დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო უბნები გაიხსნა და  დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.   დღეს  საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 04 ოქტომბერი, თბილისი. ფოტო: ნეტგაზეთი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ცესკო იუწყება, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე  ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი. აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება. რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით  ტარდება, ხოლო 777 უბანზე  კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

“აქვე შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია”, – აცხადებს ცესკო.

ცესკო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს ამომრჩევლებს.

ივანიშვილი საარჩევნო უბანზე დილითვე მივიდა ოჯახთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ფოტო: ნეტგაზეთი

“კითხვებს არ ვპასუხობ, მხოლოდ განცხადებას გავაკეთებ”, – განაცხადა მან  ჟურნალისტებთან არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

“13 წელია, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება გახლავთ ის, რომ როგორც “ოცნების” წარმომადგენლებმა, ისე საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, თეთრის შავისგან გარჩევა”- განაცხადა ივანიშვილმა.
ამის შემდეგ მან უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვები. ის საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ეკატერინე ხვედელიძე
ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა, ფოტოზე: ბერა ივანიშვილი ცოლტან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი

არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.  მოქალაქეები 16.00 საათზე აპირებენ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. დაგეგმილია საპროტესტო მარშიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე.