ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სისხლი სამართლებრივი დევნა ემუქრება ტროტუარზე დგომის გამო. როგორც ექიმმა ნეტგაზეთს განუცხადა, 8 იანვარს ჩატარებულა ადმინისტრაციული სხდომა და მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მისი საქმე შსს-ში გადაუგზავნია, რადგან დაუნახავს სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ვაჟა გაფრინდაშვილი წარსული უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით, თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, 8 იანვარს უკვე ტროტუარზე დგომის გამოც უპირებდნენ სამართალდამრღვევად ცნობას. ამ ორის ერთიანობა კი, მოსამართლის შეფასებით, შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.

2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც შსს-ს მიეცა შესაძლებლობა, დასჯადი გახადოს ტროტუარზე პროტესტიც –  „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“.  ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე. მოსამართლის ლოგიკა სავარაუდოდ ასეთია, რადგანაც ექიმს მანქანების სავალი გზის გადაკეტვაზე წარსულში უკვე ჰქონდა სანქცია შეფარდებული, ტროტუარის წესის “დარღვევას”  და მანქანების სავალი გზის გადაკეტვას ერთი და იგივე ქმედებად აკვალიფიცირებს და სამართალდარღვევის განმეორებაზე აქვს ეჭვი, რაც უკვე სისხლის სამართლით ისჯება.

ვაჟა გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ წარსულში სამანქანო გზის გადაკეტვა ტყუილზე დაფუძნებით დააბრალეს. ექიმის თქმით, ტროტუარზე დააკავეს და სამანქანო გზის გადაკეტვას მოედავნენ.

ახლა, ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ნამდვილად იმის გამო უპირებენ უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებას, რომ ტროტუარზე იდგა. ანუ იმას ედავებიან, რაც გააკეთა, მხოლოდ და მხოლოდ იდგა ტროტუარზე.

“გზა და ტროტუარი ამათთვის, როგორც ჩანს, ერთია”, – გვითხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

როგორც ცნობილია, ანალოგიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე სამოქალაქო აქტივისტების, გიორგი წულაიას და 3 შვილის დედის, ანა ბდეიანის შემთხვევაშიც. მათაც სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ ტროტუარზე დგომის გამო.

3 შვილის დედას ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას – ადვოკატი