MMA-ის მებრძოლი და UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელებში განცხადებას ავრცელებს. ილია თოფურია ამბობს, რომ სთხოვდნენ ფულს და აშანტაჟებდნენ მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელებით. მისი თქმით, შესაბამისი მასალები მართლმსაჯულების სისტემას მიაწოდა.
ცნობილი ესპანური გაზეთი “მარკა” წერს, რომ ილია თოფურია ცოლს ეყრება და ეს ამბავი აქედან იღებს სათავეს.
თოფურია განცხადებაში არ ასახელებს მისი ბრალდების ადრესატს და საზოგადოებას სთხოვს, პატივი სცეს მისი ოჯახის პირად ცხოვრებას.
“როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში დროებით მომიწია ტიტულის დაცვაზე უარის თქმა. რაც, როგორც წარმოგიდგენიათ, ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მაგრამ როდესაც ცხოვრება გიქმნის სიტუაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიმშვიდეს, შენს ოჯახს და რეპუტაციას, დგება დრო, როდესაც უნდა გადადგა ნაბიჯი წინ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე განვიცადე აუტანელი სიტუაციები და ზეწოლა მუქარით, რომ თუ ფულს არ გადავიხდიდი, გავრცელდებოდა უსაფუძვლო ბრალდებები [ჩემი მხრიდან] არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგრამ სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ფაქტები.
ყველა მათგანი [მუქარები] იდეალურად არის დოკუმენტირებული – აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები, ჩვენებები და ვიდეოები – და ხელმისაწვდომია სასამართლოებისთვის, რათა იურიდიულად გააგრძელონ არა მხოლოდ გამოძალვის მცდელობის, არამედ მტკიცებულებების გაყალბების და ქურდობის შემთხვევების გამოძიებაც კი, მიღებულ მუქარებთან ერთად.
ვცადე ჩუმად ვყოფილიყავი, რათა დამეცვა ჩემი შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყრდენები არიან, მაგრამ მივხვდი, რომ ჩუმად ყოფნა აღარ ნიშნავს დაცვას: ეს ტყუილს აძლევს ზრდის საშუალებას.
ბევრმა ადამიანმა გაიარა მსგავსი სიტუაციები და სამართალმა, ადრე თუ გვიან, ყოველთვის გაიმარჯვა. დღეს ჩემი ჯერია, წინ დავდგე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ უნდა დაემორჩილოს ზეწოლას, მანიპულაციას ან შიშს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს გამომიყენებია ძალადობა ვინმეს მიმართ და ჩემი ღირებულებები ყოველთვის იყო პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნება.
დღეს ჩემი ჯერია, წინ წავიდე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ არ უნდა დანებდეს ზეწოლას, მანიპულირებას ან შიშს.
ჩემს სიმართლეს არ სჭირდება ყვირილი; ის უბრალოდ უნდა მოისმინონ”, – ნათქვამია თოფურიას განცხადებაში.








