ავსტრიის (fhk, uniko), გერმანიის (HRK), პოლონეთისა (CRASP) და სლოვაკეთის (SRC) რექტორთა კონფერენციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო. კერძოდ, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რექტორთა კონფერენციების შეფასებით, საფრთხეს უქმნის საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გაუქმებას საქართველოში.
“კონცეფცია არღვევს იმ პრინციპებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველომ აიღო, როგორც ბოლონიის პროცესის და ,შესაბამისად, ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის სივრცის წევრმა. კონცეფციით გათვალისწინებული ზომები — უმაღლესი სასწავლებლების სისტემისა და დაფინანსების რესტრუქტურიზაციის, სწავლების, კვლევისა და პერსონალის სტრუქტურის რეორგანიზაციის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობის სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ — მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურის სრულ დაშლას. ყველაფერი, რაც დარჩება, სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და მართვაში მოექცევა.
დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის მომავალს. ეს ასევე გაანადგურებს ბოლო წლების ყოვლისმომცველი რეფორმების შედეგად მიღწეულ წარმატებებს. ამ რეფორმებმა, რომლებიც მნიშვნელოვანი ევროპული მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველო ევროპის კვლევისა და უმაღლესი განათლების სივრცეში დაფასებულ საგანმანათლებლო დანიშნულების ადგილად აქცია. შესაბამისად, ქართული უმაღლესი სასწავლებლები სასურველი პარტნიორები არიან კვლევისა და სწავლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
ჩვენ, ამ განცხადების ხელმომწერნი, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს. ერთობლივად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ უარი თქვას ამ კონცეფციაზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროპული კვლევისა და უმაღლესი განათლების სივრცის ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოუცხადონ სოლიდარობა ქართულ უნივერსიტეტებს და მხარი დაუჭირონ მათ ყველა შესაძლო გზით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ.
პოლონეთის აკადემიური სკოლების რექტორთა კონფერენცია – CRASP
გერმანიის რექტორთა კონფერენცია – HRK
ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტების კონფერენცია – FHK
ავსტრიის უნივერსიტეტების კონფერენცია – uniko
სლოვაკეთის რექტორთა კონფერენცია – SRK
რექტორთა კონფერენცია, როგორც წესი, არის უმაღლესი სასწავლებლების ნებაყოფლობითი გაერთიანება. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტების ხმას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. გერმანიის მაგალითზე HRK აერთიანებს გერმანიის თითქმის ყველა სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელს. მასში შედის 270-ზე მეტი სასწავლებელი. წევრებს შორის არიან კლასიკური უნივერსიტეტები, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტები, მუსიკისა და ხელოვნების აკადემიები. გერმანიის სტუდენტების დაახლოებით 90% სწორედ HRK-ის წევრ უნივერსიტეტებში სწავლობს.
