საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აღარ შეეძლებათ.

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება  „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი და განისაზღვრა იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:

  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.

დადგენილება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვალდებულია, მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ.

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა:

  • შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე;
  • თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.