საზოგადოება

კობახიძის თქმით, არ უნდა საქართველო გახდეს “ისეთი EU-ის წევრი, როგორსაც ვხედავთ დღეს”

6 ნოემბერი, 2025 •
კობახიძის თქმით, არ უნდა საქართველო გახდეს “ისეთი EU-ის წევრი, როგორსაც ვხედავთ დღეს”

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს ევროკომისიის გაფართოების 2025 წლის ანგარიშს. ის ირწმუნება, რომ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ფაქტები დამახინჯებულია.

კობახიძემ ეს განცხადება ჩინეთში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრის შემდეგ, მან ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არ უნდა საქართველო ასეთი ევროკავშირის წევრი გახდეს.

“არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც არის ასახული ამ დოკუმენტში. უამრავი დამახინჯებული ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ექნება, ბუნებრივია, თავისი შეფასება. რაც მთავარია, ეს დოკუმენტი, მთლიანობაში, ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში […]

ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც აქვს დღეს შექმნილი ევროკავშირს სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ეს მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით, იმედი გვაქვს, რომ შემობრუნდება. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, როგორსაც ვხედავთ დღეს”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე “ქართული ოცნების” მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიას. მათი ინფორმაციით, საქართველო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოების შესახებ უახლოეს ანგარიშს, ის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი