საზოგადოება

ოფიციალური სტატისტიკით, სურსათი იანვარშიც გაძვირდა

3 თებერვალი, 2026 •
ოფიციალური სტატისტიკით, სურსათი იანვარშიც გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფასები კვლავ გაიზარდა სურსათზე.

სურსათის ფასებზე საუბარი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. სწორედ იმ დღეს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამ საკითხის გამოძიება და შესწავლა დააანონსა. ამის შემდეგ “ოცნების” მთავრობამ ფასების საკითხზე არაერთი აქტივობა განახორციელა, შეხვდნენ ქსელური მარკეტებისა და დისტრიბუტორიების წარმომადგენლებს. სუს-ი შევიდა ქსელური მარკეტების ოფისებში, ამოიღეს ფინანსური დოკუმენტაცია და ა.შ. ამის პარალელურად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალური ქსელებით ნერგავდნენ განწყობას, რომ მთავრობის მოქმედებების გამო ფასები მარკეტებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ სურსათის ფასები დეკემბერთან შედარებით იანვარშიც გაიზარდა.

2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

სურსათი: ბოსტნეული და ბაღჩეული (იანვარში დეკემბერთან შედარებით გაძვირდა 12.5 პროცენტით), ხილი და ყურძენი (5.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.6 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.  ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (2.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.3 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-4.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2026 წლის იანვრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ანუ იმას, რამდენით გაძვირდა პროდუქტები მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით.

საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები- ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი