23 თებერვალს გაიხსნა ოპოზიციის 8 ლიდერის დევნის საქმეზე არსებითი განხილვა სასამართლოში და იმავე დღეს დახურა საზოგადოებისთვის მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, როცა მედია და სხდომაზე დამსწრეები დარბაზიდან გამოუშვა.
თუ მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა, საზოგადოება ვეღარ დააკვირდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის დეტალებს და მხოლოდ მხარეთა მონათხრობის მოსმენა მოუწევს.
„დარბაზს ვეღარ ვაკონტროლებ“, — გაისმა მოსამართლის ხმა უკვე იმ დროს, როცა დარბაზი მართლაც ახმაურდა; როცა მოულოდნელად გვიბრძანეს ყველას სხდომის დატოვება და ჟურნალისტები ვცდილობდით გაგვერკვია, ეს ბრძანება მედიასაც ეხებოდა თუ მხოლოდ ბრალდებულთა გულშემატკივრებს კონკრეტულ ერთ სხდომაზე. უკვე დარბაზიდან გასულებმა გავიგეთ, რომ მოსამართლემ პროცესი მთლიანად დახურა.
რა მოხდა მანამდე და რა „ვეღარ გააკონტროლა“ მოსამართლემ
მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით დააყენეს შუამდგომლობა პროკურორებმა, ლაშა კოტრიკაძემ და ანი ხუბეჯაშვილმა. ეს არის, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია.
მასალა, რაც დაერთვება საქმეს, რამდენიმე ასულ გვერდს მოიცავს და მისი სრულყოფილად გაცნობა ადვოკატებმა, რომელთაც ეს მტკიცებულებები სხდომის დაწყებამდე გადასცეს, ვერ მოახერხეს. ამასთან, აქტუალური ხდება წინა სხდომაზევე დაყენებული საკითხი — ადვოკატებისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომელი მტკიცებულება რომელ ბრალდებულს მიემართება, გარდა იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ადვოკატების შეფასებით, საერთოდ არ არის საქმესთან კავშირში.
პროკურორებსა და ადვოკატებს შორის პოლემიკას აფორმებს მოსამართლე თამარ მახარობლიძის მხრიდან მოსამართლის ჩაქუჩის უჩვეულოდ ხშირი დარტყმა, რაზეც ადვოკატ ბექა ბასილაიას, მიხელ სააკაშვილის ინტერესების დამცველს, აქვს რეაქცია.
ადვოკატი ბექა ბასილაია: ნუ აბრახუნებთ, პროცესზე ვართ, გვესროლეთ ბარემ.
მოსამართლე თამარ მახარობლიძე: თქვენ ახლა მოსამართლეს აძლევთ შენიშვნას?!
ადვოკატი ბექა ბასილაია: დიახ, გაძლევთ. უზრდელობაა.
[მოსამართლე ამ დროს დემონსტრაციულად კიდევ რამდენჯერმე აბრახუნებს.]
ნიკა გვარამია: აბრახუნოს, მაგისთვის აქვს ეგ ჩაქუჩი.
მოსამართლე თამარ მახარობლიძე: სასამართლოს აყენებთ შეურაცხყოფას.
ადვოკატი ბექა ბასილაია: თქვენ თავად თქვენი ქცევით.
ნიკა გვარამია: არა, აბრახუნეთ, მე არ ვარ წინააღმდეგი.
დარბაზში სიცილის ხმა ძლიერდება და ისმის რეპლიკები: „აბრახუნებენ თქვენთანაც?“
ამის შემდეგ მოსამართლე უკვე ყველა დამსწრეს გვატოვებინებს დარბაზს და სხდომას ხურავს.
ადვოკატ ქეთი ჩომახაშვილისგან, რომელიც ნიკა გვარამიას იცავს, ვიგებთ, რა ხდება შიგნით სხდომის დასრულებამდე:
- ნიკა გვარამიას შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა, ჩამოერთვა საზღვრის კვეთის უფლება პროკურორის ნებართვის გარეშე. [30 000-30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული გიორგი ვაშაძესა და ზურა გირჩი ჯაფარიძეს; მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო — მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს; საქმეში ბრალდებული დანარჩენი 3 პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ნიკა მელია სხვა საქმეების ფარგლებში ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან და, შესაბამისად, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არ დამდგარა.]
- მოსამართლემ [ჯერჯერობით] არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მომდევნო სხდომების გახსნის თაობაზე.
