ვინ იყო ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

დაურ ბუავა 26 წლის იყო, როდესაც 2021 წელს აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა. ომი მას არ ენახა.  1994 წელს, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ დაიბადა ტყვარჩელში. ომის შესახებ მხოლოდ გარშემომყოფებისგან ჰქონდა მოსმენილი და, როგორც თავად ამბობდა, წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მხარის მიერ მოყოლილი ისტორია იცოდა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი, როგორც ის “ნეტგაზეთთან”  რამდენიმე წლის წინ ამბობდა, სწორედ ამ ისტორიის გადამოწმება გადაწყვიტა.

რამდენიმე თვის შემდეგ ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფხაზი TikTok-ბლოგერი იყო. მისი ვიდეოები ძირითადად ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას, ომს, მშვიდობასა და აფხაზეთის მომავალს ეხებოდა. 2022 წლისთვის მის TikTok-ს ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი აფხაზი ახალგაზრდა, ადევნებდა თვალს.

დღეს, 28 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაურ ბუავა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ბოლო წლების განმავლობაში ბუავა იყო ადამიანი, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ არა მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, არამედ ამ პოზიციის გამო აფხაზეთში სისხლის სამართლის დევნის ობიექტი გახდა.

ბუავას ისტორია ერთი TikTok-ვიდეოდან არ დაწყებულა.

თავად ამბობდა, რომ აფხაზეთში ყოფნისას შემთხვევით მოხვდა TikTok-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს მტერს უწოდებდნენ და ერთმანეთზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდნენ.

შემდეგ, როგორც თავად ყვებოდა, გადაწყვიტა, თავად ჩასულიყო თბილისში და ენახა, როგორი იყო ის ადგილი, რომელსაც ბავშვობიდან მტრად წარმოადგენდნენ.

„1994 წელს, კონფლიქტის მერე დავიბადე აფხაზეთში. ომი არ მინახავს, თუმცა ჩემ გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, რა ხდებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე“, –  უთხრა მან 2021 წელს „ნეტგაზეთს“.  როგორც ყვებოდა თავად, თბილისში ჩასვლის ეშინოდა, რადგან წლების განმავლობაში ესმოდა, რომ ქართველები აფხაზებს მტრებად აღიქვამდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ მისი მეგობრები აფრთხილებდნენ: თბილისში რომ ჩახვიდე, შეიძლება „მკვდარი ხიდის ქვეშ გიპოვონო“. საბოლოოდ კი, როგორც ამბობდა, სრულიად საპირისპირო გამოცდილება მიიღო.

შემდეგ თბილისში ცხოვრება დაიწყო და საკუთარი თვალით ნახა, რომ რეალობა იმაზე გაცილებით რთული იყო, ვიდრე აქამდე ეგონა.

მისი აზრით, ორივე მხარეს არსებობდა ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მუდმივად აძლიერებდა სიძულვილს და ამ გზით უფრო დიდი საზოგადოებაც ერთმანეთს უპირისპირდებოდა.

„იქ არის ათი ცუდი ადამიანი და აქაც ათი ცუდი ადამიანი. ისინი ერთმანეთს მუდმივად აგინებენ და ამით დანარჩენ ხალხსაც ნეგატივისკენ უბიძგებენ“, – ამბობდა ის “სოვასთან”.

2021 წლის დეკემბერში, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას, ბუავა უკვე ამბობდა, რომ აფხაზეთში მისი თბილისში ყოფნა და საქმიანობა ბევრს არ მოსწონდა.

„იმის მიუხედავად, რომ ჩემი აქ ყოფნა და საქმიანობა იქ ბევრს არ მოსწონს და ამას მეუბნებიან საჯაროდ და სხვადასხვა ფორმით, ბევრია ისეთიც, ვინც პირადად მწერს აფხაზეთიდან და მხარდაჭერას მიცხადებს.

მისი საქმიანობის გარშემო აფხაზურ სოციალურ ქსელებში მძიმე რეაქციები ჩნდებოდა.

2022 წელს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბუავას წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ საქმე აღძრა, აფხაზურ Facebook-სივრცეში მისი მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარი გამოჩნდა. „ეხო კავკაზა“ იმდროინდელ რეაქციებს აღწერდა და წერდა, რომ ბუავას მიმართ დამოკიდებულება კატეგორიულად ნეგატიური იყო.

მათ შორის იყო მოწოდებები მისი დასჯისა და დაპატიმრების შესახებ, ასევე პირდაპირი შეურაცხყოფები.

თავად ბუავა მოგვიანებით ამბობდა, რომ მის მიმართ მუქარებიც ხშირად მოდიოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ მისი მხარდამჭერებიც ხდებოდნენ ზეწოლის სამიზნე: ადამიანები, რომლებიც მის პირდაპირ ეთერებში დადებით კომენტარებს წერდნენ, იდენტიფიცირდებოდნენ, მათ სოციალურ ქსელებს პოულობდნენ და, მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში სახლშიც კი მიდიოდნენ. ბუავა ასევე ამბობდა, რომ მის მხარდამჭერებს სცემეს.

2022 წლის ივნისში საქმე უკვე ოფიციალურ დევნამდე მივიდა.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბუავას წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით საქმე აღძრა.

უწყების განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში მის TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა პირდაპირ და ფარულ მოწოდებებს, რომლებიც აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას“ აზიანებდა.

აფხაზური მხარის ვერსიით, ბუავა ასევე ავრცელებდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით არსებობის იდეას.

საქმე მას დაუსწრებლად აღუძრეს.

ბუავა იმ დროს უკვე თბილისში ცხოვრობდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა.

თბილისში ის მხოლოდ TikTok-ით არ შემოიფარგლა.

ქართველ მეგობარ მიხეილ კვატაშიძესთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ დააარსა. „ამრა“ აფხაზურად „მზეს“ ნიშნავს.

ორგანიზაციის მიზანი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დამყარება იყო. ბუავას თქმით, პროექტებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, მოხალისეები და ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარ ჩართულობას საჯაროდაც არ აღიარებდნენ.

2023 წელს ბუავამ ევროპარლამენტშიც ისაუბრა.

მისი გზავნილი იყო “ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა”.

„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ავაშენოთ საერთო მომავალი“, – ამბობდა ის.

მისი თქმით, ომი 30 წლის წინ მოხდა და დღევანდელი ახალგაზრდობა წარსულში ჩაკეტილი არ უნდა იყოს.

ევროპარლამენტში მან ისაუბრა რუსეთის როლზეც.

ბუავას შეფასებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რუსეთმა წაახალისა და დღემდე ცდილობს, ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგს ხელი შეუშალოს.

ამასთან, ბუავა მხოლოდ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე არ საუბრობდა.

2023 წელს მან მწვავედ გააკრიტიკა აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების შესახებ კანონის“ ინიციატივა და განაცხადა, რომ არ სურდა აფხაზური მიწების გაყიდვისა და რუსეთის მოქალაქეების დასახლების ყურება.

ბუავა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ქართველებთან ურთიერთობის აღდგენა, არამედ დემოგრაფიული და კულტურული გაქრობა იყო.

2022 წლის დეკემბერში ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

მან თავად გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ 15 დეკემბერს საქართველოს პასპორტი მიიღო გამარტივებული წესით.

„ძალიან ბედნიერი ვარ, სრულფასოვანი მოქალაქე ვარ“,- ამბობდა ის.

საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ მისი წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა აფხაზურ სივრცეში კიდევ უფრო გააძლიერა.