საზოგადოება

კლუნების ფონდი მზიას განაჩენზე: “მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე”

20 ნოემბერი, 2025 •
კლუნების ფონდი მზიას განაჩენზე: “მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე”

ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას და კრიტიკულად აფასებს მას.

“გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ არის მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness Report), რომელიც შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას. #FreeMzia”, – ნათქვამია კლუნების ფონდის განცხადებაში.

კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის (Clooney Foundation for Justice – CFJ) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დააარსეს ცნობილმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ და მისმა მეუღლემ, საერთაშორისო უფლებადამცველმა იურისტმა ამალ კლუნიმ. ფონდის მიზანია სამართლიანობის დაცვა და ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევები მასშტაბურ ხასიათს ატარებს და სისტემური უსამართლობაა.

TrialWatch (სასამართლოს მონიტორინგი): ეს არის CFJ-ის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას და სასამართლო პროცესების მონიტორინგს მთელ მსოფლიოში. იგი ფოკუსირებულია იმ ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეებზე, რომლებიც უსამართლოდ არიან დაპატიმრებული ან გასამართლებული, სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მონიტორინგის დასრულების შემდეგ, TrialWatch აქვეყნებს “სამართლიანობის ანგარიშებს” (Fairness Reports), რომლებიც აფასებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.

კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის აქტიურად არის ჩართული მზია ამაღლობელის საქმეში. ფონდის TrialWatch ინიციატივა უწევს მონიტორინგს მის სასამართლო პროცესს, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ბრალდებების პოლიტიკური მოტივით და აპირებს გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიში საქმის სამართლიანობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი