ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასაც ითხოვს.

მანამდე „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა სადისკუსიო დოკუმენტი, სახელწოდებით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, „ევროსკოპმა“ კაია კალასს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა იმ ინფორმაციას.

„სიმართლეა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ბევრი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ნაწილში — იქნება ეს საქართველო, თუ იქნება ეს მოლდოვა… ამიტომ დიახ, ცხადია, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭიროა, მათ დატოვონ ყველა ის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელნი ვიყოთ — მოთხოვნები რუსული მხრიდან საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი დიპლომატიური გზებით ითხოვენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ. შესაბამისად, ეს [ჩვენი მოთხოვნა] საჭიროა მოლაპარაკებებში სიტუაციის ოდნავ დასაბალანსებლად და ფოკუსის რეალურ პრობლემაზე გადასატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას“, — განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის მედიაციით მიმდინარეობს და ევროკავშირს ან ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.