“სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მიერ კავკასიის უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
კობახიძის შეფასებით, “ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა”.
„ამ კონტექსტში მე მახსენდება ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ Deep State-მა არსებითი გავლენა მოიპოვა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი აიხსნას. სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა გავიხსენოთ ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ Deep State-მა სუვერენიტეტი დააკარგვინა ბრიტანეთის ხელისუფლებას. ელჩის ასეთი განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. საუბარია დიდ ბრიტანეთზე და ინგლისზე, რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, როგორც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის აკვანი. ასეთ პირობებში, პირდაპირ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოს ელჩი ამ ძირეულ პრინციპებს. რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ასე არ მოიქცეოდა. ასეთი განცხადებების კეთებას, ბრიტანეთის ელჩს ურჩევნია ბოდიში მოიხადოს იმ სიყალბით გაჯერებულ სიუჟეტზე, რომელიც ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაერთიანებული სამეფოს ელჩს დილიდან ესხმის თავს “ქართული ოცნების” პროპაგანდა კავკასიის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო.
- ნატო- NATO არის ევროპის კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედი, ხოლო გაერთიანებული სამეფო მშპ-ის 5% -ს თავდაცვისთვის გამოყოფას გეგმავს, რათა რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს.
- გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მათ შორის ხელმძღვანელობს “უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს”, რომელმაც წელს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან £50 მილიარდზე მეტი კონტრიბუციის შესახებ მიიღო პირობა.
- გაერთიანებული სამეფო, რუმინეთთან ერთად, NATO-ს საკონტაქტო საელჩოა საქართველოში. ჩვენი კამპანიის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, NATO-ს პოლიტიკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გავავრცელოთ და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
- გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წამყვან წყაროდ და გვსურს, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს დაბალანსებული ზრდით და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ და ენერგეტიკულ ნაკადებზე.
- გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდება ევროატლანტიკურ გზაზე.







