კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალი წარუდგინეს თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს და მის თანამშრომლებს. ამის შესახებ დღეს გენერალური პროკურორის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომელმაც საზოგადოებას სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ ამცნო.

კახა გვაცნელაძე ლილუაშვილთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობს.

“გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გვანცელაძე ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2017-2023 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც TV პირველის ცნობით, მან ქვეყანა დატოვა.