რატომ არ უნდა განიხილავდეს, დაცვის თანახმად, მოსამართლე თამარ მახარობლიძე 8 ოპოზიციური ლიდერის საქმეს
34 წლის თამარ მახარობლიძე სულ რაღაც ერთი წელი და ორი თვეა, რაც მოსამართლეა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მოსამართლეების უმრავლესობის მსგავსად, მან ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. მხოლოდ 4 თვეა, რაც საქმეების არსებითი განხილვის უფლება აქვს.
თამარ მახარობლიძის გაღიზიანება დღევანდელ სხდომაზე „ბრახუნამდე“ ბევრად ადრე დაიწყო. სხდომის გახსნისთანავე, როდესაც ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ, გიორგი ვაშაძის ინტერესების დამცველმა, მისი აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამას არათუ დაეთანხმნენ სხვა ადვოკატები, არამედ მათმა ნაწილმა მახარობლიძის კომპეტენციაც დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ადვოკატმა ფურცელაძემ მოიყვანა ფაქტები და არგუმენტები, რატომ ვერ უზრუნველყოფდა თამარ მახარობლიძე მოსამართლისთვის აუცილებელ მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის სტანდარტს. სანამ მოსამართლე გახდებოდა და სამართალმცოდნისა და ექსპერტის სტატუსით პოზიციონირებდა, ადვოკატის თქმით, მახარობლიძე გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ ღია მხარდაჭერითა და ასევე ღიად და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით ოპოზიციის, მათ შორის, მიმდინარე საქმეში ბრალდებული პოლიტიკოსების მიმართ.
მაგალითად, ადვოკატმა ფურცელაძემ წარმოადგინა და შუამდგომლობას დაურთო მახარობლიძის შემდეგი საჯარო განცხადებები:
- 2019 წელი — დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ნიკა გვარამიასთან მიმართებით და მაშინდელ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე, ბრალის წარდგენამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე [რომელმაც საბოლოოდ 3.5 წლით პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას], წერდა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“ იყო ნიკა გვარამიას მიზანი, წინასწარ მიიჩნია იგი დამნაშავედ ამაში და 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ღირსად ჩათვალა.
- ასევე, 2019 წელს გამოხატავდა პოზიციას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ და იმასთან დაკავშირებით ნამდვილად იღებდნენ ისინი მუქარის შემცველ წერილებს, თუ „ცილისმწამებლები“ იყვნენ და „ცრუ დასმენას“ ახორციელებდნენ.
- 2019 წელი — მორიგ წერილში აქებს ივანიშვილს და წერს, რომ ოპოზიციის ქმედებები უპრინციპოა და ულოგიკო.
- 2020 წელი — ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს ოპოზიციის საქმიანობას.
- 2020 წელი — აკრიტიკებს ოპოზიციურ მედიას და ბრალს სდებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.
- 2020 წელი — წერს, რომ პარტიის პოლიტიკური ინტერესებისთვის კანონი არ უნდა იცვლებოდეს, ოღონდ აქ, გაგიკვირდებათ და, ოპოზიციას გულისხმობს და არა მმართველ პარტიას.
- რას წერს თამარ მახარობლიძე 2020 წელს და როგორ ადარებს ერთმანეთს სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდებში — „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ასევე ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, გახშირდა სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტის შემთხვევები, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამ მკვეთრად იკლო. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა პროკურატურის სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობებზე, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიებებზე, სასამართლოს მხრიდან უარის თქმის შემთხვევები. ეს ყოველივე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული — წერს მახარობლიძე და კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბრისას მიანიშნებს მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე.
- 2020 წელი — ოპოზიციასთან ერთად, ადვოკატებს მოიხსენიებს როგორც „პოლიტიკური ცირკის“ მომწყობებს გიორგი რურუას საქმესთან მიმართებით. [ერთ-ერთი ეს ადვოკატი, რომელთაც „ცირკის მომწყობებს“ უწოდებდა თამარ მახარობლიძე, ლევან სამუშია, მიმდინარე საქმეში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატია.]
ადვოკატების ნაწილმა პირველად ამ სხდომაზე გაიგო თამარ მახარობლიძის წარსულისა და მისი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების შესახებ. შეფასებებში და ომარ ფურცელაძის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარე ერთსულოვანია. ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს არათუ აცილების შუამდგომლობა უნდა დაეკმაყოფილებინა, მას თავად უნდა დაეყენებინა თვითაცილება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ეჭვქვეშ აყენებს მახარობლიძის კომპეტენციას და იხსენებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ მახარობლიძის გადაწყვეტილებას, რადგან ადვოკატის თქმით, მახარობლიძე ვერც პროცედურებს იცავდა პროცესზე და ვერც კვალიფიკაციას აძლევდა პროცესზე მიმდინარე მოვლენებს.
