გაათავისუფლეს დავით გრძელიძე, რომელმაც 15 სექტემბერს, საზმაუს მარშის მონაწილეებთან დაპირისპირებაში იარაღი ამოიღო.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იარაღი პნევმატიკური იყო და დაკავებული გათავისუფლდა. სხვა კითხვებზე უწყებაში არ პასუხობენ.

პარალელურად, ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას კითხვები აქვს ლევან ჯობავასთან, რომელმაც გრძელიძეს იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა.

ჯობავა სასამართლოში 18 სექტემბერს გამოიკითხა. მისი თქმით, დაუსვეს მაპროვოცირებელი კითხვები, რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისკენ უბიძგებდა. ეკითხებოდნენ, მან ხომ არ მიაყენა შეურაცხყოფა ან იძალადა.

„უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის. არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატურია. გამოძიება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით [ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება], რაც, დიდი ალბათობით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება. თუმცა, ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძველი თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით. გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმის ფარგლებში ისევ დაგვიბარებენ“, — წერს ლევან ჯობავას ადვოკატი მარიამ ჯიქია.

ლევან ჯობავა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მას დააკავებენ.

„იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია. მე გავანეიტრალე და მე „მაკაჩავა“ პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა! არც ცემის შემშინებია, არც გაშავების და არც დაკავების! ქოცებს ისეთი ხალხი ჰყავთ უსამართლოდ დაჭერილი, არაფერი გამიკვირდება და პატივიც იქნება!“, — წერს ჯობავა სოციალურ ქსელში.

ინციდენტი 15 სექტემბერს მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალი მარშის მონაწილეების თქმით, მათ რამდენიმე პირი აედევნა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლევან ჯობავა ამბობს, რომ აქციის სხვა მონაწილესთან ერთად, ერთ-ერთ მათგანს [დავით გრძელიძეს] გაეკიდა, გრძელიძემ კი იარაღი დაუმიზნა. ჯობავამ, თანმხლებ პირთან ერთად, დავით გრძელიძეს იარაღი წაართვა და ის პოლიციას გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 სექტემბრის პრესრელიზში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული „ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას“.

„აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია შსს-ს 15 სექტემბრის განცხადებაში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის გაათავისუფლეს დაკავებული. უწყების ცნობით, დავით გრძელიძე 2009 წელს არის დაბადებული და არასრულოვანია.

გარეკანის ფოტო: პუბლიკა