სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმის განხილვა დაიწყო. მის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციოში აპელანტი ორივე მხარეა: პროკურატურა პოეტისთვის ბრალისა და მსჯავრის დამძიმებას ითხოვს, რატიანის დაცვის მხარე კი, პირიქით — გამართლებას, უკიდურეს შემთხვევაში, ბრალისა და მსჯავრის შემსუბუქებას.

პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლოს დაწვრილებით გააცნო პროკურატურის ხედვა ზვიად რატიანის ქცევაზე 2025 წლის 23 ივნისს, როდესაც პოეტმა „სახის მარცხენა ნაწილში“ სილა გააწნა „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველს“, თეიმურაზ მეშველაშვილს. ასევე, საქმის განხილვის მიმდინარეობა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ზვიად რატიანს ბრალდებით წაყენებული მუხლი შეუცვალა ზუსტად ისე, როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა და პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნო პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში. რატიანს 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდა 9 ოქტომბერს.

ეს განაჩენი უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია პროკურატურას, სასჯელი კი, არასამართლიანად. პროკურორის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებებს. სააპელაციოსგან პროკურატურა ისევ პოლიციელზე თავდასხმაში ითხოვს პოეტის დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის დაკისრებას.

„დანაშაული განზრახია. მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და დაადასტურა თავადვე პირველი ინსტანციის სასამართლოში“, — თქვა გოგალაძემ და ხანგრძლივი შესავალი სიტყვის ბოლოს მოსამართლეს დაუზუსტა, — „ვითხოვთ ისეთ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას… მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. არა მინიმალური, არამედ მკაცრი სასჯელის გამოყენებას ვითხოვთ.“

მუხლი, რომლითაც პროკურორი ზვიად რატიანის დასჯას ითხოვს (პოლიციელზე თავდასხმა), სისხლის სამართლის კოდექსში 353-ე პრიმა მუხლია და მინიმალური სასჯელი, რაც ითვალისწინებს 4-წლიან პატიმრობას, მაქსიმალური კი 7 წელია.

პროკურორმა როცა ახსენა, რომ რატიანმა თავისი განზრახვა დაადასტურა, გულისხმობდა პოეტის საბოლოო სიტყვას სასამართლოში და მანამდეც მის არაერთგზის ნათქვამს, რომ მისი შთაგონება იყვნენ „ქართული ოცნების“ პოლიტპატიმარი ქალები, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და პედაგოგი ნინო დათაშვილი, რომელთაგან ერთი მსჯავრდებულია ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ნინო დათაშვილი კი, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, ჯერ კიდევ ელის თავის განაჩენს. ზვიად რატიანმა განმარტა, რომ მისი სილა იყო სიმბოლური აქტი.

მცირე სიტყვა ზვიად რატიანმაც თქვა სასამართლოში.

„არც ველოდი, რომ ასეთი პედალირებული იქნებოდა ფიზიკური ტკივილის ამბავი. რომ გაგჩენოდათ სურვილი (ბოლოს და ბოლოს ტკივილი სუბიექტური რამ არის) და გაგეგოთ, რამდენად მტკივნეულია ჩემი გაშლილი მტევანი, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მიმეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და უკეთ გაშლიდით თქვენს ოპუსებს [მიმართავს პროკურორს].

მიუხედავად მთელი იმ აბსურდისა, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მიცხოვრია მე ისე, რომ ადვილი იყოს ამის გაკეთება [პოლიციელისთვის სილის გაწვნა] და მერე გვერდზე ისე გადადება, ვითომ არაფერი. რა თქმა უნდა, არავის ესიამოვნება, როცა ქუჩაში, სახალხოდ სილას გაწნიან. მაგრამ რა ვქნა, გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი მორალურად უსიამოვნო საქციელი უფრო მძიმე შეურაცხყოფა ვერ იქნება, ვიდრე ის, რასაც მისივე ხელმძღვანელობა და პროკურატურა უკეთებს ამ ადამიანს.

ასეთი მარტივი, ხელის გულზე დადებული საქმე გვაქვს და თქვენ რომ მართლა მრავალუცნობიანი საქმე მოგანდონ, როგორ უნდა დაიტანჯოთ [მიმართავს ისევ პროკურორს].“

ზვიადის ამ რეპლიკებს პროკურორის პროტესტი მოჰყვა.

პროკურორი გიორგი გოგალაძე: ბატონო მოსამართლევ, თავი შეიკავოს და ზრდილობა იქონიოს, თორემ ვინ დაიტანჯება და ვინ არა…

ზვიად რატიანი: ჩამოხრჩობას და ციხეში ჩალპობას ითხოვდე და ახლა პატივისცემას მითვლიდე….

ზვიად რატიანის ადვოკატებმა, ქეთი ჩუთლაშვილმა და მარიამ პატარიძემ სასამართლოში აღნიშნეს, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში რატიანის ქცევა პოლიციელ მეშველაშვილის მიმართ შეიძლება ჩაითვალოს „არადამაზიანებლად, უკიდურესად დაბალი ინტენსივობის მქონედ“ და ის შეიძლება კვალიფიცირებული იქნეს, როგორც „სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის არც მსუბუქი დაზიანება“ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, რომელიც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე სხვა უფრო მსუბუქ ზომებსაც, მათ შორის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და შინაპატიმრობას).

გაგახსენებთ მცირე ამონარიდებს მისი საბოლოო სიტყვიდან, რომლის სრულად წაკითხვაც შეგიძლიათ ბმულზე: ზვიად რატიანის სიტყვა სასამართლოში.

„ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა თუ პანღური  აზრად არავის მოუვიდოდა. ყველას საერთო უბედურებაც იმაშია, უფრო სწორად, აბსურდი, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა… თავდაყირა დააყენა ყველაფერი…

მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული ადამიანი, რომელიც ბევრმა არ იცოდა აქამდე, დაამცირეს, შეურაცხყვეს, და როცა სილა გააწნა, იმ დღიდან ვუყურებთ მის რიტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების მიერ.

შემდეგ ნინო დათაშვილი, ჩემი კოლეგა, ამ შენობაში ამ ბიჭების [მანდატურების] კოლეგებმა ათრიეს და როცა მან სილა გააწნა, დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით.

ყოველ საღამოს ვნახულობდი პატიმრების მშობლებს, ერთს ვერ ნახავთ, რომ მივსალმებოდი. მრცხვენოდა.

დავუშვათ, ეტკინა [პოლიციელ მეშველაშვილს მარცხენა ლოყა]. პოლიციელად უფრო მედეგ ადამიანებს ვისურვებდი. მრცხვენია, რომ ქართულმა პოლიციამ, ივანიშვილმა და ამ ხროვამ ახალი აქილევსის ქუსლი შემოიტანა — პოლიციელის ლოყა.“

მომდევნო სხდომაზე, სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„თუკი გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდება, აღარ შეწუხდეთ, რადგან დიდი ალბათობით, არც მე ვიქნები აქ“, — მიმართა დარბაზს ზვიად რატიანმა.