ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გამო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქმიანობის კრიზისულ რეჟიმზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მოქალაქეებს ვეღარ გაუწევს უფასო სამართლებრივ დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას, რასაც 31 წლის განმავლობაში აკეთებდა.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს.
საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 31 წელზე მეტია, საქართველოს კონსტიტუციურ ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის გზით ემსახურება. დაარსებიდან დღემდე, საიას უფლებადამცველებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს. უფასო სამართლებრივ დახმარებას ორგანიზაცია ადამიანებს საქართველოს 9 რეგიონში უწევდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, ათასობით მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში.
დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და/ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე.
გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა.
არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.
ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს.
31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024, 2025 და 2026 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი კანონი მიიღეს, რომელმაც უკიდურესად გაართულა კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ხოლო დაფინანსების მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე, შეუძლებელი გახადა.
აი, ძირითადი რეპრესიული კანონების ჩამონათვალი წლების მიხედვით:
2024 წელი: რუსული კანონის და შეზღუდვების დასაწყისი
-
რუსული კანონი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“): მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა, მაისში პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, დარეგისტრირდნენ სპეციალურ, “უცხოური გავლენის” მქონე ორგანიზაციების რეესტრში. კრიტიკოსები მას სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციისა და გაჩუმების ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
-
ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი: ეს კანონი “ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ცენზურას აწესებს მედიაში, კინოსა და ლიტერატურაში.
2025 წელი: კონტროლის გამკაცრება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
-
გრანტების შესახებ კანონის ცვლილებები: დაწესდა ვალდებულება, რომ ნებისმიერი უცხოური გრანტის მიღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან ან შესაბამის უწყებასთან. დაურეგისტრირებელი გრანტის შემთხვევაში ორგანიზაციას გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
-
„აგენტების კანონი 2.0“ (FARA-ს ინტერპრეტაცია): 2024 წლის კანონის შემდეგ, 2025-ში მიიღეს უფრო მკაცრი ვერსია, რომელმაც ადმინისტრაციული ჯარიმების ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (5 წლამდე პატიმრობა) შემოიღო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესებს“ ატარებენ და არ რეგისტრირდებიან.
-
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება: გაიზარდა პატიმრობის ვადები (60 დღემდე) პოლიციელის შეურაცხყოფისა თუ დაუმორჩილებლობისთვის, რაც ხშირად გამოიყენება აქციებზე დაკავებულების მიმართ.
2026 წელი: სამოქალაქო აქტივობის კრიმინალიზაცია
-
უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია: იანვარ-თებერვალში დაანონსებული და მიღებული ცვლილებებით, ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერა „პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობისთვის“, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის, შესაძლოა 6-დან 9 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.
-
პარტიული წევრობის შეზღუდვა: უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა.
-
სპონტანური შეკრებების შეზღუდვა: კიდევ უფრო გამკაცრდა კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ტროტუარებზე წინასწარი ნებართვის გარეშე პროტესტს.
