მინისტრის ბრძანებით, ციხეებში ამანათის მიღება-გაგზავნის წესი შეიცვალა.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი რომელაშვილი, რომელიც, მეგობრებთან ერთად, ყოველთვიურად პატიმარი ქალებისთვის ამანათები მიჰქონდა, აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა ვეღარ გაგრძელდება.
„იუსტიციის სამინისტრომ შეცვალა ციხეებში ამანათების მიღების წესი. ერთი პატიმარი მიიღებს თვეში 2 ამანათს, მეტს — არა. შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია, რომ ყოველთვე ქალთა ციხეში აგვქონდა სხვადასხვა ნივთები, საკვები და ტანსაცმელი, ვეღარ გაგრძელდება, რადგან ოჯახებს ვერ წავართმევთ ამ ორი შეგზავნის საშუალებას. ამანათების შეგზავნას გავაგრძელებთ ისეთ პატიმრებთან, ვისაც ოჯახი არ ჰყავს ან არ უგზავნიან ყოველთვე რაიმე ამანათს“, — წერს რომელაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა გამოსცა თითოული პენიტენციური დაწესებულების დებულებები, რითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინა, 2015 წლის ბრძანებები.
ახალი წესის მიხედვით, ამანათის მიღება პატიმარს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს − თვეში ოთხჯერ. წინა ბრძანებით, ამანათების რაოდენობა ლიმიტირებული არ ყოფილა. თუმცა არ შეცვლილა მისაღები ამანათის ზღვრული წონა, რომელიც ერთობლიობაში თვეში 40 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
შეიცვალა სატელეფონო საუბრის ოდენობები, რაც განსხვავებულია ციხის ტიპისა და დაკავებულის სტატუსის მიხედვით.
მაგალითად, გლდანის ციხეში მსჯავრდებულს ძველი წესით, საკუთარი ხარჯით, სამი 15-წუთიანი სატელეფონო საუბრის უფლება ჰქონდა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი. ახალი ბრძანებით, მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით. ბრალდებულს უფლება აქვს, თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით.
რაც შეეხება ქალ პატიმრებს რუსთავის ციხეში, მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, უფლება აქვს, თვის განმავლობაში ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული − 90 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი.
მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, უფლება აქვს, თვის განმავლობაში ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში 90 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული — 15 წუთით.
მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით.
პატიმრებს შორის სატელეფონო საუბარი დაწესებულების დირექტორის ნებართვით დასაშვები გახდა იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს — დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