ზვიად კორძაძე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ამბობს, რომ ამ საქმეში ისედაც ძალიან მყიფეა ზღვარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და წარდგენილ მუხლებს შორის, — „თქვენ მიერ განხილული ეს საქმე ვერასდროს დაძლევს მიუკერძოებლობის ბარიერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მოსამართლე ხართ და ცუდი იურისტი და რომ ვერ განიხილავთ, მაგალითად, მკვლელობის საქმეს. მაგრამ შეუძლებელია განიხილოთ ეს საქმე.“
მოსამართლესთან კითხვები აქვს ნიკა გვარამიასაც, რომელიც ამბობს, რომ თამარ მახარობლიძეს პირველად ხედავს, მაგრამ სამაგიეროდ, მახარობლიძე იცნობს თურმე კარგად გვარამიას. ბრალდებულ პოლიტიკოსს აინტერესებს, საიდან დააბრალა მას მახარობლიძემ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია“, ის, რაც „ბიძინა ივანიშვილსაც არ მოსვლია აზრად“. მოსამართლე მახარობლიძე ნიკა გვარამიას მისთვის კითხვების დასმას უკრძალავს.
პროკურატურა ადვოკატების პოზიციას არ დაეთანხმა და, ცხადია, არც მოსამართლეს დაუკმაყოფილებია შუამდგომლობა. თამარ მახარობლიძის თქმით, ამ განცხადებების კეთების დროს ის მოსამართლე არ იყო და არ ჰქონდა შეზღუდვა. უპასუხოდ დარჩა ნიკა გვარამიას შენიშვნა, რომ მოსამართლეს არა მსგავსი განცხადებების კეთების უფლებას ართმევდა ვინმე, არამედ ამ განცხადებების გამო აყენებდნენ ეჭვქვეშ მის მიუკერძოებლობას.
თუ მოსამართლემ სასამართლო პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე უარი განაცხადა, დღევანდელი და წინა, ე.წ. წინასასამართლო სხდომა გვრჩება, რომელზე სრულად დასწრება და დაკვირვება მედიამ და დაინტერესებულმა პირებმა მოვახერხეთ. რა სამართლებრივ და ლოგიკურ აბსურდებს უსვამენ ხაზს საქმის განხილვის პირველივე ეტაპიდან ბრალდებული პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები, წაიკითხეთ წინასასამართლო სხდომის სრული რეპორტაჟში: 8 პოლიტიკური ლიდერის დევნა ახალ ფაზაში გადადის.
პროკურატურის თქმით, ოპოზიციური ლიდერები აკეთებდნენ მოწოდებებს დამხობისკენ; „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, აწვდიდნენ ინფორმაციას უცხო სახელმწიფოებს, რის შედეგადაც „300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“ სანქციები დაუწესდათ; ნაწილი კი მატერიალურად უწყობდა ხელს საბოტაჟს.
„საქმე უკავშირდება სამ ფაქტს, მუხლს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება. ავხსნი ახლა ლოგიკურად: 1) საბოტაჟი, როდესაც ბრალდებულები იყვნენ აქციაზე და ჰქონდათ გარკვეული მოწოდებები, რომლებიც ჩვენი აზრით შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს. 2) ამის პარალელურად მოქმედებს მეორე ჯგუფი, სანქციების თემა, ემთხვევა სანქციების მიღება და 3) მატერიალური მხარდაჭერა საბოტაჟის. შესაბამისად, ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულებისთვის, საქმის მასალები მიგვითითებდა, რომ ეს წარმოებულიყო ერთიანად სასამართლოში.
მტკიცებულებებით დადგენილია, 5 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი იწვოდა, იწვოდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა, დაზიანება მიიღეს ადამიანებმა. ამ 5 დღის განმავლობაში კონკრეტული ბრალდებული იდგნენ აქციაზე, გამოდიოდნენ საქვეყნოდ და მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ და იმ ქმედებებისკენ, რამაც ეს შედეგი გამოიწვია“, — განაცხადა პროკურორმა წინა სხდომის დასასრულს ჟურნალისტებთან, თუმცა არ უპასუხია, რით ადასტურებს ამ მტკიცებებს.
- მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
- ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
- მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.
8 პოლიტიკური ლიდერის დევნა ახალ ფაზაში გადადის — რეპორტაჟი სასამართლოდან
