საზოგადოება

ზურაბ მენთეშაშვილს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, გამოძიება სს კოდექსით დაიწყო 

1 ნოემბერი, 2025 •
ზურაბ მენთეშაშვილს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, გამოძიება სს კოდექსით დაიწყო 

პროევროპული აქციების მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც პოლიციამ 31 ოქტომბერს დააკავა, ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ  დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი “იმხილება  საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში”. 

“აღნიშნული პირი [ზურაბ მენთეშაშვილი], 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს”, – აცხადებს  შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ეს რეპრესიული ცვლილებები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში  “ოცნების” პარლამენტმა რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის შესაჩერებლად დაჩქარებული წესით მიიღო. მისი ამოქმედების შემდეგ ყოველდღიურად აკავებენ მოქალაქეებს, რომლებიც  რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი