საზოგადოება

მზია ამაღლობელი: არ მგონია, სასამართლოს ჩემგან საშიში კრიმინალის შექმნა გამოუვიდეს

11 ნოემბერი, 2025 •
მზია ამაღლობელი: არ მგონია, სასამართლოს ჩემგან საშიში კრიმინალის შექმნა გამოუვიდეს

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სააპელაციო სასამართლოში სიტყვა ითხოვა.

„მინდა, გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას. მინდა, მადლობა ვუთხრა დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზს გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც და ოჯახს, რომ მარტო არ მტოვებენ ამ დარბაზში.

სამწუხაროდ, ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი, თუმცა, სასამართლოს ახალ შემადგენლობასთან, თუმცა ბრალდებულის — არადა, უკვე მსჯავრდებულის სტატუსით. მინდა ვთქვა, რომ მიუღებლობა მაქვს ამ სტატუსთან“,  — განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამ დროს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა გააწყვეტინა სიტყვა და შესთავაზა, შემინული სივრციდან გამოსულიყო. მან ბადრაგის სამსახურს მიმართა, თუ პროტოკოლით დაშვებულია, ის აძლევს მზია ამაღლობელს უფლებას, გამოვიდეს შემინული სივრციდან. მზია ამაღლობელმა საუბარი ადვოკატის გვერდით გააგრძელა:

„სილის გაწვნა არც თავდასხმაა და არც წინააღმდეგობა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საპატიმრო სასჯელი მომცა — ორი წლით გამიშვა ციხეში. არსებობს, ალბათ, ადამიანების ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ მადლიერი უნდა ვიყო ამ სასჯელის. იმიტომ, რომ ალბათ, ეს ადამიანები ადარებენ ბატონი პროკურორის ბრალდების სასჯელს, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ ასე ვინც ფიქრობს, ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირეა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან, არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციას და არც სახელაშვილის განაჩენს. ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

მზია ამაღლობელმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 10 თვეა, პატიმრობაშია და იშვიათად ყოფილა კვირა, როდესაც ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური პირები, მმართველი პარტიის ლიდერები, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებიდან, პროპაგანდისტული ეთერებიდან თავს არ ესხმიან.

„დიდი არაფერი, მაგრამ დანაშაულის თუ ცრუ ბრალდების შემცველ ყველა უპასუხისმგებლო კომენტარზე ჩემს ადვოკატებთან ერთად სამართლებრივი რეაგირება მაქვს და მექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, ასე გააგრძელებენ.

სიმართლე გითხრათ, უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. ამიტომ არ უნდა შევეგუოთ. დღეს ამ დარბაზში ზუსტად იმიტომ ვარ, რომ ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოსგან მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას.

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ სასამართლო საზოგადოების ნებას უნდა გამოხატავდეს. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, როდესაც ვფიქრობ იმ ქმედებაზე, რის გამოც აქ ვარ, ამასთან დაკავშირებით რაზეც შეიძლება მიმითითოს საზოგადოებამ და განმსაჯოს, არის ის, რომ საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე ის, რომ იმ კაცს როცა სილა გავაწანი, ამის გამო სინანულში ჩავვარდნილიყავი. მან მაგინა, მაფურთხა, არაადამიანურად მომექცა. დღემდე დაზარალებულადაც არ ვარ აღიარებული. ფორმალურად, განცხადებაც არ გაკეთებულა, რომ ე.წ. დაზარალებულმა დგებუაძემ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა“, — განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მისი თქმით, გამოძიებამ არაფერი გააკეთა, რადგან რეჟიმს მოძალადეები სჭირდება — ამ მოძალადეებს აჯილდოებს და მფარველობს, რომ შემდეგ პოლიტიკური და უკანონო დავალებები შეასრულებინოს.

„ამ მოცემულობაში არ ვიცი, რამდენად გამოუვა სასამართლოს ის, რომ ჩემგან კრიმინალი შექმნას, თან საშიში კრიმინალი. არა მგონია, ეს გამოუვიდეს. იმიტომ, რომ ქმედება, რომელიც ამ ბრალდებას ეფუძნება, არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება — როცა გაქვს ემოცია შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ორ წელი ვიქნები ციხეში თუ 7, სასჯელის ეს სახე ვერ გახდება პრევენცია. ამ პატიმრობას და ამ სასჯელს საგანმანათლებლო და ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა ვერც ჩემთვის ექნება და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის.

ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროთ და იმსჯელოთ.

ყოველ შემთხვევაში მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემს საქმეს სისხლის სამართლის დატვირთვა ჩამოშორდება და მჯერა იმისაც, რომ ჩემს სამშობლოში თუ არა, ჩვენს დიდ ოჯახში, ევროპულ ოჯახში — იქ, სადაც მოსამართლეები პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, თვითგამოხატვას (დიდი სურვილი მაქვს, ჩვენთანაც ასე იყოს), მოლოდინი მაქვს, რომ ევროპულ სასამართლოში, არა მხოლოდ ჩემს საქმეზე, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი“,  — განაცხადა მზია ამაღლობელმა.

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი