საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სამჯერ დააყენეს [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკითხი, თუმცა არ მიეცა მსვლელობა.
ეს განცხადება მან საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში გააკეთა.
„ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა იმ პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დაპირისპირებულია მათთან.
მე გეტყვით, პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გაათავისუფლონ… მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.
ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაცა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ.
და რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს [პროტესტი] ხდებოდა: ყოველ ღამე ჩვენი მამები, მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან, ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო ვთქვათ ცრემლსადენი გაზით და წყლით.
და ბევრი კადრებია ამის შესახებ – მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან რაღაცა წყალს, საკურთხეველში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ესე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ. და მამების უკან ვინც შედიოდა, ეს პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად.
ბევრი რამ კიდევ კეთდება. ციხეებში დაორგანიზებული გვაქვს, 30-მდე სასულიერო პირი არის, რომელიც დადის ციხეებში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

![სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2025/01/Untitled-design-35.jpg)






