ისაა, რომ მან ტკივილი განიცადა მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას მხრიდან. ტკივილი, რომელიც არ დაადასტურა თავად ბექა გოცირიძემ ჩვენების მიცემისას. არათუ არ დაადასტურა, არაერთგზის უარყო, — „არა, არა და არა!“ ცალკე მიუბრუნდა მოსამართლეს და მასაც ხაზგასმით გაუმეორა, რომ საერთოდ არ ესმოდა, რატომ ატყდა ამხელა ამბავი. [ბექა გოცირიძის ჩვენების, ასევე პროკურატურის სხვა მოწმეთა ჩვენებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: „დაზარალებულ“ გოცირიძეს პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა პატიმრობაში რჩებიან.]
„ბექას ჩვენება რომ მოისმინეს ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა, რომელიმეს განცდა აქვს, რომ… ეს ადამიანი გარდაცვლილია და ღმერთმა მაპატიოს, მე ქრისტიანი ვარ და ვერ შევალ სპეკულაციაში, გარდაცვლილის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ კითხვა რომ დაუსვათ ამ ხალხს, ვინმე გეტყვით, ეს ადამიანი აქ იმის სათქმელად მოვიდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლია და ეს ადამიანები [ბრალდებულები] დამნაშავეები არიან?!
ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უნდა გახდეს გადაწყვეტილების საფუძველი და არა ცალკე აღებული, ლიტერატურულად, თუ გინდათ, ყველა ბრუნვასა და უღლებაში ნათქვამი: „მტკივა, მეტკინა, ცოტათი, ნაკლებად, საგანგაშოდ და მნიშვნელოვნად.
[…] გამამართლებელ განაჩენს არ აქვს ალტერნატივა. როგორ შეიძლება დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, მისი წარმომადგენელი [პროკურორი] ითხოვდეს დამნაშავედ ცნობას“, — ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე დასკვნით სიტყვაში.
პროკურორი ნინო ჟვანია დარწმუნებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“, არათუ ბრალდების, არამედ დაცვის მხარის მოწმეებითაც კი დასტურდება, რომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დამნაშავეები არიან და შესაბამისი სასჯელი უნდა განესაზღვროთ. პროკურორი არც მორალურ სენტენციებს და განსჯას მორიდებია ბრალდებულების მიმართ.
„საქმის ვითარებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა დიდი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა იყოს ადამიანებს შორის, გაუმართლებელია ნებისმიერ ნიადაგზე ადამიანებს შორის ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა ვერასდროს ვერ იქნება გმირობა. […] დაზარალებული არის გარდაცვლილი, მიუხედავად ამისა, მათ არ მოუხადეს დაზარალებულს ბოდიში იმ ძალადობის გამო, რომელიც მასზე განხორციელდა და ამით ვფიქრობ, დაკარგეს უკანასკნელი შანსი ბოდიშის მოხდისა“, — განაცხადა ნინო ჟვანიამ დასკვნით სიტყვაში.
ნინო ჟვანიამ ისიც თქვა, რომ თორნიკე თოშხუას აკავებდნენ და გვერდით გაიყვანეს, რამაც ასევე გამოიწვია ბრალდებულის გაღიზიანება.
„სად ფიქსირდება, რომ მაკავებდნენ და გამიყვანეს? ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ვეფერებოდი, რომელიც პირველი დღიდან ჩვენთან არის და პოლიციელებზე მეტად, ამ ძაღლების იმედი გვაქვს, სხვათა შორის. იმედია, იმის მტკიცებასაც არ დაიწყებთ, რომ ძაღლის მოხრჩობას ვაპირებდი.
[…] თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ. პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა. იმდენად კრიმინალიზებული გახდა პროტესტი, ახლა რომ გზის გადაკეტვა მეცადა, ტერორისტად გამომაცხადებდნენ. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება“, — თქვა თორნიკე თოშხუამ თავის საბოლოო სიტყვაში.
ტრადიციულად სიტყვაძუნწ მინდია შერვაშიძეს არც ახლა უსაუბრია და საბოლოო სიტყვაზე უარი თქვა.
მუხლი, რომლითაც გაასამართლეს მოქმედი საჯარო მოხელე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი, 37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, 3 არასრულწლოვანი ბავშვის მამა, რომელიც დილიდან სარემონტო სამუშაოებზე იყო და საღამოს რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტს უერთდებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე.
რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე ელენე გოგუაძე — პროგნოზის გასაკეთებლად მხოლოდ საქმის დეტალების, სასამართლოში განვითარებული მოვლენების, ბრალდების მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის, თავად დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძის ჩვენების, დაცვის მხარის ჩვენებების, ვიდეომტკიცებულებების, ბრალდებისა და დაცვის მხარის ტაქტიკების, შეფასებების, ბრალდებულების სიტყვების გახსენება და თვალის გადავლება არ კმარა.
როგორი ობიექტური, მიუკერძოებელი, სამართლებრივად განსწავლულიც არ უნდა იყოს შემფასებელი, ერთი მხრივ არცთუ იმედისმომცემია ის გამოცდილება, რაც მიმდინარე პროტესტის ფარგლებში დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ საქმეებში დაგროვდა. მეორე მხრივ, მოსამართლე ელენე გოგუაძე პოლიტიკური ელფერის მქონე მიმდინარე და უკვე დასრულებულ საქმეებში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეში გამოჩნდა. ის უკვე 2018 წლის მარტიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს ფლობს. შედარებით სხვა მოსამართლეებთან, რომელთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკვე კარგად ვიცნობთ, ყველაზე დიდი სტაჟი აქვს და მათი ნაწილისგან განსხვავებით, პოლიტიკური საქმეების განმხილველად, 2024 წლის მიწურულს გამოსაცდელი ვადით არ დაუნიშნავთ.
მოსამართლე ელენე გოგუაძეს ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადეს, რომ ის არა უხეშად ერეოდა, არამედ აქტიურად მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ქმნიდა სამუშაო სივრცეს, ველს მსჯელობისთვის და მოლოდინს, რომ ამ საქმეზე მაინც მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანი იქნება და არა უბრალოდ ისეთი, რომელიც აწყობს რომელიმე, თუნდაც დაცვის მხარეს.
