საზოგადოება

ახალი აქცენტები მათე დევიძის საქმეში — რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო

13 დეკემბერი, 2025 •
ახალი აქცენტები მათე დევიძის საქმეში — რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძის საქმე განიხილება, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვება.

სააპელაციო სასამართლოში ახალგაზრდა სინდისის პატიმრისთვის, რომელიც 21 წლის ციხეში გახდა, მსჯავრის დამძიმებას ითხოვს პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი. მათეს ადვოკატები მის სრულ გამართლებას ითხოვენ. ალტერნატივის სახით არ გამორიცხავენ მსჯელობას ბრალის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემცირებაზეც.

„სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მძიმე სასჯელი“, — განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მათე დევიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ის 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. 21 წელი მას ციხეში შეუსრულდა.

პროკურორი აცხადებს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება „კანონიერი“ იყო. თუმცა მისთვის სასჯელის ზომა არ არის დამაკმაყოფილებელი და თვლის, რომ ეს მინიმალური სასჯელი, როცა წარდგენილი მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, არ არის საკმარისი. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელებმა, გიორგი კოდალაშვილმა, გიორგი ესტატიშვილმა და ბიძინა ჟამერაშვილმა „განიცადეს ტკივილი“, ჟამერაშვილს კი მიადგა ფიზიკური ზიანი „ჯანმრთელობის დაუზიანებლად“.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც მათე დევიძის საქმეში სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ჩაერთო, ამბობს, რომ ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილება, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში, საქმეში არსებულ აქტუალურ საკითხებს არ პასუხობს.

რაში მდგომარეობს მისი არგუმენტები და ახალი აქცენტები მათე დევიძის საქმეში, რაც საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოგვისმენია და რის შესახებაც ვრცლად დასკვნით სიტყვაში 12 დეკემბერს ისაუბრა მათე დევიძის დაცვის მხარემ.

1. არ შეიძლება ადამიანი ერთი და იმავე ქმედებისთვის პასუხისგებაში მიეცეს ორჯერ.

დაზარალებული მოწმე პოლიციელები ჰყვებიან, რომ მათემ დაარტყა მათ ჯოხისებრი ნივთი, შემდეგ ისინი დაედევნენ დასაკავებლად და დააკავეს კიდეც ადმინისტრაციული წესით. ადვოკატის შეფასებით, ბრალდების ინტერესი სისხლისსამართლებრივი დევნა იყო და ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენეს, როგორც „საინკუბაციო პერიოდი“ მოსამზადებლად, რომ შემდეგ, ზუსტად იმავე ქმედებისთვის, რომელსაც საქმეში შემოსული გამომძიებელი იდენტურად აღწერს, როგორც ადმინისტრაციული დაკავებისას, ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინათ მათე დევიძისთვის. ადვოკატის განმარტებით, ეს არის „ორმაგი დევნა“, რითაც ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლი ირღვევა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია „აუცილებელი მოგერიების“ ფაქტორზე.

აუცილებელია მოგერიება, როდესაც პირი მოქმედებს საკუთარი თავის ან სხვის დასაცავად. ეს შეიძლება ჰგავდეს დანაშაულს, მაგრამ არ ითვლება დანაშაულად.

  • ერთ-ერთი დაზარალებული მოწმე პოლიციელი, ბიძინა ჟამერაშვილი ჩვენებაში აღწერს, რომ როდესაც განყოფილებაში ჰკითხა მათეს, რატომ დაარტყა, მათემ უპასუხა, რომ შეეშინდა და ამიტომ.
  • მათე დევიძის საქმეში გამოკითხულია 3 მოწმე  -დემონსტრანტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდა. და დღეს სამივე მათგანი პოლიციის მხრიდან დაზარალებულად არის ცნობილი.
  • ადვოკატი განმარტავს, რომ ვიდეომასალაში ჩანს, გარკვეული მცირე ჯგუფი ნამდვილად ატარებს პოლიციის ფორმას, მაგრამ უმეტესი ნაწილი არის შავად შემოსილი, შენიღბული, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე და შეუძლებელია მათი გაიგივება სამართალდამცველებთან.
  • თავად მოწმე პოლიციელებიც, მოწმე დემონსტრანტებიც ამბობენ, რომ იყო დაძაბული ვითარება და ხელჩართული დაპირისპირება.

„ხომ არ ჰგავს ეს აუცილებელ მოგერიებას?“, — სვამს კითხვას ადვოკატი ფურცელაძე, — „რას ნიშნავს „შემეშინდა“? რას ნიშნავს დაზარალებული პოლიციელის ჩვენება, რომ ბრალდებულმა დაარტყა ჯოხი იმიტომ, რომ „შეეშინდა“. ბრალდებულს არ ჰქონია ზიზღი პოლიციის მიმართ, თავდასხმის მოტივაცია, ამას ვერ ადასტურებს ბრალდება. მისი მოწმეებიცა და ბრალდებულიც საუბრობენ შიშზე.

კოდალაშვილს და ჟამერაშვილს შეიძლება სცმოდათ ფორმა, მაგრამ 10%-ს ეცვა ფორმა და დანარჩენები, ათობით, იყვნენ ნიღბებით, ამომცნობი ნიშების გარეშე. თუ ეს რამდენიმე კაცი ამომცნობი ნიშნებით დგას 50-კაციან ბანდაში, რომელიც შენიღბულია, იგინება და ისვრის საგნებს, ვერც მათე დევიძეს და ვერავის ექნება განცდა, რომ იქ საპოლიციო მოქმედება ტარდება. 2 დღის ღამენათევი 20 წლის ბიჭი ვერ იტყვის, რომ საფრთხე არ ემუქრება.

მათე დევიძეს ვერ ექნებოდა უსაფრთხოების განცდა, მას ექნებოდა ყველა შესაძლო საშუალებით თავის და მეგობრების დაცვის მოტივი“, — აღნიშნავს ადვოკატი.

3. იყო კი მათე დევიძის ქმედება, მით უმეტეს, აუცილებელი მოგერიების კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიციელზე თავდასხმა?

თუ ბრალდების მოწმეებიც იმას ამბობენ, რომ მათე დევიძე შიშის ქვეშ მოქმედებდა, სად იკვეთება თავდასხმის განზრახვა?

„ქმედება რომ შეფასდეს თავდასხმად, მას სჭირდება მოტივი, განზრახვა. პოლიციელმა რომ დაზიანება მიიღო არ კმარა საიმისოდ, რომ მათე დევიძის ქმედება ჩავთვალოთ თავდასხმად. რადგან დაზიანებას აუცილებელი მოგერიების დროსაც იღებენ ადამიანები“, — განმარტავს ადვოკატი.

ომარ ფურცელაძის თქმით, 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რითაც ბრალი აქვს წარდგენილი მათე დევიძეს, უნდა არსებობდეს პოლიციელზე თავდასხმა საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შურისძიების მიზნით, ან გენერალიზებული ზიზღის მოტივით. საქმეში კი არ არსებობს არავითარი მტკიცებულება და მინიშნება იმაზე, რომ მათე დევიძეს რამე მსგავსი მოტივი ამოძრავებდა.

დავის საგანია „დანაშაულის იარაღი“, რომელსაც მოწმე პოლიციელები აღწერენ ჯოხისებრ ნივთად, პროკურორი იხსენიებს როგორც ჯოხს, ოღონდ ეს „ჯოხი“ ამოღებული არ არის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ნივთზე მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობს და აღწერს, არის მოწმე, დემონსტრანტი ვახტანგ რუხაია, რომელიც ამბობს, რომ „გამთენიისას გაიზარდა ხალხის რაოდენობა, გადაიკეტა გზა, პოლიციის თანამშრომლებმა მოულოდნელად დაიწყეს დაკავება, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ მოქალაქეებს, გამოიწვია ამან ქაოსი. არ დამინახავს მათე დევიძის ხელში ჯოხი, დავინახე დახვეული მუყაო, რომელზეც იყო წარწერა.“

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი კი თავის გადაწყვეტილებაში მათე დევიძის საქმეზე წერს, რომ რუხაიას ჩვენება მათე დევიძის დანაშაულს არ გამორიცხავს.

„ნინო გალუსტაშვილი არის ერთადერთი ადამიანი მთელ ამ ისტორიაში, რომელიც ამბობს, რომ არა, მათე დევიძეს არ შეშინებია, მას თავდასხმის განზრახვა ჰქონდა“, — ამბობს ფურცელაძე, — „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ამას არ ვიტყოდი, თუნდაც რომ უარეყო, მაგრამ ემსჯელა მაინც აუცილებელ მოგერიებაზე. […] ეს არის შურისძიება მათე დევიძეზე, გარკვეული კორპორაციული ღირსების დაცვა.”

სხდომის დასასრულს მათე დევიძემ მოკლე სიტყვით ისარგებლა, მხარდაჭერისთვის, პროტესტის შენარჩუნებისთვის მადლობა რომ გამოეახატა.

„მინდა, 2025 წლის 19 ნოემბერს გამართული აქციის გამო მადლობა გადაგიხადოთ და ბოდიში, რომ ჩემ გამო საფრთხეში ჩაიგდეთ თავი. მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც ამ 1 წლის განმავლობაში მე, ჩემს ოჯახს და საქართველოს ედგა რუსთაველზე გვერდში. არ ვიცი, რანაირად შეიძლება ამდენი ხანი, ამდენი დაშინების, ცემის, დაკავების, უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, ასე ლამაზად და სიმამაცით ედგეთ წინ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს ხალხზე“, — თქვა მათემ.

რას უნდა ველოდოთ პროკურორისგან პასუხად?

22 დეკემბერს, მომდევნო სხდომა პროკურორის რეპლიკით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მან ადვოკატების დასკვნითი სიტყვის არგუმენტებს უნდა უპასუხოს. თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ანი ხუბეჯაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი არგუმენტები არაერთ საქმეში მოუსმენია.

„თუ სადმე რომელიმე კონკრეტულმა პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული, თითქოს ეს რომელიმე მოქალაქეს აძლევს იმის უფლებას, რომ თავს დაესხას პოლიციელს, ამას არქმევს დაცვის მხარე აუცილებელ მოგერიებას, რასაც არანაირი შემხებლობა არ აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან და კანონმდებლობასთან.

პოლიციელზე თავდასხმა როცა ხდება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსი, მიიჩნევს დანაშაულად. ქმედება, რომელიც მათე დევიძეს ბრალად დაედო და დღეის მდგომარეობით ის უკვე მსჯავრდებულია, იყო თავდასხმა და გამოხატულია იმ მტკიცებულებებით, რომელიც გამოვიკვლიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მე არ უნდა მქონდეს მათე დევიძის მიმართ რაიმე სახის სუბიექტური დამოკიდებულება. როდესაც ვსაუბრობ გარემოებებზე, ვსაუბრობ საქმეში არსებულ გარემოებებზე. […] დაზარალებული არის არაერთი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ეს ქცევა პირს ახასიათებს არაკანონმორჩილად. სხვა გარემოება ჩემთვის საქმეში არ გამოკვეთილა. ეს არის საერთო სურათი, თუ ვაფასებთ, არის თუ არა სასჯელი რელევანტური“, — ამბობს ხუბეჯაშვილი დასაბუთებისას, რატომ იმსახურებს მათე დევიძე უფრო მძიმე განაჩენს.

22 დეკემბერს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლებს მათე დევიძეც. ამავე სხდომაზე, სავარაუდოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებასაც მოვისმენთ. ნინო ჩახნაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც თავის დროზე, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს, მათ შორის, მაკო გომურს, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. საზოგადოებას ის ასევე შეიძლება ახსოვდეს 20 ივნისთან დაკავშირებული სხვა საქმეებიდან, მათ შორის, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმიდან, როდესაც მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი