დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:
„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა. ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.
არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტილებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვნისთვის.
დაველოდები გადაწყვეტილებას.
ჩავთვალოთ, რომ დარბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ ციხეში, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება, გააკეთებს და მიზეზებს მოიფიქრებს.
[…]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთხელ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არა. მე პატიმრობა კი არა, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ. ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ, ეკონომიკურმა გამოწვევებმა… ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება.
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.
ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.
სანამ მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდოდა და გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მზია ამაღლობელმა რეპლიკის უფლებითაც ისარგებლა. მადლობა გადაუხადა ადვოკატებს და აღნიშნა რომ მათი კომპეტენცია, თავისუფლება იყო მთავარი მოტივი, რის გამოც სასამართლო სხდომებს ესწრებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს, კრიტიკულ მედიას, თანამოაზრეებს, ოჯახს, წამით მარტო არ დავუტოვებივარ, ვფიქრობ, რომ არა ჩემი ადვოკატების კომპეტენცია, მათი პასუხისმგებლობა, მათი თავისუფლება რეჟიმის გავლენებისგან, რომ არ ყოფილიყო მათი პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ჩემი ფეხი სასამართლოში არ იქნებოდა. ჩავთვლიდი, რომ აზრი არ აქვს. ვიტყოდი, რომ ელაპარაკონ ერთმანეთს სასამართლო და ბრალდების მხარე. ღირსეული დაცვა მყავდა და იმედი მაქვს, რომ ამ ღირსეული დაცვის წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტები, არგუმენტები გათვალისწინებული იქნება“, — თქვა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მიწურულს.







