ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია (მოკლე სიაში).

16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ასევე პატიმარი ჟურნალისტი ბელარუსიდან ანდჟეი პოჩობუტი. მზია და პოჩობუტი ნომინაციაზე ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა (EPP) წარადგინა.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ფინალისტების მოკლე სიაში შედიან:

  • “პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის”- ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან
  • ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
  • სერბი სტუდენტები.

განცხადების მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება 22 ოქტომბერს, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტების კონფერენციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.

სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. სახაროვის პრემიის ჯილდო 50 000 ევროა.

მზია ამაღლობელის ნომინაციას გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხებში პარლამენტის მუდმივი მომხსენებელი და ნომინაციის თანაინიციატორი რასა იუკნევიჩიენე.

„მზია ამაღლობელი არა მხოლოდ მამაცი ჟურნალისტია. ის მთელი ქართველი ერის სიმბოლოა, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ამჟამინდელ მღელვარე დროში ის ყველას გვიგზავნის მესიჯს: „იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანებმ.

ნომინაციას ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე საგარეო საქმეთა საკითხებში ანდჟეი ჰალიცკი.

„ ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი ერთად წარმოადგენენ ერთი და იმავე ბრძოლის ორ ფრონტს – სიმართლის, ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას კრემლის მიერ დაფინანსებული ტირანიის წინააღმდეგ. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თანამემამულეების  და ჩვენი თავისუფლებისთვის.

მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს: ჟურნალისტები, რომლებმაც სინდისი აირჩიეს შიშის ნაცვლად, სამართლიანობა დუმილის ნაცვლად. ბელარუსიიდან საქართველომდე, უკრაინიდან მოლდოვამდე, მათი გამბედაობა ეხმიანება მთელ რეგიონში, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის ჩაგვრისა და რუსეთის იმპერიული გავლენის ჩრდილში.

პოჩობუტისა და ამაღლობელის პატივისცემა ორი შესანიშნავი ადამიანისადმი პატივისცემაზე მეტია – ეს არის სოლიდარობის განაცხადი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავისუფლებას რისკავს დემოკრატიისა და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ევროპა დგას“, – განაცხადა ანდჟეი ჰალიცკიმ.


საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობების უფლებებს. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს. ევროპარლამენტის თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია წარადგინოს კანდიდატები, ისევე როგორც ცალკეულ ევროპარლამენტარებს (თითოეული კანდიდატისთვის საჭიროა მინიმუმ 40 ევროპარლამენტის მხარდაჭერა). სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული არიან ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.

ავტორი: ნინა სიგუა