სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით პირველი ნოემბრის საღამოს რუსთაველის გამზირზე პროევროპული დემონსტრაციების ორი მონაწილე, ლევან ბუტიკაშვილი და სერგეი ყანჩელი დააკავეს.
სერგეი ყანჩელის დაკავებას შეესწრო გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთს” უყვება, რომ 9 აპრილის ძეგლთან, მანქანაში ჩაჯდომისთანავე გააჩერა პოლიციამ და პირადობები მოთხოვეს.
“არცერთს არ გვქონდა და გვითხრეს რო კრიმპოლს დავლოდებოდით. კრიმპოლის ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ გვკითხეს პირადი ნომრები და სერგეის პირადი ნომერის გაგების შემდეგ ეგრევე ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს. შემდეგ მე ჩამისვა კრიმპოლმა და მკითხა საიდან მოვდიოდი, საიდან ვიცნობდი ამ ადამიანებს და ერთად რატო მოვდიოდით. ვუთხარი რო მძღოლი ჩემი მეგობარია, მესამეს არ ვიცნობ და სახლში მივდიოდით. მკითხეს დარწმუნებული ვიყავი თუ არა იმაში, რომ არ ვიცნობდი და ვუთხარი ეხლა გავიცანი მანქანაში მეთქი. კარგი, პოლიციის მეორე ეკიპაჟი გადაგამოწმებსო. მეორე ჯგუფი რომ მოვიდა, მანქანაში ჩამისვეს ისევ და მკითხეს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. 2-3 წუთი გამაჩერეს და გადმობრძანდითო. სერგეის რაც შეეხება, ნული ინფორმაცის მოგვაწოდეს არც ის გვითხრეს რატომ აკავებდნენ, არც ის სად გადაჰყავდათ”.

სერგეი ყანჩელი

ლევან ბუტიკაშვილი დაკავება
ჯეროჯერობით უცნობია დაკავების ზუსტი მიზეზი, “ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას ცდილობს და მასალა განახლდება.
პირველ ნოემბერს კვლავ გადაიკეტა თბილისში რუსთაველის გამზირი, თუმცა შემდეგ პოლიციამ კვლავ აიძულა მოქალაქეები გადასულიყვნენ ტროტუარზე, პარლამენტის შენობასთან და საავტომობილო მოძრაობა აღდგა.








