4 ოქტომბრის საქმეზე დღეს კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. სულ დაკავებულია 62 ადამიანი.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა.
„დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის, ჯამში, დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი —სამართალდამცავებზე ძალადობა“, — განაცხადა გელაძემ.
უცხოეთში მყოფი 2 ადამიანს შორის, ვის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ერთ-ერთი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია. გელაძის თქმით, მას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ბრალდება.
„სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, ძალიან მძიმედ. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათ მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, — განაცხადა გელაძემ და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.
„უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“, — თქვა გელა გელაძემ.
მან სასაცილო უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ათონელის სასახლის ეზოს ჭიშკარი სპეციალურად იყო დაზიანებული.
„უხერხულია კიდეც ამაზე საუბარი და სასაცილოც არის, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად დამატებით ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით ასეთი დავსვით — ჭრის კვალი ჰქონდა თუ არა ჯებირებს და რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა ის დაზიანებები, რაც არის და ჭრის კვალი არ აღენიშნება“, — დასძინა გელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულთა ინიციალებია: თ.ქ., გ.ტ., დ.გ., მ.მ., ი.ღ., ა.თ., ა.ვ., გ.კ., გ.თ., გ.ჟ., დ.ღ., კ.ჭ., მ.თ., რ.ჯ., ს.მ., ჯ.თ. უცხოეთში მყოფი ორი პირი კი ირაკლი შაიშმელაშვილი და ა.უ. არიან.
აქტივისტებისთვის ცნობილია 10 დაკავებულის ვინაობა, 6-ს ეძებენ.
კერძოდ, 16 ოქტომბერს დაკავებულთა შორისაა:
- მარიამ მეყანწიშვილი
- სიმონ მახარაძე
- დავით გიუნაშვილი
- გიორგი ტალახაძე
- დათო ღურწკაია
- თემურ ქურციკიძე
- მიხეილ თოლორაია
- გია თოლორაია
- კახა კვაჭანტირაძე
- გენადი კეხილაშვილი
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირი დააკავეს. მათგან მხოლოდ 2-ს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და გრაფიკულ დიზაინერს, ია დარახველიძეს შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და გაათავისუფლეს. დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დაკავებული არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.








