საზოგადოება

საკანი N8 – დაპატიმრებულ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დღიური 

31 ოქტომბერი, 2025 •
საკანი N8 – დაპატიმრებულ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დღიური 

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი პოლიციამ გზის გადაკეტვის საბაბით 2025 წლის  20 ოქტომბერს დააკავა. მას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გთავაზობთ ჟურნალისტის დეტალურ მონათხრობს/დღიურს პატიმრობაში გატარებულ 5 დღეზე: 


ნაწილი I 

მერვე საკნის რკინის კარი ზურგს უკან ხმაურით  მომიკეტეს.   საკანს ვათვალიერებ,  ცენტრში არის იატაკში ჩამაგრებული რკინის მაგიდა, აქეთ-იქით რკინის გრძელი  სკამებით. მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში, კედელთან, რკინისავე ორი ორსართულიანი საწოლი დგას. ნაცნობ სახეებს ვხედავ. მარჯვნივ პირველ სართულზე ნინო სვანიძეა წამოწოლილი. მივვარდი, ჩავეხუტე, მერე მარცხნივ „გავიქეცი“, ლარა ნაჭყებიასა და ნინო ბერუაშვილსაც რომ მივსალმებოდი. ნინო იმ დღეს გავიცანი,  სასამართლოს „კაპეზეზე“. ჩემზე ადრე დააკავეს,  სასამართლომაც ჩემზე ადრე მიუსაჯა და იზოლატორშიც  ჩემზე ადრე მიიყვანეს.  ყველა წამოჯდა, მე უკან-უკან გავიწიე, კართან მხრებაწურული ავიტუზე. 

რა მინდა აქ ? 

მე, ჟურნალისტს, რომელსაც არაფერი დამიშავებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ამ ქვეყნის სიყვარულია, როგორც ნინოების და ლარასი. 

მეშინია? გვეშინია ? 

რა თქმა უნდა, მაგრამ ამ განცდას რომ ავყვეთ, მაგის  ფუფუნება არ გვაქვს. არც მე, არც ნინოებს და არც ლარას. 

რჩევა ნომერი პირველი: ნუ გეშინია, სისტემა შიშით საზრდოობს. 

-ბედნიერი ვარ, თქვენთან რომ მოვხდი.

– ამ კაპეზეზე ჩვენ გარდა სხვა ქალები, მგონი, არც არიან. 

– ხო, პროცედურებს რომ გავდიოდი, მითხრეს, აქ სულ შენები არიანო. 

ჩემები, ანუ უკანონო კანონით დაკავებული, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალები. ქალები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური წრის და ა.შ. რომლებმაც 90-იანი წლებიდან ეს ქვეყანა ზურგით მოათრიეს აქამდე. ამდენი პოლიტპატიმარი და, მით უმეტეს, პოლიტპატიმარი ქალი, ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ გვყოლია. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია. მათ ტყვეობასთან შედარებით რამდენიმედღიანი პატიმრობა რა მოსატანია, მაგრამ  უსამართლოდ წართმეული ერთი წამიც კი მტკივნეულია. ოთხ კედელში გამოკეტილი ადამიანისთვისაც და, მით უმეტეს, მათი შვილებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, ძმებისთვის, მეუღლეებისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის. 

რჩევა ნომერი ორი: დიქტატურაში სამართალს ნუ ელი. 

რკინის კარი ისევ ხმაურით გააღეს, ბადრაგმა ბალიში და თეთრეული მომაწოდა. ვუყურებ გარეცხილ, მაგრამ ხმარებისგან ჩაშავებულ „თეთრეულს“ და ბალიშს, რომელიც, მგონი, არც არასდროს გარეცხილა.  და აი, მანდ მქონდა  პირველი შოკი და მანდ გავიაზრე, სად ვარ და რა მელოდება. ეს ყველაფერი უცებ მოვიშორე და სკამზე მივაგდე. სახეზე ზიზღი დამეტყო, რომელიც კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როდესაც ერთ კვადრატულ საპირფარეშოში შევიხედე. ვდგავარ ასე გაშეშებული.  გოგოები ეგრევე მიხვდნენ ჩემს მდგომარეობას და ზედა სართულიდან ნინო ბ.-მ დამიძახა –

– მომეცი  ეგ თეთრეული. 

ორი თითით ავიღე, ხმის ამოუღებლად მივაწოდე და ისე მშვიდად დაიწყო ლოგინის გაშლა,  ცოტა დავეჭვდი, მე ხომ არ მეჩვენება ეს ყველაფერი ასე საშინლად-მეთქი.  ახლა ნინო ს.-მ დაიწყო ჩემი დამშვიდება:

– ქეთა, ეგეთი ცუდიც არ არის, როგორიც გეჩვენება.  ხუთი დღე უნდა იყო აქ და მოგიწევს მიეჩვიო. 

ლარამაც მხარი  აუბა და მივხვდი, რომ სხვა გზა არც მქონდა.  ღრმად ამოვისუნთქე. მანტო გავიხადე და სკამზე დავჯექი.  

პრაქტიკული რჩევა ნომერი პირველი: თუ ელოდები, რომ უნდა დაგაკავონ  (ამ ქვეყანაში კი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი უკანონო საბაბით შეიძლება დაგაპატიმრონ), ჩაიცვი უთასმო ფეხსაცმელი, ელასტიკი ან სპორტული შარვალი (უთასმო), უქუდო სპორტული ზედა, შიგნით მაისური. მანტო, შმანტო, კაბა, ქვედაბოლო , შორტი, ქუსლი  და ასეთები  არაფერში გჭირდებათ.

მომშივდა.  სასამართლო დარბაზში, ადვოკატების შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, შემოტანილი სნიკერსის ჭამა ვერ მოვასწარი. აქ, წესით, უნდა ვყვებოდე სასამართლოს იზოლატორში ყოფნის დროს ჩემი დამკავებელი პატრულების ადამიანურ ქცევაზე, მაგრამ ამ არაადამიანური სისტემის პირობებში არ მინდა,  ჩემ მიმართ გამოჩენილი ჰუმანური საქციელებისთვის პრობლემები შევუქმნა. ამიტომ, მხოლოდ მოკითხვა. 

რა ვჭამო, აბა, რა გაქვთ-მეთქი. ჯერ ხელები დაიბანეო და წამში ამიხსნეს, რა პრინციპით მუშაობდა საპირფარეშოში ონკანი. ხელებს საპნით იქაფებ, რომლსაც ვაღიარებ, რომ მშვენიერი სუნი აქვს.  მერე,  ჯერ ერთი მაჯით ონკანის ჩამრთველს აწვები- თუ აუშვებ, წყალი წყდება-  ერთ ხელს იბან, მერე  იმ დაბანილი ხელის მაჯით აწვები ჩამრთველს და მეორეზე იშორებ საპონს. 

სანამ ეს პროცედურა ჩავატარე, სუფრა გაშლილი დამხვდა: ხაჭაპურები, ხაბიზგინები, ძეხვები და ყველი სხვადასხვანაირი; პური მზესუმზირიანი, პური ჩვეულებრივი, პური ტოსტის, პური ასეთი, პური ისეთი, კიტრი, პომიდორი; დესერტად შოკოლადები, ბანანი, ვაშლი და რავიცი, კიდევ რა აღარ ! უუფ, რა  გემრიელად ვჭამე, ნინო ს.-ის დის,  თამროს გაკეთებული ხაბიზგინები. პარალელურად, იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ, მოვყევით დაკავების და ბრალდებების აბსურდული ისტორიები,  იმდენი ვიცინეთ და ვიხალისეთ, კარის სარკმელში თავი ბადრაგმა შემოყო  და გთხოვთ, ხმადაბლა იცინეთ, სხვა პატიმრებს ძინავთო.  

ძალიან დაღლილი ვიყავი, მეძინებოდა, მაგრამ ისე არ მინდოდა მეორე სართულზე აძვრომა და იმ თეთრეულში დაწოლა, რომ თავს გამოფხიზლებას ვაიძულებდი. ყავა მომინდა, იზოლატორში  ყავა აკრძალულია. გავიფიქრე, საპირფარეშოში ხომ არ შევიდე? იმ წამსვე ვუთხარი ჩემს თავს, რომ არა! იმ ღამეს ვერ გადავლახე იქ შესვლის შიში და ზიზღი. არადა, ახლა რომ მახსენდება, ეგეთი საზიზღარიც არ იყო. კიდევ ერთხელ ღრმად ამოვისუნთქე, ავძვერი მეორე სართულზე და  რაც მეცვა, იმ ტანსაცმლით დავწექი. ჯერ ზეწარი გადავიფარე, მერე ზემოდან პლედი. ბალიში ჩემს  მანტოში გავახვიე და თავი ისე დავდე. 

იმის ნაცვლად, რომ ბრალის და სასჯელის აბსურდულობაზე, მომდევნო ხუთდღიან პატიმრობაზე და ჩემს შვილზე მეფიქრა…. არა, შვილზე არ უნდა ვიფიქრო! 

იმ 5 ხუთი დღის განმავლობაში ყველა ძალას ვიკრებდი და ყველაზე მეტად ვცდილობდი, ლილეზე ბევრი არ მეფიქრა. არ მინდოდა თავი მის ადგილას წარმომედგინა და მისი ფიქრები გამეაზრებინა. რამდენჯერაც საკუთარ თავს საშუალება მივეცი, რომ ჩემი შვილის განცდები წამომედგინა,  იმდენჯერ მივხვდი –  ვეღარაფერს გავაკონტროლებდი, დეპრესიაში ჩავვარდებოდი და სახლში დაბრუნებული ლილეს გულწრფელად ვერ გავუღიმებდი. დაინახავდა საკნიდან გამოსულ გაუბედურებულ დედას და ეს იმაზე მეტი ტრავმა იქნებოდა, ვიდრე იმის გაგებით მიღება, რომ დედას პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს.  

და ამიტომ, ვცდილობ ძილის წინ გონებაში კიდევ ერთხელ გადავხედო სასამართლო დარბაზს, რომ იქ მყოფი ადამიანების ემოციები არ დამავიწყდეს. ჩამეძინა. 

ქეთა ციცქიშვილი შვილთან ერთად

ნაწილი II

ბადრაგის ხმამ გამაღვიძა, 

– მოემზადეთ!!! 

რატომ გვაღვიძებენ ასე ადრე, რა ხდება-მეთქი? იმ მომენტისთვის ჩემზე და ნინო ბ-ზე გამოცდილმა ნინო ს-მ და ლარამ აგვიხსნეს, რომ ცვლა იცვლება და უნდა გადაგვიბარონო. 

პროცედურა ასეთია – საკნის კარი იღება , ყველა გავდივართ დერეფანში, მეტალოდეტექტორით გვამოწმებენ და ისევ საკანში გვაბრუნებენ. რას ეძებენ, არ ვიცი, მაგრამ ამ პროცედურას საკნიდან ნებისმიერი გასვლა/შესვლის დროს გვიტარებდნენ. 

იწყება დილის რუტინა – მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშოში შესვლის შიში და ზიზღი უკვე ოთხივეს გადალახული გვაქვს, იმ ჯურღმულში კბილის გახეხვა არცერთს არ გვინდა. 

შხხ,შხხ, შხხხ – საკნის ოთხი წერტილიდან ეს ხმა ისმის. ასე დაემთხვა – ოთხივემ სინქრონში დავიწყეთ კბილების ხეხვა. ვუყურებთ ერთმანეთს და ისტერიკული სიცილი იწყება, მაგრამ თან აი, „მოგუდულად“ ვცდილობთ ამ სიცილსაც – აბა, წარმოიდგინეთ როგორია, თან კბილს იხეხავდე, თან არანორმალურად  იცინოდე . 

შემდეგ არის ჩაი – ათის წუთებზე, სარკმელიდან მეტალის ოთხ ჭიქას გვაწოდებენ. მომდევნო დღეების დილის რუტინის ყველაზე საყვარელი ნაწილი, თანახმად მესაკნეთა თანამეხმეობისა, “გიჟების  ჩაის სმა” ხდება, რადგან ჩაი არის აკრძალული ყავის ერთადერთი შემცვლელი. 

პირველ დღეს, ინტერესის გამო, ფაფაც მოვატანინეთ, მაგრამ წყალზე დამზადებული ბრინჯის ფაფა მხოლოდ იმ დღეს, მხოლოდ ერთხელ, ნინო ბერუაშვილმა ბოლო ლუკმამდე ჭამა. ამბობდა, არ მინდა, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ თეფში უნდა მოვასუფთავოო! რომ იცოდეთ, ნინო ბ. ცისფერი თვალებით და ქერა თმით, ჩვენ შორის ყველაზე დინჯი, მშვიდი და მიზანდასახული თანამოსაკნე იყო. ერთხმად ავირჩიეთ იქაურობის „მაყურებლად“. მის საუბრის დინჯ ტონს ჩვენთვის, სრულიად არანორმალური სამი ქალისთვის, ყველაზე დიდი სიმშვიდე მოჰქონდა. თითქოს უმნიშვნელო ქცევებით და სიტყვებით პირადად მე და, დარწმუნებული ვარ ნინოს ს.-ს და ლარასაც, უზარმაზარ მოტივაციას გვაძლევდა. 

რჩევა ნომერი სამი: ოთხ კედელში გამოკეტილსაც კი აუცილებელია, რომ გქონდეს მიზანი.

ამასობაში, კარგა ხნის წინ რომ ვითხოვე, კალამი და ორი ცალი თაბახის ფურცელი მომიტანეს. შემოვცხეთ ყველამ ტაში. ერთს რაც უხაროდა, ყველას უხაროდა. აი, დავჯექი, წერას ვიწყებ, ერთი სული მაქვს, ტვინში მონიშნული დაკავების და სასამართლო სხდომის დეტალები ფურცელზე გადმოვიტანო, რომ არ დამავიწყდეს, და უცებ მეორე სართულიდან ნინო ბ. იძახის – 

– მე მჭირდება გავიგო ინფორმაცია ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს დღეს რა კურსი აქვს.

– აუ, ისე მიყვარს რომან გოცირიძის სტატუსების კითხვა – ქვედა სართულიდან ლარა ეპასუხება.

გაოცებულმა შევხედე –  შაკიკიან ნინო ს.-ს, ალბათ, ეგონა, მომეჩვენა ეს დიალოგიო და ხმის ამოუღებლად სიგარეტს გაუკიდა. 

– ნინო, რა დროს ლარის კურსი და ეგეთებია – წერას ვწყვეტ და სიცილით ვეკითხები, 

– აი, რაში გაინტერესებს აქ გამოკეტილს ბაზრის კვლევაზე ინფორმაცია?

ანალიტიკოსმა ნინო ბ-მაც არ დაიშურა ენერგია, უკეთესად აეხსნა ჩვენთვის დეტალები, რომ სწორედ ლარის კურსით ისაზღვრება, რამდენად „ტრაკშია“ ქვეყანა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო. რყევაო, ისაო, ესაო. კი გავიგეთ და გავიაზრეთ, მაგრამ მე და ნინო ს.-მ მაინც არ დავიზარეთ და ნინო ბ-ს დაჟინებულ „მოთხოვნაზე“ ბევრი ვიხუმრეთ. თან დავამშვიდეთ, ტელევიზორის საყურებლად რომ გაგვიყვანენ ერთი საათით, გავიგებთ მაგასაც და იმასაც, კიდევ რამდენი ადამიანი დააკავეს უკანონოდ და რამდენი ექსმაღალჩინოსანი გაათავისუფლეს მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ. ბედის ირონიაა, რა, ჩვენ საკანში გამომწყვდეულები, ქურდები კი დაცვებით და მერსედესის ოქროს „ბრელოკებით“. 

პრაქტიკული რჩევა ნომერი ორი: ეცადეთ, რაც შეიძლება გვიან გაგიყვანონ ტელევიზორის საყურებლად (6 საათამდეა დაშვებული), რომ წინა დღის ინფორმაციასთან ერთად, მიმდინარე დღის მანძილზე მომხდარი მეტი ამბავი გაიგოთ. 

მარჯვენა მხარეს სკამზე ვზივარ და ზუსტად ჩემ წინ, ჭერთან უფრო ახლოს, ვიდრე იატაკთან, ფანჯარაა.  გისოსებიანი, რა თქმა უნდა. წინა შენობის სახურავის, ანუ იზოლატორი ნომერი ერთის (სისხლით დაკავებულების კორპუსი) სახურავის ნაწილი და ცა ჩანს. მოპირდაპირედ ჩამაგრებულ სკამზე თუ დადგები, უკვე სასეირნო „გალიასაც“ დაინახავ.

იმ სკამზე დგომაში საათები გავატარე, რომ სასეირნოდ გამოყვანილი ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, საბა ჯაფარიძე, ლევან მარგიანი, დავით გოგიჩაიშვილი და კახა მიქაია დამენახა და მუნჯურად დავლაპარაკებოდი, ან საერთოდ არ დავლაპარაკებოდი და უბრალოდ ხელები მექნია, ჟესტებით გულები მეკეთებინა და მეცინა. ეს იმხელა რამეს ნიშნავდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. პირველი პაემნის დროს რომ გული გიჩქარდება, ან დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანთან შესახვედრად რომ წამებს ითვლი და საკუთარი გულისცემა ხმამაღლა გესმის, აი, ეგ მემართებოდა მათ მოლოდინში. ჯერ დერეფანში ჩამოტარებას ველოდებოდი, კარის სარკმელში მხოლოდ ჩემი თავი ეტეოდა და როგორც კი, რომელიმე საკნის კარის გაღების ხმას გავიგებდი, იმწამსვე კართან ვიტუზებოდი, თავს ვყოფდი და ველოდებოდი, როდის დავინახავდი რომელიმე ჩემიანს. ისინიც ეგეთი მოლოდინით გამოდიოდნენ დერეფანში, იმწამსვე ჩვენი საკნისკენ იყო ყველას მზერა. მე აქედან ყურებამდე გაკრეჭილი, იქიდან კიდე თვალის პაჭუნს არ იშურებდა არცერთი. რომ ვიტყოდი, ბიჭები სასეირნოდ გამოიყვანეს -მეთქი, ნინო სვანიძე და ლარაც ამოხტებოდნენ სკამზე. 

ბადრაგმა რამდენჯერმე მოგვცა შენიშვნა, არ შეიძლება ასვლაო და თუ მაინც ადიხართ, ხმამაღლა ნუ ისაუბრებთო. ვიფიქრეთ, საუბარი თუ არა, სიმღერა ხომ შეიძლებაო და სასერნო გალიაში მყოფმა ჯობამ და გოგიჩამ (ჯობას და გოგიჩას „სეირნობა“ ცალკე ისტორიაა. სპორტსმენმა ბიჭმა გოგიჩას ვარჯიშის გეგმა შეუდგინა და მკაცრადაც ავარჯიშა – “კიდე სამი მისვლა და მერე ირბინე!”) „ოლე ოლა“ სცადეს ერთხელ. „მკაცრი“ გაფრთხილება მივიღეთ, აქ სიმღერაც აკრძალულიაო. სამაგიეროდ სიცილ-ხარხარი არ იყო აკრძალული და ჩვენც ვიცინოდით დაუსრულებლად. ჩვენც ვიცინოდით და იქ მომუშავე ხალხიც. ყველა გავამხიარულეთ, ყველა გავაღიმეთ.

რჩევა ნომერი ოთხი: ბევრი იცინეთ. „სიცილი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებაა და ჩვენც ბევრს ვიცინოდით“ (პატი სმითი, წიგნი „უბრალოდ, ბავშვები). 

ოთხ კედელში ვიყავი, თუმცა ამ წიგნის ყველა ფურცელი 70-იანების ნიუ-იორკში მამოგზაურებდა. დიდი ინტერესით ვკითხულობდი, მაგრამ მომენტებში ვხვდებოდი, რომ ვერაფერი გავიგე. ფიქრები სხვაგან იყო და საკუთარ თავთან ომში ვიყავი. გადმოვშლიდი უკან და თავიდან ვიწყებდი კითხვას. ფიქრი აკრძალული მქონდა. ყოველ საღამოს 9 საათზეც ზუსტად მაგიტომ გავდიოდი ექიმთან და ატარაქსსაც ზუსტად მაგიტომ ვსვამდი. ბალიშზე თავს რომ დავდებდი, არ მინდოდა ფიქრის დრო მქონოდა. განსაკუთრებით სევდიანი ფიქრები ხომ ღამით მოდის. მონატრებაც, სევდაც და ტირილიც ხომ მაშინ არის ყველაზე სასურველი, ბალიშზე რომ გიდევს თავი და იცი, იმ ბალიშის და ამ შემთხვევაში ბალიშზე შემოკრული ჩემი მაისურის (ესეც პრაქტიკული რჩევა ნომერი სამი) გარდა, ვერავინ დაინახავს და იგრძნობს შენს ცრემლებს. 

ყველა ცრემლი შევინახე განუსაზღვრელი დროით. იქნებ საერთოდ გაქრეს-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ არ ქრება ეგეთი რამეები, დღეს ან ხვალ, ან ერთი წლის მერე ეს ცრემლები მაინც დაასველებს ჩემს ბალიშს ან , ან… არაა, მარტო ტირილი მირჩევნია. 

რჩევა ნომერი ხუთი: ტირილი და ემოციების გაშვება ცუდი არ არის, მაგრამ საკანში დაუშვებელია. 

ერთხელ ხმამაღლაც ვთქვი, აუ, რამდენს ვიწუწუნებდი, დავიწყებდი ცრემლების ღვრას, როგორც ფილმებშია-მეთქი, მაგრამ იმწამსვე ოთხივე ერთხმად შევთანხმდით, რომ არც ამის ფუფუნება გვქონდა. არ ვაცდიდით ერთმანეთს მოწყენას. მოწყენას კი არა, იმდენს ვლაპარაკობდით, წიგნის კითხვასაც კი არ ვაცდიდით ერთმანეთს. ხანდახან მორიდებით ვიტყოდი ხოლმე – გოგოებო, ძალიან სირცხვილი იქნება, ჩემივე მკაცრი მოთხოვნით შემოგზავნილი ორი წიგნიდან ერთ-ერთს მაინც თუ ვერ დავამთავრებ-მეთქი. განცდა მქონდა, რომ დრო არ მეყოფოდა ყველა იმ საქმისთვის, რაც იქ გამოვიგონე – წერა-კითხვით დაწყებული, სახის მოვლის პროცედურებით დამთავრებული. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია, თან მაშინ, როდესაც არანაირი კრემის შეგზავნა/შეძენა/მოპარვა/დამალავა და ა.შ არ არის შესაძლებელი. 

პირველივე დღეს გამახსენდა „კიტრის პროცედურა“. ყველას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდა, კიტრის შემოგზავნა ვთხოვეთ.  დღის ბოლოს 7 კილო კიტრი გვედო საკანში. ჰოდა, ვიჯექით ასე ოთხი ქალი, ვისვამდით მოკბეჩილ კიტრს სახეზე და კანს ვიტენიანებდით. 

ბადრაგმა გოგოებმა მოგვიწონეს გამოსავალი, კაცები გაკვირვებული გვიყურებდნენ, არადა, უკვე ნანახი ჰქონდათ  ლარას თმის სამაგრი – ანუ სტრინგერი და ჩემს თავზე პირბადე. რამ გააკვირვათ, თავად არ ამბობდნენ, ქალებს ყველაფრის მოფიქრება და ყველა სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნა შეუძლიათო? მაგრამ მთავარი წინ ელოდათ. 

ნინო ს.-მ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კანს მეტი დატენიანება სჭირდებოდა და კიტრისთვის ბანანის ნიღაბიც უნდა მიგვეშველებინა. ასევე, უთვალავი კილო ბანანის პატრონებისთვის არც ეს იყო პრობლემა. ნინომ შემოიხვია ყელზე პარკი, რომ ისედაც არც ისე სუფთა ზედა უფრო არ დასვროდა, და დაიდო სახეზე ბანანის ნიღაბი. რკინის კარზე შუაში ამოჭრილ სარკმელთან მივიდა, (რომელიც მუდმივად ღია იყო და რომლიდანაც ყოველ 3-4 წთ-ში ერთხელ შემოგვხედავდნენ ხოლმე, ხომ ყველანი ადგილზე ვიყავით და ხომ არაფერს ვაშავებდით,) და ბადრაგებს ძალიან ნაზი ხმით გასძახა

– ბიჭებოო, ბიჭეებოო
– დიახ, ქალბატონო ნინო, რა ხდება?

– 20 წუთი დაინიშნეთ და მითხარით რა, ნიღაბი მიკეთია და რომ ჩამოვიბანო. კიდევ უფრო დანაზებული ხმით პასუხობს. 

ცოტა ხანში საკნის მაყურებელმა, ნინომ გვითხრა, რომ კიტრის წვენს გამოვწურავ და ბამბით წავისვათ, უფრო კარგი შედეგი ექნებაო. ვეხვეწეთ, არ იწვალო, არ გინდაო, მაგრამ ხომ გახსოვთ, ზემოთ რა ვთქვი? ნინო ბ. მიზანს რომ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს კიდეც. ჰოდა, გამოწურა კიტრი, ერთჯერად ჭიქაში კიტრის წვენი გვაქვს, მაგრამ ბამბა არა. ბადრაგებს ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ იქ ესეც აკრძალულია. ნინო ს.-მ არ იდარდოთ გოგოებო, საღამოს ექიმთან რომ გავალთ ძილის წამლისთვის, იქ გავიყოლოთ ეს ჭიქა და მის კაბინეტში იქნება ბამბაო. ისე, ყოველ საღამოს ექიმის კაბინეტში გასვლა და ღრმა ძილისთვის წამლის დალევა რიტუალივით გვქონდა. არცერთი ვაღიარებთ, მაგრამ საკნიდან გასვლა, თუნდაც გვერდზე ოთახში, დიდ რამეს ნიშნავდა. იმ საღამოს ნინო ს.-მ, რომელიც პირველი გავიდა სამედიცინო კაბინეტში, წაიყოლა კიტრის წვენი და იქიდან დაბრუნებულმა გვახარა:

– გოგოებო ბამბა არის. უსაყვარლესი ექიმი კაცი, უფროსთან ავიდა და იმასთან შეათანხმა, ჩვენთვის ბამბის გამოყენების უფლება რომ მოეცაო

– მოიცა, უფროსთან ასვლა რად უნდოდა, იქ არ უდევს ბამბა ? 

– რავიცი, არ ვიცი, არ შეიძლება თურმე, მაგრამ მოიპოვა ნებართვა

ყველა შევთანხმდით, რომ კიტრის სახეზე წასმას კიტრის წვენის ბამბით წასმა ბევრად სჯობს, შედეგიც უკეთესი იყო, მართლა იყო. 

პრაქტიკული რჩევა ნომერი ოთხი: კიტრით სახის დატენიანება და ბანანის ნიღაბი. 

გეცინებათ, ხომ? ხანდახან ჩვენც კი დავცინოდით საკუთარ თავებს.  უბრალოდ, მივხვდით, რომ ასეთი რუტინების მოგონების გარეშე, ასეთი გამოგონებებით გამხიარულების გარეშე ყოველი იქ გატარებული წამი უმძიმესი იქნებოდა. გვჯეროდა ყველაფრის, რასაც ვაკეთებდით და ვამბობდით.

ქეთა ციცქიშვილი

ნაწილი III

გათენდა. ცვლა უნდა შეიცვალოს და ტრადიციულად უნდა გადაგვიბარონ. მოგვიკაკუნეს. 

– აუ, გოგოებო, მე ადრე გავიღვიძე და მომენატრეთ,  სად იყავით ?! – ამბობს ნინო ს. 

ღმერთო, როგორი გულწრფელი იყო. 

დილით ნინო ს. ყველაზე ადრე,  6-7 საათზე იღვიძებდა.  ცდილობდა ფეხის წვერებზე ევლო და საპირფარეშოს რკინის კარი ჩუმად გაეღო, წუხდა, რომ დაკეტვის დროს ხმაურიანად ჭრიალებდა.  სანამ დანარჩენებს გვძინავს, საპირფარეშოში ეწევა სიგარეტს. ამბობს, არ მინდა გაგბუღოთო. არადა, ნინო ბ.-ს გარდა, სხვა ყველა ვეწევით და იმის მიუხედავად, რომ ძალიან პატარა, გისოსებიანი ფანჯარა სულ ღია გვაქვს, საკანი კვამლისგან ბოლომდე ვერასდროს ნიავდება.  

აქვე ერთს ვაღიარებ, არავინ მიწყენს, ვიცი. ნინო სვანიძე ჩემი ფავორიტი თანამესაკნეა. ჩვენ შორის ასაკში 30 წელია სხვაობა და ყოველ წამს როცა ვუყურებდი, ჩემს თავს ვხედავდი. დავრწმუნდი, რომ ციფრებს მნიშვნელობა მართლა არ აქვს. აქამდე მხოლოდ სიტყვები იყო ეს, ახლა ზუსტად ვიცი.

პირველი ორი დღე შაკიკი ჰქონდა, სანამ ნემსი არ გაუკეთა ექიმმა, საშინელი თავის ტკივილებით იტანჯებოდა და დაიჯერებთ, რომ ერთხელ არ დაუწუწუნია? ერთხელაც კი! ამბობდა:

– „არა, მართლა არ მინდა ეს კარგი განწყობა შაკიკით ჩავიშხამო, თავის ტკივილს არ გავაფუჭებინებ ამ დღეებს აქ რომ ერთად უნდა გავატაროთ“.

რჩევა ნომერი ექვსი: არ იწუწუნო.  წუწუნი ვნებს.  

ხშირად ვამბობდით, მთელი ცხოვრების მეგობრები რომ ვყოფილიყავით, ახლა როგორც შეგვიყვარდა ერთმანეთი, ასე არ გვეყვარებოდაო.  მართლაც ეგრეა.  სიყვარული სუფევდა იქ. სიყვარული იყო ის სუფრაც ოთხშაბათს ღამით, ლარას გასაცილებლად რომ გავშალეთ. ხაჭაპურით დაწყებული, მარწყვით და სამმაგი ჩიზბურგერით დასრულებული, სუფრაზე ყველაფერი გვქონდა – კარგი თეთრი მშრალი სპრაიტიც კი. ნინო ბ.-მ, არ მინდა მშრალი სპრაიტი, ბაკურიანის ჭაჭა მირჩევნიაო. დაიწყო სადღეგრძელოები.  

– რა კარგი სიტყვა გვაქვს არა ქართველებს, „გამარჯვება“, ჰოდა, ჩვენს გამარჯვებას და ლარას თავისუფლებას გაუმარჯოს, – ამბობს ნინო ს. 

– ჯოს, ჯოს, ჯოს – ვპასუხობთ ყველა ერთად. 

-ჯოს, ჯოს, ჯოოოობააა – ვღრიალებ ბოლო ხმაზე და ყველას გვეცინება. 

ლარა განსაკუთრებულად ხალისიანი და განსაკუთრებულად ჭკვიანი გოგოა. ჩვენმა ძალიან განათლებულმა იურისტმა, იქაური ბიბლიოთეკიდან გამოტანილი რამდენიმე მართლა კარგი წიგნიდან, 1991 წელს ნათარგმნი ბერნადრო გონსარესის „იზაურა“ აარჩია წასაკითხად. ოთხშაბათს საღამოს მიხვდა, რომ ვერ ასწრებდა ბოლომდე წაკითხვას, შუა 50 გვერდს გადაახტა, ბოლოს ვინ ვისთან ერთად რჩებოდა, ეგ აინტერესებდა. არადა, ნინოები ეუბნებოდნენ, სერიალი ნანახი გვაქვს და ჩვენ გეტყვით, რა ხდება ბოლოშიო, მაგრამ არა, არ დამასპოილეროთო, გაიძახოდა.  

– იზაურა ალვაროს მიჰყვება ცოლად – წამოიძახა შუაღამეს და ჩვენც ამოვისუნთქეთ. შედგა  ნამდვილი სიყვარულის ისტორია. ზღაპრის ბოლო კეთილი აღმოჩნდა. 

 ისე, ლარას ჩვენზე ნაკლები დრო ჰქონდა, კითხვისთვისაც კი. ერთნაირად აწყობილი რუტინის პარალელურად, მას ცალკე საათები ჰქონდა გამოყოფილი იმ იურისტების სალანძღავად, რომლებიც მისი კლასელები ან კურსელები იყვნენ, ახლა კი მათი დაწერილი უკანონო კანონის გამო გისოსებს მიღმა იყო გამომწყვდეული. არჩილ გორდულაძე – ეს სახელი და გვარი იქ ყოფნის პერიოდში იმდენჯერ გავიგე, ხანდახან ახლაც ჩამესმის. 

23 ოქტომბერს  ამოიწურა მისი იზოლატორში ყოფნის ოთხი დღე. ვეხუტეთ, ვეფერეთ და გავაცილეთ. დავსევდიანდით. მომდევნო საათები სიჩუმეში გავატარეთ. წიგნის კითხვაში ჩაფლულები,  ალაგ-ალაგ ამოვიოხრებდით – დაგვტოვა ლარამ.

ლარამ მიგვატოვა, სამაგიეროდ რამდენიმე საათში საკნის კარი იღება და ქალბატონი ლია მუშკუდიანი შემოდის. გადაირია – ესაა სწორი შეფასება იმ მდგომარეობის, რაც დაემართა, ჩვენ რომ დაგვინახა.  შავი შარვალი, თხელი პერანგი და ფეხზე ყვავილებიანი კალოშები ეცვა.

ამის დანახვაზე ჩვენ გადავირიეთ და კითხვები მივაყარეთ: როდის დაგიჭირეს, სად, ასე რატომ გაცვია, არ გცივა? გინდა, რამე მოგცეთ, რომ ჩაიცვა? (არადა, ბევრი ჩვენც არაფერი გვაქვს). დაჯდა რკინის სკამზე და ყველაზე იმერული კილოთი, რაც კი ოდესმე მომისმენია,  მოყოლა დაიწყო. 

თურმე, საკუთარი სახლის მიმდებარედ, მიწაზე მუშაობდა, ნაგვის გადასაყრელად დაახლოებით 50 მეტრი გაიარა და იქ დახვდნენ. თავიდან ორნი იყვნენ, უფორმოები. მერე დაემატნენ და დაემატნენ მილიციელები და ბოლოს ვეღარ ითვლიდა, რამდენი ვითომ პოლიციელი მივიდა ვერეს ხეობაში მის დასაკავებლად. სთხოვა, აქვე მიდევს სახლის შესასვლელთან, პარკში ტელეფონი და ავიღებო, მაგრამ დიქტატურაში მინიმალური  ჰუმანურობაც დაუშვებელია, ხომ გახსოვთ ? 

მარტო ცხოვრობს, ზეპირად არავის ნომერი იცის. ამბობდა, მომკითხავი, ცოტა ქოცი მეზობლების გარდა, არავინ მყავსო. 

64 წლის ქალი დიღმის იზოლატორში წაიყვანეს და  უმძიმეს პირობებში გაატარა ერთი ღამე. სციოდა, შიოდა, მაგრამ არც პლედი მისცეს და საჭმლისთვისაც გვიანი იყო. ძილი უნდოდა და ისე ხმაურობდნენ იქაური ბადრაგები, რომ თვალი ვერ მოვხუჭეო. გვიყვებოდა. ჩვენს საკანში რომ შემოიყვანეს – დედააააა, სასახლეში მოვხვდიო, ასე თქვა. 

დიღმის „კაპეზეზე“ გატარებულ ღამეს რომ ყვებოდა, აი, მანდ ამიცრემლიანდა თვალები, მაგრამ  ვინ გაცადა?! გააგრძელა მოყოლა იმ „საგმირო საქმეების“, ადვოკატის გარეშე რომ დამართა მოსამართლე კობა ჩაგუნავას, რომელმაც სამდღიან პატიმრობაში გაუშვა გზის გადაკეტვის ბრალდებით. თვალებში დაგროვილი  ცრემლები სიცილმა შთანთქა. 

რჩევა ნომერი შვიდი: ლიანა მუშკუდიანი – არ დაგავიწყდეთ ეს სახელი და გვარი. ასეთი ქალები არიან, ისტორიას რომ წერენ. 

სიმართლე რომ გითხრათ, გამიხარდა ახალი თანამესაკნე, პარასკევს დილით ორივე ნინოს ეწურებოდა პატიმრობის ვადა და ვნერვიულობდი, მარტო რომ დავრჩე, ძალიან გამიჭირდება ის ერთი დღეც-მეთქი. გოგოებთან არ ვიმჩნევდი, მაგრამ ცოტათი მეშინოდა. გადავრჩი – ახლა ლია რჩებოდა ჩემთან. 

24 ოქტომბერს, დილის ათის ნახევარზე ნინო ბერუაშვილმა დაგვტოვა , რომელიც ამბობდა, რომ ჩვენგან განსხვავებით, არც ყავის სურვილი კლავდა, არც სახის კრემის, მხოლოდ მეუღლის, დათოს ნახვა უნდოდა <3. 

ნინო სვანიძეს პატიმრობის დრო 12-ის ნახევარზე ამოეწურა და მართლაც რომ მხოლოდ მას შეიძლება დამართნოდა ის, რასაც ახლა ვიტყვი. ბადრაგებმა საკნის კარი გააღეს და დაუძახეს, გამოდიო.  მომდევნო 5 წუთი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეჩხუბებოდნენ.

-ქალბატონო ნინო, გამოდით მაგ საკნიდან სწრაფად, აქ ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს

-გამოვდივარ, გამოვდივარ. 

და ვერ გავიდა ვერასდროს. გავაგდეთ საკნიდან. პირდაპირი მნიშვნელობით გავაგდეთ ! 

ბევრს ვწერ ხომ? ვწერ და ვფიქრობ, ამ ხალხს არანორმალური არ ვეგონო, ამ ხუთ დღეზე რომ ამდენს ვსაუბრობ-მეთქი, თან წლობით უკანონო პატიმრობაში არიან ჩვენი თანამებრძოლები, მაგრამ მგონია, რომ სწორედ ასეთი რაღაცები გვაძლევს ძალას, რომ უკეთეს ადამიანებად ვიქცეთ. 

რჩევა ნომერი რვა: არ გაბოროტდეთ. 

რამდენ ფოტოს გადავიღებდი. რამდენჯერ ვინატრე ფოტოაპარატი (ტელეფონზე ფიქრს არც ვრისკავ). არ მინდოდა იმ მომენტების დავიწყება. იმედია, თვალის მეხსიერება არ მიღალატებს.  კადრებად მახსოვს დეტალები. კადრად მახსოვს საკუთარი თავიც, საპირფარეშოს სარკმელში რომ შემთხვევით დავინახე (ჰო, „პრივატულ“ ერთ კვადრატშიც კი იყო პაწუკა ფანჯარა). გამოსახულება, რა თქმა უნდა, მკვეთრი არ იყო, მაგრამ თვალებში რომ ჩავხედე ქეთას, გავშეშდი. დიდ ხანს ვუყუერბდი. ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს. ისევ ტირილი მომინდა და იმწამსვე ავარიდე ქეთას მზერა. ამის შედეგ მხოლოდ თმის გასასწორებლად ან კარგად მოვლილ სახეზე გამოსულ ერთ ცალ მუწუკზე კბილის პასტის წასასმელად ვიხედებოდი „სარკეში“. 

პრაქტიკული რჩევა ნომერი ხუთი: გამოგონილ სარკეში დიდხანს არ იყუროთ. 

სუნის მეხსიერება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად მაქვს განვითარებული,  იქ  დამიბლაგვდა. მხოლოდ იმ საპნის სუნი თუ გამახსენებს საკან ნომერ რვას. 

დაცარიელდა საკანი. მოვიწყინეთ მეც და ლიამაც. პირველად დავუშვი და ვუთხარი ჩემს თავს, რომ სახლში მინდოდა. ძალიან მინდოდა. მომინდა სამზარეულოში ჯდომა და დედაჩემის გაკეთებული ყავა. მინდოდა ხმამაღლა დამეძახა – ლილეეე, და მინდოდა ლილეს ხმა გამეგო მისი ოთახიდან – ჰო, დე, რა იყო? მინდოდა ჩემი ძმის ოთახთან მისვლა და შეხედვა როგორ სძინავს და მინდოდა საყვედური მეთქვა – ლუკ, რამდენ ხანს უნდა გეძინოს?! და მინდოდა დედაჩემის ხმა – მოდი, მამიკო რეკავს !

 თან  შემრცხვა, შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცით, რა გამახსენდა? უჩა აბაშიძემ რომ კომიქსი გამოაგზავნა საკნიდან, რომელშიც ირაკლი მიმინოშვილი ანდრო ჭიჭინაძეს ეკითხებოდა

– “ანდრო, მითხარი რა, ხო მალე გავალთ ?” 

და კიდევ უფრო დავსევდიანდი, მაგრამ საკუთარ თავთან იმაზე წუწუნი, რომ სახლი და ოჯახი მენატრებოდა, შევწყვიტე.

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ზურაბ ცერცვაძე

ნაწილი IV

რკინის კარი, ტრადიციულად, ხმაურით იღება.
ქვედაბოლო, ჩექმა, მაისური, მანტო – აი, ამ ჩაცმულობით შემოდის საკანში თეკო ტაბატაძე-ტალახაძე. ხომ გახსოვთ, პირველი პრაქტიკული რჩევა რა იყო ? მაგრამ თეკო ასე საგანგებოდ გამოეწყო, ზუსტად იცოდა, რომ იზოლატორში მოდიოდა. რა ეგონათ მაგათ, რომ არ გამოვიპრანჭებოდიო? მომდევნო რამდენიმე საათი, სანამ უთასმო ტანსაცმელს და ბოტასს შემოუგზავნიდნენ, კი სციოდა, მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – მით უმეტეს, დიქტატურაში.

ახლა უკვე მე ვიყავი საკანი ნომერი რვის ყველაზე ძველი ბინადარი და ნინო ბ-ს საქმინობა პირნათლად გადმოვიბარე. მეც, ლიაც და თეკოც იზოლატორს 25 ოქტომბერს, ანუ შემდეგ დღეს  ვტოვებდით, ამიტომ  შაბათი დღის  ოთხ  საათამდე ყველაფერი დავამენეჯმენტე. ახალი თანამესაკნეები ერთდღიანი რუტინის მნიშვნელობაშიც კი დავარწმუნე, მაგრამ ექიმთან გასვლის რიტუალზე ხელი მიკრეს. ისეთი დაღლილები იყვნენ, უწამლოდაც ვერ მოასწრებდნენ ფიქრს. მე დაგეგმილ დროს გამიყვანეს ექიმთან, მაგრამ ლიას და თეკოს მაინც ჩემზე ადრე დაეძინათ – ტკბილად და თბილად(ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იზოლატორში გათბობაც კი ჩართეს).

მეც ჩამძინებია. რკინის კარის ისევ ხმაურიანი გაღების ხმამ გამომაფხიზლა. ოთხკაციან საკანს ვინ გააცივებდა, მით უმეტეს, რომ იმ დღეს უთვალავი ქალი დაიჭირეს „გზის უკანონოდ გადაკეტვის“ ბრალდებით. ნათია გოგავასაც ისე მოუკეტეს ზურგს უან კარი, როგორც ჩვენ ყველას. შეშინებული და ძალიან, ძალიან სევდიანი სახე ჰქონდა. გვიანი იყო. მეც, თეკოსაც და ლიასაც გაგვიჭირდა გამოფხიზლება, მაგრამ ნათიას, რომელიც შვილებზე და მოხუც მშობლებზე ნერვიულობდა, მარტოს ვერ დავტოვებდით. გავშალეთ „სუფრა“ და შემოვუსხედით მასთან ერთად.

რჩევა ნომერი ცხრა: იზრუნე სხვებზე.

პარასკევი, ანუ იზოლატორში ყოფნის ბოლო ღამე იყო ერთადერთი, როდესაც გათენებამდე ვერ დავიძინე. წამალმა აღარ იმოქმედა. ატარაქსს ემოციებმა სძლია. და  ფიქრებმა. ფიქრებმა არა საკუთარ თავზე, არამედ ჩემ წინ მჯდომ ნათიაზე, რომელმაც მისი ცხოვრების ისტორია მოგვიყვა. ვფიქრობდი ქალზე, რომელსაც ცხოვრებაში  უამრავი ტანჯვის და განსაცდელის გავლა მოუწია, მაგრამ ფეხზე მაინც მყარად დგას.  ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და ყოველი წამით ბედნიერია. იცით, რამდენი სადარდებელი აქვს? ვერც კი წარმოიდგენთ… მაგრამ მე არ მაქვს უფლება მისი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ვისაუბრო, ამიტომ დეტალებს არ მოვყვები.  და იცით ?! მძიმე წარსულის და აწმყოსი და უამრავი ყოფითი პრობლემის მიუხედავად ყოველდღე დგას რუსთაველზე! ყოველდღე! იმიტომ, რომ სჯერა და სწამს, რასაც აკეთებს. უნდა, რომ მისმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ.  და როცა საკუთარ ისტორიას გვიყვებოდა, მე მრცხვენოდა! უხ, როგორ ძალიან მრცხვენოდა ყველა იმ წუწუნისთვის, ყველა იმ დაღლისთვის, ყველა იმ დაზარებისთვის,  ყველა იმ დღისთვის, რუსთაველზე რომ არ მივედი და თავს დასვენების უფლებას ვაძლევდი, ყველა იმ წამისთვის, დეპრესიაში რომ გავატარე …..

ვიწექი და ვფიქრობდი ნათიაზე, ლიაზე, თეკოზე, ნინოებზე, ლარაზე, გვერდზე საკნებში მყოფ ბიჭებზე, ფოთში, მცხეთაში, რუსთავში, გლდანში მყოფ სინდისის და პოლიტპატიმრებზე. იმ ადამიანებზე, რუსთაველზე რომ დგანან ყოველდღე, იმ ხალხზე, რომ არ დაიღალნენ და დანებების პირი რომ არ უჩანს მათ ბრძოლას.
და გამეღიმა. 

თქვენ კიდევ არ იცით, რამდენი განსხვავებული ადამიანი ვდგავართ გვერდიგვერდ – განსხვავებული სოციალური წრიდან, განსხვავებული ოჯახური მდგომარეობით, განსხვავებული წარსულით, განსხვავებული პრობლემებით, განსხვავებული საფიქრალით და სადარდებლით, განსხვავებული სიხარულებით, განსხვავებული, განსხვავებული, განსხვავებული … და ყველას გვაქვს ერთი საერთო – ეს ქვეყანა. სამშობლო, რომელიც მიწა კი არა, ჩვენ ვართ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები.
ხალხი, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თავისუფლება ! 

გათენდა. 25 ოქტომბერია.

რკინის საწოლზე თორნიკე სხვიტარიძის  გაკეთებულ წარერას შევხედე – „ჩვენ გავიმარჯვებთ“, იქვე უცნობი  ავტორების მინაწერებს  – „გავიმარჯვებთ, არა რუსეთს“, „დიდება საქართელოს“, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი.
და სამუდამოდ (იმედია) გავშორდი საწოლს, რომელსაც ჩემი იქ ყოფნის კვალი ყოველთვის დაეტყობა – „ბ ო ლ ო მ დ ე“  K.TS.

ზუსტად ნახევარ საათში ეს კარი გაიღება და ზუსტად ერთ საათში ლილესთან ვიქნები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი