საზოგადოება

ვანო მერაბიშვილის დედა 2010 წლის „ეტალონი დირექტორია“

15 ნოემბერი, 2010 • 1326
ვანო მერაბიშვილის დედა 2010 წლის „ეტალონი დირექტორია“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დედა 2010 წლის ეტალონი დირექტორი გახდა.  

ეტალონი –დირექტორი ხარისხის ახალი  ნიშანია. გადაცემა ეტალონი ამ ნიშნის ავტორიც და გადამცემიც თავად არის.

ხოლო პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი დირექტორი, რომელსაც ეტალონი–დირექტორის სტატუსი მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილი–მერაბიშვილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ახალციხეში ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორია.

თუმცა, ამიერიდან არა მხოლოდ დირექტორი, არამედ – ეტალონი–დირექტორი.

გადაცემა ეტალონი, სხვადსხვა დროს სხვადასხვა არხზე გადიოდა. დღესდღეობით იგი ტელეიმედის ეთერში გადის. გადაცემაში სკოლის მოსწავლეები დასმულ კითხვებზე პასუხს სცემენ, ამ გზით ისინი ქულებს აგროვებენ. საუკეთესო ქულების მქონე კი ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლედ სახელდება.

გადაცემა ეტალონის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ ეტალონი–დირექტორის კანდიდატურას, სრულიად დამოუკიდებლად, სტუდენტთა ხუთკაციანი ჯგუფი არჩევს.

აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიის, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და თბილისის ეკონომიკის ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტები, თავბერიძის თქმით, ეტალონ დირექტორს არჩევენ.

კითხვაზე, თუ საიდან აქვთ სტუდენტებს ინფორმაცია სკოლის დირექტორების საქმიანობის შესახებ, თავბერიძე გვპასუხობს, რომ ეტალონის  შემოქმედებითი ჯგუფი და სტუდენტები ადგილზე ჩადიან კანდიდატ სკოლებში,  ეცნობიან იქ არსებულ მდგომარეობას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.

თავბერიძე ჟენია თუმანიშვილის ეტალონ დირექტორად დასახელების ორ მიზეზს გვაცნობს:

  1. სკოლის აქტიური ჩართულობა გადაცემა ეტალონში;
  2. სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

„საგანმანათლებლო–აღმზრდელობით სფეროში გაწეული ღვაწლისა და  განსაკუთრებული  დამსახურებისთვის“, – ეს ის სიტყვებია, რომლებიც გადაცემის წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ჟენია თუმანიშვილის სახელისა და გვარის გამოცხადებამდე, საზეიმოდ წარმოთქვა ეთერში.

ჟენია თუმანიშვილი, რომელსაც ნეტგაზეთი დაუკავშირდა, წარმატების შესახებ ასე საუბრობს:

„ჩვენ სკოლაში საქართველოს მასშტაბით არის ინფრასტრუქტურა ძალიან მოწესრიგებული, გათბობა, სპორტ–დარბაზები, კარგი სასადილო, გახანგრძლივებული ჯგუფები, ცეკვის და სიმღერის ჯგუფები“.

კითხვაზე, თუ რა ფინანსებით ხდება სკოლის ინფრასტრუქტურის გამართვა და  არის თუ არა საკმარისი სკოლის მოწესრიგებისთვის მისი ვაუჩერული დაფინანსება, ეტალონი დირექტორი გვპასუხობს:

„ვეძებ ფულს. დირექტორის ერთ–ერთი პრიორიტეტი ის არის, რომ  სპონსორები მოიძიოს. ფინანსურად არ გვიჭირს“.

ფულის მოძიების გზა კი არც ისე ცოტაა.

აი, მაგალითად:

„30 წლისთავი გვქონდა სკოლის და მოვიწვიეთ გუბერნატორები, ჩვენი მუნიციპალიტეტი დავპატიჟე. კარგი ღონისძიება გვქონდა. მეუფე თევდორეც მყავდა და სულ აკანკალებდნენ, რომ ასეთი რაღაც ზღაპარშიც არ იქნებაო. მერე კარგი პურმარილი გავუშალე. ზოგმა რაღაც შემპირდა, ზოგი ლამინატს მიგებს,ზოგი რაღაცას მჩუქნის“.

თუმანიშვილი ამბობს, რომ მისი სკოლის მოვლა–მოწესრიგებაში მთელი რაიონია ჩართული.

„ზოგი ფულს მოიტანს, ზოგი ფიზიკურად მუშაობს“.

დარბაზები და სასადილო გაქირავებული აქვთ.

„სასადილოს გაქირავებაზე ტენდერი გამოვაცხადე და ვინც მეტი ფული მომცა, იმას მივაქირავე“.

ახალციხის მეხუთე სკოლას ბანკში თავისი ანგარიში აქვს. ეტალონი დირექტორი ამბობს, რომ შემომწირველები სწორედ იქ რიცხავენ ფულს, რომელიც შემდგომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება.

„ფული ბანკში ჩვენ პირად ანგარიშზე შემოდის. ფული დამალული არა გვაქვს. ოღონდ გარდა იმისა,რომ მოდიან და გვჩუქნიან რაღაცებს, იმას ვერ ვაფიქსირებ“.

გადაცემის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ამბობს, რომ დირექტორებისთვის ეტალონის ხარისხის მინიჭება იშვიათად მოხდება.

„ასეთი ფაქტები იქნება, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს თავბერიძე.

მისი თქმით, თუმანიშვილთან ერთად, სხვა კანდიდატებიც იყვნენ, რომელთა შორის საუკეთესოდ ახალციხის სკოლის დირექტორი დაასახელეს.

კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, გადაცემის პროდიუსერი ამბობს, რომ ამ საკითხზე სხვა ჯგუფი მუშაობს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი