საზოგადოება

საგანგაშო სიგნალი სომალიდან

17 ნოემბერი, 2010 • 1972
საგანგაშო სიგნალი სომალიდან

სომალიში დატყვევებული 16 ბათუმელი მეზღვაურის გათავისუფლებაზე მოლაპარაკება მეკობრეებსა და გემთმფლობელებს შორის ჩიხში შევიდა. როგორც “ბათუმელებისთვის” წუხელ გახდა ცნობილი, მეკობრეებმა მეზღვაურებს განუცხადეს, რომ ცოტას დაიცდიან და თუ სასურველ თანხას ვერ მიიღებენ, მეზღვაურებს დახვრეტენ, გემს კი ჩაძირავენ.

მეზღვაურებზე ბოლო ინფორმაცია კრუინგული კომპანია “გრინვიჩის” ხელმძღვანელმა, სერგო დევაძემ “ბათუმელებს” წუხელ, გვიან ღამით, მოაწოდა: “მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. კომპანიის ადვოკატმა მეკობრეებს საბოლოო თანხა დაუსახელა _ რაოდენობა არ უთქვამთ _ ამის მეტის გადამხდელები არ ვართო. მეკობრეები მეზღვაურების დახოცვით და გემის ჩაძირვით იმუქრებიან”.

სერგო დევაძის თქმით, დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებას გეგმავენ, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვონ დახმარება.

ბათუმელი მეზღვაურები: მემედ ზაქარაძე (კაპიტანი), შალვა ვერძაძე, დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ ფარტენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, თემურ მახარაძე და გენადი ტიმოფეევი ორ თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფებიან.

კიდევ ერთი მეზღვაური, ოლეგ ნოდია კი ერთი კვირის წინ დაატყვევეს.

სერგო დევაძის ინფორმაციით, მეზღვაურთა მდგომარეობა ამჟამად მძიმეა: “რამდენიმე დღის წინ მეკობრეებმა დაკავებულებს უფლება მისცეს, სახლებში დაერეკათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, ნორმალურია, თუმცა პირობებია გაუსაძლისი. საკვები დიდი ხანია შემოელიათ. მეკობრეები მეზღვაურებს იმდენ საკვებს აწვდიან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. დაელიათ საწვავი, გემზე ანტისანიტარია უკიდურეს ზღვარს აღწევს”.

ცოტა ბრინჯი, თხის ხორცი და ერთი ჭიქა წყალი _ არის სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ბათუმელი მეზღვაურების დღიური ულუფა.

ბერძნული გემი _ “ოლიბ ჯი” მეკობრეებმა 8 სექტემბერს გაიტაცეს და მას შემდეგ გემთმფლობელებთან მოლაპარაკება გრძელდება. თავდაპირველად მეკობრეები გემის გამოსასყიდად 15 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, გემთმფლობელებმა კი 150 ათასი დოლარი შესთავაზეს.

“როგორც ხდება ხოლმე, თანდათანობით ორივე მხარე რაღაც თანხაზე შეჯერდება. გემთმფლობელებს გემი ჯართში ჩასაბარებლად მიჰქონდათ. მეზღვაურების სანაცვლოდ გემის დატოვება შესთავაზეს, მაგრამ მეკობრეებს გემის დატოვება არ აწყობთ. იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ეს პრობლემა გადაწყდება და ჩვენს ბიჭებს გამოუშვებენ”, _ განაცხადა “გრინვიჩის” ხელმძღვანელმა, სერგო დევაძემ, რომელმაც ამ გემზე დაასაქმა მეზღვაურები, მათ შორის თავისი შვილიც, რომელიც სხვა ქართველ მეზღვაურებთან ერთად მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. 11 ნოემბერს მეკობრეებმა კიდევ ერთი, ამჯერად ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომელზეც კიდევ ერთი ქართველი, ბათუმელი ოლეგ ნოდია მუშაობდა. გემი ინდოეთის ოკეანეში, ნაპირიდან 800 მილის მოშორებით, დააკავეს. მეზღვაურთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. თუ აქამდე მეკობრეები გემებს სომალის სანაპირო წყლებთან იტაცებდნენ, ამჯერად ისინი ღია ზღვაში გავიდნენ.

პრაქტიკის მიხედვით, სომალელ მეკობრეებთან კავშირზე გასვლა ვერც ერთმა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ მოახერხა. ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო რამდენიმე სეპარატისტული ანკლავი სარგებლობს და არსებობს უკონტროლო ტერიტორიები, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებული ფორმირებები. ისინი სწრაფი კატარღებით შეიარაღებულები თავს ესხმიან სავაჭრო გემებს, ადიან გემბანზე და ეკიპაჟს იარაღით დამორჩილებას აიძულებენ. გემები სომალის სანაპირო წყლებში მიჰყავთ და გემთმფლობელებს აიძულებენ, გამოსასყიდის გადახდას.

არსებული მდგომარეობის გამო, ორი წლის წინათ სომალელი მეკობრეების საკითხი ნატოს ერთ-ერთ სამიტზე დაისვა. განიხილეს სომალის სამხედრო ინტერვენციის საკითხიც, რომელიც მოგვიანებით უარყვეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად ამჟამად წითელი ზღვისა და ინდოეთის ოკეანის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკის მე-6 სამხედრო ფლოტი იმყოფება. მეკობრეებისგან თავის დასაცავად იქმნება ქარავნები, რომლებსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამხედროები გაჰყავთ სამშვიდობოს.

“ზოგიერთი კომპანია რისკავს და ქარავნის გარეშე მიდის. “ოლიბ ჯი” ქარავანში იყო. ქარავანში გემს ათი კვანძი სიჩქარე მაინც უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩამორჩეს. ამ გემს მხოლოდ რვა კვანძი ჰქონდა. მასთან ერთად კიდევ ორი გემი ჩამორჩა ქარავანს და სამივე მეკობრეებმა დაატყვევეს”, _ აცხადებს დევაძე.

მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, ანატოლი ჩიჯავაძე ამბობს, რომ მეკობრეების პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება: “არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას აწყობს მათი იქ თარეში. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირმა ამასთან დაკავშირებით შეიმუშავა პეტიცია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს გადაუგზავნა. პეტიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია”.

ჩიჯავაძის თქმით, საზღვაო კომპანიები მეკობრეების პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალურად უნდა მოემზადონ: “ერთმა რუსულმა ეკიპაჟმა მეკობრეების გემბანზე ასვლისას მოახერხა შიგნიდან ჩაკეტვა, ისე, რომ მეკობრეებმა მეზღვაურთა დატყვევება ვერ შეძლეს. ამასობაში სამხედროებმა მოუსწრეს. როცა შეიარაღებულ ხალხს მეზღვაურები ტყვედ აჰყავთ, სამხედროები მერე აღარ ამწვავებენ მდგომარეობას, რადგან მეკობრეებმა ტყვეები შეიძლება დახოცონ”.

ყველაზე დიდი თანხა, რაც კომპანიას მეკობრეებისთვის ოდესმე გადაუხდია, შვიდი მილიონი დოლარია _ ეს თანხა ბერძნულმა “მარან ცანტაურუსმა” გადაიხადა. ტანკერზე მაშინ 150 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი იყო. გემი ტყვეობაში 225 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ოფიციალური განცხადებით, მთავრობა ამ საკითხზე საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს მეშვეობით მუშაობს.

სერგო დევაძის განცხადებით კი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობა უძლურია: “რაც არ უნდა მოინდომოს, ვერაფერს გააკეთებს, გარდა გამოსასყიდის გადახდისა. როგორც წესი, ამაში სახელმწიფოები არ ერევიან”.

არაოფიციალური მონაცემებით, სომალიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მეზღვაური იმყოფება ტყვეობაში.

Image 2593
Image 2593

მასალების გადაბეჭდვის წესი