საზოგადოება

BBC-ის რესპონდენტი: წყლის ჭავლის მანქანასთან დაკავშირებული ყველა პირის გვარი აქვთ

8 დეკემბერი, 2025 •
BBC-ის რესპონდენტი: წყლის ჭავლის მანქანასთან დაკავშირებული ყველა პირის გვარი აქვთ

შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ  BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი უჩვენეს, ვისაც შსს-ს სპეცრაზმში წყლის ჭავლის მანქანასთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა.

ამ საკითხზე შერგელაშვილმა გიორგი თარგამაძის “ფორმულაში” ისაუბრა.

ლაშა შერგელაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  იმავე სპეცრაზმის იმ განყოფილების უფროსი იყო წლების განმავლობაში, რომელიც შეიარაღებაზეა პასუხისმგებელი. ის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის მიერ საქართველოზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი რესპონდენტია.

“პირველი შემთხვევა იყო 2024 წელს, როდესაც მე პირდაპირ ეთერში ვუყურებდი პროტესტის დარბევებს. მე მახსოვს ადამიანების ყვირილი, რომ „რაღაც არის წყალში შერეულიო”. მაშინ მე ჩემთვის ვიფიქრე, რომ ალბათ ქიმიური სითხე შეურიეს.

შემდეგ ამას პროცესები მოჰყვა.

რა ვიგრძენი, როდესაც BBC-სთან ვმუშაობდი ამ პროცესთან დაკავშირებით. მე ვიგრძენი, რომ ისინი მონაყოლს, ან მოსმენილს არ თანხმდებიან. მათ არ აქვთ სურვილი, ასეთ ადამიანებთან ითანამშრომლონ, ვინაიდან არაერთხელ განმიმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დადგეს უამრავი ადამიანის პასუხისმგებლობა ამ ფილმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი მტკიცებულებები, რომელიც ურყევი იქნება”, – აცხადებს შერგელაშვილი და დასძენს, რომ BBC გამოძიებას 6 ან 7 თვის განმავლობაში აწარმოებდა.

შერგელაშვილი აცხადებს, რომ ის არ არის ერთადერთი წყარო BBC-ისთვის.

“იმას ვიტყვი, რაც თვითონ ვნახე და მე გადამხდა. ეს იყო ასეთი სიტუაცია: ამ მუშაობის პროცესში ხშირად მეკონტაქტებოდნენ, მაჩვენებდნენ ადამიანების სიებს. მე არ ვასახელებ მათი სახელებს და გვარებს იმიტომ, რომ მე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მსახურობენ და ასე შემდეგ… არ მინდა ეს უხეშად გამომივიდეს, მაგრამ, როგორც ჩემი ყოფილი კოლეგები, არ მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება.

მაჩვენეს ყველა იმ ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ პროცესთან. მე არ ვგულისხმობ დარბევის პროცესს, მე ვგულისხმობ, ავტომობილ “ტომასთან“ [წყლის ჭავლის მანქანა], გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვში და მის აღსრულებაში ვინც იყვნენ ჩართული — ამ ადამიანების ზუსტი მონაცემები აქვთ.

მძღოლებიც, ოპერატორებიც, ხელმძღვანელი პირები და ასე შემდეგ, იერარქიულად ზემოთ. ჰქონდათ აბსოლუტურად [ყველა მონაცემი] და მე მთხოვეს, რომ დამედასტურებინა ამ ადამიანების ავთენტურობა”, – აცხადებს შერგელაშვილი და დასძენს, რომ  BBC-ის წარმომადგენლებს იურისტებთან ერთადაც შეხვდა.

“როდესაც უკვე ეს ფილმი მთავრდებოდა და შემატყობინეს, რომ ძალიან მალე გავიდოდა… როდის უნდა გასულიყო – ამას, სხვათა შორის, ძალიან საიდუმლოდ ვინახავდით, იქიდან გამომდინარე, რომ არ გამსკდარიყო ეს საქმე და ისე, როგორც ახლა, რაღაც ბრალი რომ წამიყენეს, რამე არ მოეგონებინათ ჩემი ავტორიტეტის შესალახად.

იურისტებმს— მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა — მათ უკვე გავლილი აქვთ კონსულტაცია ჰააგის იურისტებთან. ვინაიდან საუბრის დროს მითხრა ასეთი რაღაც: მათ იცოდნენ , რა საშინელ სითხესაც იყენებდნენ (ქიმიურ შენაერთს)  თუ არ იცოდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ იცოდნენ, ეს იყო ექსპერიმენტი… ანუ ექსპერიმენტულად მოწამლეს ადამიანები ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას იყენებდნენ. ეს არის გაცილებით საშიში, დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი, ვიდრე ის, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად. აი, სწორედ ასეთი პასუხები გამცეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

“როდესაც პროცესი დამთავრდა, მითხრეს, რომ „არ არის გვიან, გადაიფიქრო, თქვა უარი ფილმში მონაწილეობაზე“. მე ვუთხარი, რას გამოიწვევს ჩემი უარი. „შენი უარი გამოიწვევს იმას, რომ კი, ჩვენ ამას დავასახელებთ, კი, რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ეს შენი გაკეთებულია, მაგრამ რაღაც კონკრეტულ პერიოდს ეს შენ ანონიმურობას შეინახავს და, ასე რომ ვთქვათ, პროცესი უფრო გაიწელება. მაგრამ თუ შენ მიიღებ მონაწილეობას, ეს შენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვალდებულები ვართ გაგაფრთხილოთ: შენზე წამოვა ზეწოლები, რომ შეეცდებიან“… მე ინგლისურ ენაზე არ ვესაუბრებოდი, თარჯიმანი გვყავდა ჩვენ და, მე როგორც გადამითარგმნეს, აი, ასეთი სიტყვებით მითხრეს, არ ვიცი, უბრალოდ ეს ინგლისურად როგორ ჟღერს, რომ „აუცილებლად გაგაშავებენ, ლაშა. აუცილებლად დაიწყებენ დევნას შენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის, ვინც კი გყავს. თუ ხარ შენ ამისთვის მზად, მაშინ ჩვენ ამ ფილმს გავუშვებთ“.

მე ვუთხარი, კი ბატონო. შემდეგ იყო მეორე ეტაპი, როდესაც მათ მითხრეს, რომ „ეს პროცესი როდესაც დაიძვრება, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოზე გამოგიძახებენ, როგორც მოწმეს“. მე ვუთხარი, „თუ ეს პროცესი დაეხმარება ჩემს სამშობლოს — კი ბატონო, მე მზად ვარ ამისათვის“, – აცხადებს შერგელაშვილი.

მას შემდეგ, რაც შერგელაშვილი BBC-ის ფილმში გამოჩნდა, სუს-მა პოსტ-ფაქტუმ განაცხადა, რომ ლაშა შერგელაშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული. უწყება მუშაობს ვერსიაზე, რომ შერგელაშვილი ფიგურირებს საქმეში, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბრის აქციისთვის უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოიტანეს. შერგელაშვილის თქმით, მან არაფერი იცოდა, რომ ამ საქმეზე ძებნაში იმყოფებოდა. ის ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი