სპორტის ახალ სასახლეში მაყურებელმა დაუსტვინა მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგენდამ, გიორგი შერმადინმა გამოსამშვიდობებელ მატჩზე სამადლობელ სიტყვაში ირაკლი კობახიძე ახსენა.
შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს და თბილისში უკრაინის წინააღმდეგ ბოლო მატჩი ჩაატარა. თამაშის დასასრულს შერმადინი გულშემატკივარმა ოვაციებით დააჯილდოვა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გულშემატკივარი უკმაყოფილებას გამოხატავს და უსტვენს მხოლოდ მაშინ, როდესაც შერმადინი პრემიერს ახსენებს. ამის შემდეგ კალათბურთელი ხელს მაღლა სწევს და გულშემატკივარს ჟესტური ენით სთხოვს, სიტყვის დასრულება აცადონ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სპორტის გულშემატკივარი ირაკლი კობახიძეს უსტვენს. ასეთი რამ მოხდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისში ნაკრების დახვედრისას, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტაში დაუკრეს, ხოლო კობახიძეს დაუსტვინეს. კობახიძემ მოგვიანებით ეს ამბავი “კოლექტიურ ნაცებს” დააბრალა.







