1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ვერ მოხდნენ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შესახებ დღეს, 30 აგვისტოს, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება წელს ერთჯერადად იქნა მიღებული, ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული განათლების რეფორმის პირველი წელია.

როგორც მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილი აბიტურიენტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ. მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვის და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით ერთჯერადად იქნა მიღებული.

სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


„ქართული ოცნების“ მიერ გატარებული განათლების რეფორმის (რომელსაც ოპონენტები “დეფორმას” უწოდებენ) შემდეგ ჩატარებული ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. გასულ წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, თუმცა უნივერსიტეტებს მიღმა დარჩნენ.

რამ გამოიწვია ეს აცდენა და რამდენად გაამართლა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმამ – ამ და სხვა საკითხებზე გირჩევთ წაიკითხოთ: